დიოფიზიტობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. dyo – ორი და physis – ბუნება), მიმდინარეობა ქრისტიანულ რელიგიაში. როგორც დოქტრინა გაფორმდა ქალკედონის საეკლ. კრებაზე 451 (აქედან დ-ის მეორე სახელწოდებაა ქალკედონელობა), სადაც ნიკეის საეკლ. კრების (325) და კონსტანტინოპოლის საეკლ. კრების (381) სარწმუნოების სიმბოლომ ახ. ქრისტოლოგიური განსაზღვრა მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური, ამ უკანასკნელი ბუნებით ქრისტე ადამიანთა თანაარსია, ცოდვათა გარეშე. დ. ყალიბდებოდა ევტიქელობასთან ბრძოლაში, რ-ის მიმდევრებს ქალკედონელებმა მათთვის შერქმეული დიოფიზიტების საპირისპიროდ მონოფიზიტები ("ერთბუნებიანები") უწოდეს (იხ. მონოფიზიტობა). ქართ. ეკლესია დვინის საეკლესიო კრებაზე (506) ჩაება მსოფლიო ეკლესიაში მიმდინარე ქრისტოლოგიურ პოლემიკაში და მონოფიზიტებთან შემრიგებლური პოზიცია დაიკავა იმპ. ზენონის (474–491) "ჰენოტიკონის" (482) (ბერძნ. "ერთობის ფორმულა") საფუძველზე. VII ს. დამდეგიდან ქართ. ეკლესიის მრწამსი უკვე დიოფიზიტურია. ზ ალექსიძე.