დიმიტრიადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ო. დიმიტრიადი.
ო. დ ი მ ი ტ რ ი ა დ ი სადირიჟორო პულტთან.

ოდისეი აქილევსის ძე [24. VI (7.VII). 1908, ბათუმი, – 27. IV. 2005, თბილისი, დაკრძალულია თბილისის ოპერის ბაღში], დირიჟორი და პედაგოგი. საქართვ. (1950) და სსრკ (1958) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). თბილ. საპატიო მოქალაქე (1980). 1930 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით (მ. ბაგრინოვსკისა და ს. ბარხუდარიანის ხელმძღვანელობით). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოხუმში, წერდა მუსიკას სოხუმის ბერძნ. დრამის თეატრისათვის, ასევე საფორტეპიანო და საორკესტრო პიესებს. 1933–36 ლენინგრადის კონსერვატორიაში გაიარა სადირიჟორო კურსი (ა. გაუკისა და ი. მუსინის ხელმძღვანელობით). 1937–47 დ. მუშაობდა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დირი- ჟორად (ე. მიქელაძის მიწვევით), 1952–65 და 1973–75 კი – მთ. დირი- ჟორად. 1965–73 სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი, 1937–41 და 1957 – 95 თბილ. კონსერვ. პედაგოგი იყო (1937-იდან – პროფესორი). ხელმძღვანელობდა სადირიჟორო კლასს. მისი მოწაფეები იყვნენ: ჯ. კახიძე, თ. ჯაფარიძე, რ. ტაკიძე, ა. მამაცაშვილი, გ. მუნჯიშვილი, ტ. დუგლაძე, ი. დადიანი, ნ. დავითაშვილი, დ. მუქერია, ა. ხაკბა, თ. ჭუმბურიძე, ვ. გურევიჩი და სხვ. 1947–52 იყო საქართვ. სახელმწ. სიმფონიური ორკესტრის მთ. დირიჟორი, 1968- იდან – მოსკ. კონსერვ. პედაგოგი, 1987-იდან – ქუთაისის საოპერო თეატრის დირიჟორ-კონსულტანტი. დ. იყო დიდი არტისტული დიაპაზონისა და ტემპერამენტის დირიჟორი. ვრცელია მისი საოპერო და სიმფ. რეპერტუარი (კლასიკური რუს. და დასავლეთ ევროპული, აგრეთვე თანამედროვე რუს. და საზღვარგარეთული მუს. ნაწარმოებები). დ-ს განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის ქართვ. კომპოზიტორთა ქმნილებების პროპაგანდაში. მისი დირიჟორობით პირველად აჟღერდა ქართ. ოპერები: ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი" (1940), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა" (1961), ო. თაქთაქიშვილის „მინდია" (1961), აგრეთვე ა. მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო" (1958) და მრავალი სიმფ. ნაწარმოები – ა. ბალანჩივაძის I (1944), II (1959), III (1980) და IV (1984) სიმფონიები; ა. მაჭავარიანის I სიმფონია (1947) და სავიოლინო კონცერტი (1950); ო. თაქთაქიშვილის I (1949), II (1954) სიმფონიები და I საფორტეპიანო კონცერტი (1951); შ. მშველიძის III სიმფონია „სამგორი" (1952); ორატორია „კავკასიონი" (1949); ამ ნაწარმოებებიდან ზოგიერთი შესრულდა საზღვარგარეთ, მ.შ. სსრკ მრავალ ქალაქში. დ-ის ხელმძღვანელობით თბილ. ოპერის სცენაზე დადგმულია არაერთი სპექტაკლი – ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი" (1953), ა. კერესელიძის „ბაში აჩუკი" (1956), ნ. რიმსკიკორსაკოვის „მეფის საცოლე" (1939), პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი" (1953) და „ორლეანელი ქალწული" (1957), ჯ. პუჩინის „ბოჰემა" (1945) და „ჩიო-ჩიო-სანი" (1956), პ. მასკანის „სოფლური ღირსება" (1959), გ. დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური" (1963), ე. სუხონის „კრუტნიავა" (1959), ს. პროკოფიევის „სემიონ კოტკო" (1964), კ. დანკევიჩის „ბოგდან ხმელნიცკი" (1954) და სხვ. დ. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის (ევრ. და ამერიკის) ქვეყნებში. 1958 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად გამოდიოდა ლათ. ამერიკის ქვეყნებში. 1960-იდან დ. ოპერების დირიჟორად და მუს. ხელმძღვანელად არაერთხელ იყო მიწვეული მექსიკაში, არგენტინაში, საბერძნეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, ბულგარეთში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1996). ა. წულუკიძე.