დისიდენტური მოძრაობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოქალაქეობრივი უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის მიზნით შექმნილი მოძრაობა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი იდეალების ჩამოყალიბებას, მათ დაცვასა და სახელმწიფოსაგან რეპრესირებული ადამიანების დახმარებას. კომუნისტურ ქვეყნებში დ. მ-ის გააქტიურება და ლეგალური მოღვაწეობა უშუალოდ უკავშირდება ე. წ. ჰელსინკის ხელშეკრულებას – "ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნით აქტს" (იხ. ჰელსინკის პროცესი 1973–75 ). 1976- იდან ჩეხოსლოვაკიიდან საქართველომდე – მთელ საბჭოთა ბლოკში – ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა დისიდენტური ორგანიზაციები, რ-ებიც თავს სწორედ ჰელსინკის ხელშეკრულების ორგანიზაციებს უწოდებდნენ. სსრ კავშირში დ. მ-ის დაწყების თარიღად მიჩნეულია 1965 წ. 5 დეკემბერი, როდესაც მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ჩატარდა პირველი საპროტესტო დემონსტრაცია, რაც გამოწვეული იყო იმავე წლის შემოდგომაზე მოსკოველი მწერლების – ა. სინიავსკისა და ი. დანიელის დაპატიმრებით. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი დ. მ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ეტაპი იყო. მის საწყის ხანად ზოგიერთი მკვლევარი 1956 წ. 9 მარტს თბილისში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს მიიჩნევს. მართალია, თავიდან ეს მოვლენები უფრო იმპულსური, გრძნობისმიერი, შეურაცხყოფილი ეროვნ. თავმოყვარეობის აღდგენის მცდელობა იყო. ახალგაზრდობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი არა ეროვნ. დამოუკიდებლობის, სინდისის თავისუფლების და იმპერიიდან გამოყოფის მოთხოვნები იყო, არამედ ერთი პიროვნების, ერთი ადამიანის – "დიდი ბელადისა" და "დიდი ქართველის" – სტალინის, ასე ვთქვათ, "ავტორიტეტის დაცვა". თუმცა 9 მარტს უკვე ხმამაღლა გაისმა მოწოდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. XX ს. 70-იან წლებში ნათლად გამოვლინდა საბჭოთა სისტემის კრიზისი – დაქვეითდა ქვეყნის ეკონომიკა, დაეცა სამრეწველო პროდუქციის ხარისხი, სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა სამოქალაქო მეურნეობა. კრიზისის ფონზე სსრ კავშირში ფეხს იკიდებდა და ნელ-ნელა ძლიერდებოდა დ. მ., სერიოზულ სახეს იღებდა საზოგადოების დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლა. ამიტომაც კრემლმა განსაკუთრებით გაამკაცრა დაკვირვებებისა და მეთვალყურეობის რეჟიმი ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში, მ. შ. საქართველოშიც. შეიქმნა ე. წ. "ჩეკისტური მეთვალყურეობის" ახ. სამსახურები. ცალკე ჩამოაყალიბეს თეატრების, მწერალთა კავშირის, მეცნიერებათა აკადემიის, სასწ.- სამეცნ. კვლევითი ინსტიტუტების, ზ ო გ ა დ ს ა გ ა ნ მ ა ნ ა თ ლ ე ბ ლ ო სკოლებისა და ტექნიკუმების ოპერატიული სამსახურები. 1974 ზ.გამსახურდიას მიერ დაარსებული "ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი", რ-იც თანამშრომლობდა სსრ კავშირის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ანალოგიურ ჯგუფებთან, აქვეყნებდა სხვადასხვა ინფორმაციას რუსულ არალეგალურ გამოცემებში ("მიმდინარე ამბების ქრონიკა", მოსკოვი). 1975 ქართველმა დისიდენტებმა არალეგალური ლიტ.-პუბლიც. ჟურნ. "ოქროს საწმისის" გამოცემა დაიწყეს, რ-შიც ცენზურის მიერ აკრძალული ანტისაბჭოური ხასიათის ნაწარმოებები იბეჭდებოდა. 1976 ზ. გამსახურდიას, მ.კოსტავას, ვ.