დიკასტერია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. dikasterion – სამსჯავრო, მსაჯულნი), 1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძვ. ათენში, იგივე ჰელიეა 2. ქართლ-კახეთის სამეფოში საკათოლიკოსოსთან არსებული უმაღლესი ადმ.-სასამართლო ორგანო. დააარსა ანტონ I-მა XVIII ს. 70-იან წლებში. განაგებდა საეკლ. ხასიათის ყველა საქმეს. სას. მმართველობასთან ერთად სასამართლო ფუნქციებსაც ასრულებდა. დ. კოლეგიური ორგანო იყო და ზოგჯერ „დიკასტერიის შეკრებულობადაც" იწოდებოდა. წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა 11 კაცს, რ-ებიც პერიოდულად მონაწილეობდნენ დ-ის საქმიანობაში. სადავო საქმეებს დ. ძირითადად 3, ზოგჯერ 5 წევრის შემადგენლობით არჩევდა. ჰყავდა მდივანიც, ე. წ. „მწიგნობარწინამძღვარი". დ-ის მთავარი საზრუნავი იყო სარწმუნოების შეურყვნელად დაცვა. იგი ავლენდა და ებრძოდა „სჯულგარდამავალ" დარღვევებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, განიხილავდა განქორწინების, ჯვარდაუწერელი მეუღლეებისა და შვილად აყვანის საქმეებს, ეკლესია-მონასტრების ქონებაზე დავას და სხვ. საქმეთა განხილვისას ხელმძღვანელობდა საეკლ. კანონ-წესებითა და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულით. დ-ის სამოქმედო ტერიტორია კათოლიკოსის სამწყსოთი შემოიფარგლებოდა.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ა მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1 (ქართლ-კახეთის სამეფო), თბ., 1970. მ. კეკელია.