დირექტიული ეკონომიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ - მ ბ რ ძ ა ნ ე ბ ლ უ რ ი ე კ ო ნ ო მ ი კ ა, გეგმიანი ეკონომიკა – ეკონომიკის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ძირითადად XX ს. დასაწყისში ჩამოყალიბდა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ,,დირექტივა“ (ინგლ. directive – სახელმძღვანელო მითითება), რაც ეძლევა ზემდგომი (ცენტრალური) მმართველობითი ორგანოსადმი დაქვემდებარებულებს. დ. ე. იმართება ცენტრალიზებულად, ადმ.-მბრძანებლური მეთოდებით, ცენტრ. მთავრობის დირექტივებისა (გადაწყვეტილებების) და ღონისძიებათა საფუძველზე. ამგვარი ეკონომიკის ყველაზე ტიპურ ფორმად წარმოგვიდგება ყოფ. სოციალ. ქვეყნების, პირველრიგში სსრკ ე.წ. ერთიანი სახ.- სამეურნ. კომპლექსი. დ. ე. საბაზრო, დეცენტრალიზებული, ძირითადად საბაზრო მექანიზმით რეგულირებადი ეკონომიკის ანტიპოდია. ამასთან, დირექტიული მეთოდების შეზღუდული გამოყენება უცხო არაა საბაზრო ეკონომიკის დროსაც. ასევე საბაზრო ეკონ. ბერკეტები გარკვეული მასშტაბით გამოიყენება დ. ე-ის პირობებში. ამრიგად, წმინდა სახით არც დირექტიული, არც საბაზრო ეკონ. არ არსებობს. დ. ე-ის ძირითადი ნიშნებია: 1. წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების დომინირება, უმთავრესად სახელმწ. საკუთრების ფორმით. ფორმალურად არსებობს საკუთრების პლურალიზმი – სახელმწიფო, კოოპერაციული (საკოლმეურნეო) და პროფკავშირული საკუთრება, მაგრამ ეს უკანასკნელნი სახელმწ. საკუთრების შინაარსს ატარებენ. მოქალაქეებს წარმოების საშუალებები საკუთრებაში არ გააჩნიათ, გარდა მცირე ინვენტარისა. მათი ქონება და შემოსავლები განიხილება პირად საკუთრებად. 2. ერთიანი დირექტიული, ყოვლისმომცველი გეგმიანობის, როგორც დირექტიული მართვის ცენტრ. რგოლის, არსებობა. ამგვარი დაგეგმვა (გეგმა) ატარებს სავალდებულო ხასიათს ქვეყნის ეკონ. ყველა რგოლისათვის, გარდა საოჯახო მეურნეობისა. გეგმები წარმოადგენს დავალებას, დირექტივას, რ-თაც კანონის ძალა აქვს მინიჭებული. მათი შესრულება ყველა ეკონ. სუბიექტის მოვალეობაა. 3. ფასები, ე. წ. საკოლმეურნეო ბაზრების გამოკლებით, დგინდება სახელმწ. მიერ არა საბაზრო კანონების, არამედ დანახარჯების წესით (თვითღირებულება პლუს მოგება), ასევე ხელისუფლების იმპერატივების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში საერთოდ, უგულებელყოფილია ეკონ. კანონები და ეკონ. ბერკეტები. ისინი გამოიყენება შეზღუდულად, სახელმწიფოს ძალადობრივი ზეგავლენის პირობებში. 4. სახელმწიფოსა და მისი ორგანოების მიერ ხორციელდება ეკონომიკის როგორც ერთიანი სისტემის მართვის ფუნქცია. არსებობს ეკონომიკის მართვის იერარქიული სისტემა, დაწყებული ძირეული რგოლიდან – საწარმოდან – დამ- თავრებული მთელი ქვეყნის ეკონომიკით. ზედა რგოლის დირექტივა უნდა შეასრულოს ქვედა რგოლმა. მათი საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია. 5. ეკონ. ფუნქციონირება და განვი- თარება ექვემდებარება უწინარესად სახელმწიფოს პოლიტიკურ (იდეოლოგიურ) მიზნებს, – სოციალისტური საზოგადოების მშენებლობას, საპირისპირო სისტემასთან – კაპიტალიზმთან ეკონ. შეჯიბრებაში წარმატების