დიპლიპიტო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიპლიპიტო.

სამხრეთ კავკასიაში ფართოდ გავრცელებული აღმოსავლური წარმოშობის დასარტყამი საკრავი. შედგება გამომწვარი თიხისგან დამზადებული სხვადასხვა სიგანისა და ერთი სიმაღლის ორი პატარა ქოთნისაგან (ქილა), რ-ებზეც გადაკრულია თიკნის ტყავი ან ხარის ფაშვის ბუშტი. ქოთნები ერთმანეთზე თასმითაა გადაბმული. მათი სიმაღლეა 200 – 250 მმ , დიამეტრი პატარისა – 90 მმ, დიდისა – 170 მმ. შევიწროებული ძირის დიამეტრია 25 – 50 მმ. გარედან ნაირფერადაა მოხატული. დ-ს უკრავენ ხის ორი პატარა ჯოხით, „თხის ფეხუნებით". დ-ს რაკრაკა ხმოვანება ახასიათებს. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის დაჭიმვა უნდათ, ქოთნებს მაყალზე ათბობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დ. უმთავრესად საანსამბლო საკრავია. პროფესიულ ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ- ივანოვმა („კავკასიურ ესკიზებში", 1894). დ. გამოიყენა არაყიშვილმა ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე", რ. გლიერმა – „შაჰ-სენემში" და სხვ. გ.ჩხიკვაძე.




დიპლიპიტო

დასურათებული იუმორისტული და ლიტერატურული ალმანახი. გამოვიდა 2 თორმეტგვერდიანი ნომერი 1909 თბილისში. გამომც. – ე. გორდელაძე. კარიკატურები ეკუთვნის კ. როტერს.