დინარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერეთის დედოფალი (დაახლ. X ს. 40–60-იანი წწ.), ადარნასე პატრიკის ცოლი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა (კლარჯეთის შტო) სახლის წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ასული. მისი ძმა იყო გურგენ IV, დიდი ერისთავთერისთავი, მაგისტროსი (გ. 941). როდესაც ჰერეთის სამეფო ტახტზე დ-ის შვილი იშხანიკი ავიდა, დ. მისი თანამმართველი გახდა. დ-ს მოღვაწეობის ხანა ერთერთი ბრწყინვალე ფურცელია ჰერეთის ისტორიაში. ქართ.- სომხ. საისტორიო წყაროები დ-ის ჰერეთში მმართველობის პერიოდს უკავშირებენ ჰერთა საბოლოო „მოქცევას" მონოფიზიტობიდან დიოფიზიტობაზე (ქალკედონური მრწამსი). ამ დიდმნიშვნელოვანი აქტის განხორციელება დ-ის მიერ წარმოებული ბრძნული და შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგი იყო. სამსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ ჰერეთში დიოფიზიტობის გამარჯვება იმას მოასწავებდა, რომ ეს ქვეყანა კულტ.-პოლიტიკურად, ორგანულად და მტკიცედ იყო დაკავშირებული ქართლთან. ''წყარო'': ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955. ''ლიტ'': პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970. თ.პაპუაშვილი.


დინარი

(ლათ. Denarius – დენარი), ოქროს მონეტა არაბულ სამონეტო სისტემაში. თავდაპირველად დ . ბიზანტიის იმპ. ჰერაკლეს ოქროს მონეტის ასლი იყო. არაბი ხალიფას აბდ-ალ-მალიქის სამონეტო რეფორმის (695–697) შემდეგ დ-მა სახე იცვალა და მუსლ. იერი მიიღო. შუბლსა და ზურგზე გამოსახულია რელიგ. ფორმულები და მოჭრის თარიღი. VII ს. ბოლოსათვის დ-ის მასა იყო 4,25 .

''ლიტ'': ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9); S c h r ö t t e r F., Wörterbuch der Münzkunde, B., 1930. ი.ჯალაღანია.