რცხილაძის, ბ. ბეჟუაშვილისა და სხვათა თაოსნობით შეიქმნა ადამიანის უფლებათა ჰელსინკის შეთანხმების ხელშემწყობი ორგანიზაცია – "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი" (1989-იდან ეწოდა "საქართველოს ჰელსინკის კავშირი"). ჯგუფის მიზანი იყო ჰელსინკის შეთანხმების დასკვნითი აქტის პოპულარიზაცია და მისი ცხოვრებაში გატარება. ჯგუფი ფაქტობრივად არალეგალურად არსებობდა. მისი პრაქტ. მოქმედება (ჟურნალების გამოცემა, მასალათა გამრავლება და ინფორმაციის გაგზავნა საზღვარგარეთ) უშიშროების მხრიდან მეთვალყურეობისა და თვალთვალის პირობებში ხდებოდა. 1976 დეკემბერში დაიწყო საზ.- პოლიტ. ჟურნალის "საქართველოს მოამბის" გამოცემა, რ-შიც "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის" წევრები აქვეყნებდნენ დიდძალ ინფორმაციას ეროვნ. და სოც. საჭირბოროტო პრობლემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავშირი შეუერთდა ჰელსინკის ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულება, დაეცვა და ცხოვრებაში გაეტარებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპები, იგი მაინც რჩებოდა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს; იზღუდებოდა სიტყვის, გადაადგილების, რელიგიის და სხვა სახის თავისუფლება. "ჰელსინკის ჯგუფის" გააქტიურების შემდეგ კომუნისტურ პრესაში გაჩაღდა კამპანია ჯგუფის წევრების წინააღმდეგ. 1977 წ. 7 აპრ. ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა დააპატიმრეს (მოგვიანებით – ვ. რცხილაძეც). ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ცნობილი საბჭოთა დისიდენტები ა. ამალრიკი და პ. გრიგორენკო. "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის" წევრების დაპატიმრებამ საქართვ. მოსახლეობაშიც გამოიწვია უკმაყოფილება, განსაკუთრებით აქტიურობდნენ თსუის სტუდენტები თ. ჩხეიძის მეთაურობით. 1977-იდან თბილისში ვრცელდებოდა პროკლამაციები პოლიტ. პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით პროკლამაციის გამავრცელებლები უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა (ა. იმნაძე, გ. ნიკოლაიშვილი და სხვ.). პოლიტ. აზრის დევნა საგრძნობლად შერბილდა სსრ კავშირის სათავეში მ. ს.გორბაჩოვის მოსვლის (1985) შემდეგ. იგი ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოყვანას გარდაქმნის პოლიტიკით შეეცადა. ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყანა დასავლეთის სამყაროსთან გაჩაღებულ "ცივ ომსა" და გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ვეღარ უძლებდა. შექმნილი ვითარება კრემლს აშშ-თან და დას. ევროპასთან ურთიერთობის დათბობისკენ უბიძგებდა. დასავლეთი, თავის მხრივ, მოსკოვისაგან ქვეყანაში დემოკრ. ცვლილებების გატარებას მოითხოვდა, მოთხოვნებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს პოლიტპატიმართა გათავისუფლება წარმოადგენდა. სწორედ ამის შემდეგ, 1987- იდან დაიწყო ცნობილი დისიდენტების საპატიმროებიდან გათავისუფლება. მათ შორის იყო მ. კოსტავაც (ზ. გამსახურდია გათავისუფლდა უფრო ადრე, 1979). ამ პერიოდიდან მოყოლებული ქართ. დ. მ. ნელ-ნელა გამოდიოდა არალეგალური მდგომარეობიდან, იგი გასცდა ვიწრო წრეს და კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდას საზოგადოების ფარ- თო ფენებში ეწეოდა. ქვეყანაში ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა ძლიერდებოდა, რ-ის ბრძოლის ძირითად მიმართულებას საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა.

''ლიტ'': კ ვ ე ს ე ლ ა ვ ა ი., საქართველოს ისტორიის ქრონიკები (1970– 1990), ტ. 1, თბ., 2004; «საქართველოს მოამბე», 1976, #1; ფ ო ც ხ ვ ე რ ი ა ჯ., შავი სათვალე ეკეთა (ჩეკისტის ჩანაწერები), თბ., 2008; Р а т ь к о в с к и й И. С., Х о д я к о в М. В., История Советской России, СПб., 2001. ლ.მურადაშვილი.