დისიდენტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ლათ. Dissidens (ნათ. ბრ. dissidentis – ვინც არ ეთანხმება, არ იზიარებს); სხვაგვარად მოაზროვნე], შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში კათოლიკობიდან განდგომილი პირი, რომელიც ეკლესიას მწვალებლად მიაჩნდა, ხოლო რეფორმაციის დროიდან (XVI ს.) – მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც არ მისდევდა თავის ქვეყანაში გაბატონებულ კათოლიკურ ან პროტესტანტულ სარწმუნოებას. დ-ების მოქალაქეობრივ უფლებათა შესახებ საკითხი მწვავედ იდგა XVI–XVII სს. ინგლისსა და საფრანგეთში (ე. წ. ჰუგენოტების ბრძოლა კათოლიკობის წინააღმდეგ), აგრეთვე XVII–XVIII საუკუნეების პოლონეთში. XX ს. 60-იანი წლებიდან ტერმინი "დ." მკვიდრდება სსრ კავშირსა და აღმ. ევროპის ქვეყნებში იმ ოპოზიციური მოძრაობის აღსანიშნავად, რ-იც (წინა პერიოდის ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოძრაობის საპირისპიროდ) არ ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლას საბჭოთა და კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მაგრამ აპროტესტებდა საბჭოთა დიქტატურას და ოფიციალურად აღიარებულ ღირებულებათა დარღვევის ფაქტებს. აქედან მოყოლებული დ-ებს უწოდებდნენ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების მოწინააღმდეგე ადამიანებს. XX ს. 70–80-იან წლებში, სსრ კავშირსა და ევრ. კომუნისტურ ქვეყნებში დ-ები იყვნენ ამავე ქვეყნის მოქალაქენი, რ-თა პოლიტ. შეხედულებები არსებითად განსხვავდებოდა საზბაში გაბატონებული სახელმწ. (კომუნისტური) იდეოლოგიისაგან და რ-ებიც ღიად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს, რის გამოც იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან. საბჭოთა ოფიც. დოკუმენტებში დ-ის მიმართ გამოიყენებოდა ტერმინები: "ეგრეთ წოდებული დ-ები", "ანტისაბჭოთა ელემენტები", "განდგომილები". ერთადერთი სახელი, რ-იც დ-ებს გარედან, სხვათაგან არ მიუღიათ იყო თვითწოდებული ტერმინი "უფლებადამცველი". "უფლებადამცველთა" ყურადღების მთავარი საგანი იყო კომუნისტურ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა და ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა. დ-ები კატეგორიულად ემიჯნებოდნენ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ლ.მურადაშვილი.