დიონისე ჰალიკარნასელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dionysios ho Halikarnasseus), ძვ. წ. I საუკუნის ბერძენი რიტორი და ისტორიკოსი. ძვ. წ. 30-იდან ცხოვრობდა რომში, სადაც რიტორიკას ასწავლიდა. იყო პატრიციული რომის აპოლოგეტი. მისი მთავარი ნაშრომია „რომის სიძველეთამცოდნეობა", რ-იც 20 წიგნისაგან შედგება: I–X სრულადაა ჩვენამდე მოღწეული, XI ნაკლულია, XII– XX მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა დაცული. დ. ჰ. ცნობილი იყო თეიმურაზ ბატონიშვილისთვის („განმარტება ვეფხისტყაოსნისა"). დ. ჰ-ის შემოქმედებაში საქართველოს ისტ. თვალსაზრისით საინტერესოა ბერძნ. მითოლოგიის პერსონაჟ გრძნეულ კირკესთან დაკავშირებული ეპიზოდები, რ-თა თანახმადაც კირკეს შთამომავლები რომაული ქალაქების დამაარსებლები და ეპონიმები არიან (ავტორისათვის ცნობილ ხალხთა ურთიერთობანი ასახულია ნათესაური კავშირების საშუალებით). საყურადღებოა, რომ ნახსენები და დახასიათებული არიან მოსინიკები და აქაველები. დ. ჰ-ის ცნობით, ადგილ. მოსახლეობა საცხოვრებელს „მოსინს" უწოდებს და თვით ტომსაც ამის მიხედვით „მოსინიკი" ჰქვია. „მოსინი" არის კოშკის მსგავსი ნაგებობა, მაღალი ხის ძელებით გარშემორტყმული ადგილი, სადგომი, გალავანშემოვლებული ნაგებობების კომპლექსი. ცნობას მნიშვნელობა აქვს ანტ. ხანის სამოსახლოს ტიპის შესასწავლად. დ. ჰ-ის აზრით, პონტოსპირეთში მცხოვრები აქაველები ბარბაროსულ გარემოში მოხვედრილი და ზნეგამოცვლილი ელინები არიან. როგორც ჩანს, ავტორმა მისთვის კარგად ცნობილი ბერძნების სახელს – აქაიოის (Achaioi) დაუკავშირა ბერძნ.- რომაული წყაროს მიხედვით პონტოსპირეთში ცნობილი ტომის სახელიაქაიოი (Achaioi).

''პუბლ'': ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [ტ.] 3, თბ., 1976 (გარეკანზე: 1977); Dionysius of Halicarnasseus Roman Antiquities, Camb., 1947–56 (Loeb Classical Library). თ.ყაუხჩიშვილი.