დიღმის ბრძოლა 1567

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. ირანის შაჰის, თამაზ I-ის, მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 ქართლის მეფე სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დაბანაკდა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისელი მოლაშქრეებისა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა ქალაქს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი გათავისუფლება ვერ შეძლო (იხ. აგრეთვე სამადლოს ბრძოლა 1568, ფარცხისის ბრძოლა 1569).

''წყარო'': ახალი ქართლის ცხოვრება. მესამე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.

''ლიტ'': გ უ ჩ უ ა ვ., ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. ვ. გუჩუა.