მიღწევას, სოციალურ ურთიერთობათა სრულყოფისა და სხვა ამოცანათა გადაწყვეტას. ეკონომიკა და სახელმწიფო შერწყმულია, სახელმწიფოს ეკონომიკური როლი კი – შეუზღუდავი. დ. ე-ს გააჩნდა დაუძლეველი ხარვეზები, რის გამოც ის ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. კერძოდ, ის გამორიცხავდა თავისუფალ ეკონ. საქმიანობას, ზღუდავდა კერძო ინიციატივას, სა- თანადოდ არ უწყობდა ხელს ინოვაციებს, ეფექტიანობას, ნაკლებად ემყარებოდა ეკონომიკის ობიექტურ კანონებს, იყენებდა ძალადობრივ და მართვის ზღვარგადასულ ფორმალურ-ბიუროკრატიულ მეთოდებს, სუბიექტივიზმს და ვოლუნტარიზმს; უგულებელყოფდა ფულის, კრედიტის, დაზღვევის და სხვა ეკონ. ბერკეტების გამოყენებას და ა. შ. დ. ე-მ თავისი არსებობისა და განვითარების შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდში ამოწურა შესაძლებლობები და შევიდა სტაგნაციის ხანაში. მან ვერ მოიპოვა წარმატება საბაზრო ეკონომიკასთან ისტორიულ მეტოქეობაში. დ. ე-ის რეფორმირების, გააქტიურების, ეფექტიანობის ამაღლების მიზნით სსრ კავშირში რიგი ღონისძიებები განხორციელდა მისი არსებობის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით XX ს. 50-იანი წლებიდან, უფრო ინტენსიურად კი 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში. ეს რეფორმები ფაქტობრივად ატარებდა ზედაპირულ, ფორმალურ, ზოგჯერ ავანტიურისტულ ხასიათს (მაგ., ნ. ხრუშჩოვის, მ. გორბაჩოვის "რეფორმები") და, შესაბამისად უშედეგო აღმოჩნდა. ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა სოციალისტურ ქვეყნებშიც. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ეკონომიკა, ისე როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისა, წარმოადგენდა რა სსრკ-ის ერთიანი სახ.-სამ. კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, ემორჩილებოდა დირექტიულ რე- ჟიმს. ყველა საკვანძო საკითხი წყდებოდა ცენტრში, კერძოდ, პროდუქციის ძირითადი სახეების წარმოების, გასაღების, კადრების გამოყენების, დოვლათისა და შემოსავლების განაწილების, ფინანს. რესურსების ფორმირების, სოც. ღონისძიებებისა და სხვ. უკიდურესად შეზღუდული იყო რესპუბლიკის უფლებები. იგი განაგებდა მხოლოდ ე. წ. ადგილობრივ მეურნეობას. დ. ე-ის პირობებში საქართვ. ეკონომიკა ფუნქციონირებდა ათეული წლების განმავლობაში. მან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მაგ., ეროვნ. შემოსავალი 1990 წ. 1913 წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 30-ჯერ, მრეწველობის პროდუქცია – 287-ჯერ, სოფლის მეურნ. პროდუქცია – 12- ჯერ. ყოველივე ეს აისახა ხალხის ცხოვრების დონეზე, განათლებაზე, კულტურის, მეცნიერების პროგრესზე და ა. შ. ერთგვარი დეცენტრალიზაციის კურსი, რ-იც სსრკ-ში ხორციელდებოდა 50-იანი წლების II ნახევარ- ში, 60-იან წლებში ისევ შეიცვალა მკაცრი ცენტრალიზაციით. ამგვარ ვითარებაში საქართვ. ეკონომიკა, ცხადია, ვერ ვითარდებოდა სრული შესაძლებლობის შესაბამისად. ეს იყო წინაპირობა იმ ძირეული სოც.-ეკონ. და პოლიტ. ცვლილებებისა, რ-იც 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლით და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებით. გ.მალაშხია.