დიმნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდ. სოფ. დიმის მახლობლად (ბაღდათის მუნიციპალიტეტი). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, დ. აუშენებია მეფე ფარნავაზს შორაპნის ციხესთან ერთად. მასვე უკავშირებს დ-ის აგებას ვახუშტი ბატონიშვილიც (XVIII ს.). დ. უნდა ყოფილიყო რეგიონის („ქვეყნის") ცენტრი და სტრატეგიული პუნქტი, რ-იც მდებარეობდა მნიშვნელოვან გზათა შესაყართან. იგი აკონტროლებდა, ერთი მხრივ, ხანისწყლის ხეობას, რ-იც „რკინისჯვრის" გზის მეშვეობით ფაზის-რიონის ხეობას უკავშირდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, „ციხის ყელზე" გავლით, ქართლთან დამაკავშირებელ გზას. დ. მცირე ზომის ნაგებობაა (40 ×20 ) . შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკი და ზღუდის ნაშთები, რ-ებიც წყობის მიხედვით ადრინდ. შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს, ხოლო ციხის გარეთ გათხრებით გამოვლენილი რიყის ქვის კედელი ელინისტური ხანის მიწურულს (ძვ. წ. II–I სს.) მიეკუთვნება. ბორცვი, რ-ზედაც ციხეა აშენებული, ძვ. ნამოსახლარს წარმოადგენს. იგი ხელოვნური თხრილით არის გამოყოფილი ფერსათის კალთისაგან და დატერასებულია. ბორცვზე მოპოვებული არქეოლ. მასალები წინარეანტიკურ ხანას განეკუთვნება. დ-ის მიდამოებში 1974 ჩატარდა მცირე მასშტაბის დაზვერვითი არქეოლ. სამუშაოები (ხელმძღვ. ვ. ჯაფარიძე).

''ლიტ'': ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი გ., ანტიკური ხანის შორაპნის საერისთავოს საკითხისათვის, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1964, [ტ.] 2. ვ.ჯაფარიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დიმნა&oldid=2050-დან“