დიღმის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიღმის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები (გრაფიკული გამოსახულება): 1, 2 – თიხის ჭურჭელი. წითლად გამომწვარი თიხა. მტკვარ-არაქსის კულტურა. ძვ. წ. IV– III ათასწლ.; 3, 4 – თიხის ჭურჭელი. მონაცრისფროდ გამომწვარი თიხა. გვიანდელი ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანა (ძვ. წ. XIV– XI სს.); 5 – სამტუჩა ხელადა. წითლად გამომწვარი თიხა. გვიანდ. ანტ. ხანა I– III სს.; 6 – ჯამი. წითლად გამომწვარი თიხა. ძვ. წ. I ს.

სხვადასხვა დროის ნამოსახლარები და სამაროვნები, ეკლესიის, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, აღმოჩენილი დიღმის ხეობის სხვადასხვა ადგილას. ხეობა დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდან. ხეობის ქვედა წელზე, თრელიგორებად წოდებული ბორცვების მახლობლად, ზედაპირულად აკრეფილია მუსტიეს ხანის კაჟის იარაღი. არქეოლ. გათხრებით (1969-იდან, ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) დიღმისწყლის მარცხ. ნაპირას, საქართვ. სამხ. გზასთან, გამოვლინდა ენეოლითადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ძვ. წ. IV–III ათასწლ. მიჯნა). ოთხკუთხა შენობები ნაგებია რიყის ქვით. თიხატკეპნილ იატაკზე შუაში თიხის ან რიყის ქვის ოვალური კერებია. იატაკში ჩაჭრილია მსხლისებური მოყვანილობის ორმოები, რ-ებიც ბათქაშითა და თიხის ჭურჭლის ნატეხებით იყო ამოვსებული. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი ჭურჭლის ფორმებთან ერთად გვხვდება ბზენარევი კერამიკაც. თრელიგორებზე გაითხარა მრავალფენიანი ნამოსახლარი, რ-ის ძირითადი ფენები გვიანდ. ბრინჯაოს და ადრინდ. რკინის ხანისაა (ძვ. წ. XV–VI სს.). დასახლება არსებობდა გვიანდ. ანტიკურსა და ადრინდ. ფეოდ. ხანაშიც. იგი ტერასებადაა განლაგებული. ნახევრად მიწური სახლების კედლები რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები და თიხით შელესილი. გადახურვა ბანური იყო. იატაკი თიხატკეპნილია, ზოგჯერ ფილაქვით მოფენილი. ყველა საცხოვრ. კომპლექსში აღმოჩნდა ღუმლები, თიხით შელესილი ბაქნები, სხვადასხვა ფორმის საკურთხევლები. თრელიგორების აღმ-ით, დიღმის ველზე, აღმოჩნდა ადრინდ. ფეოდ. ნამოსახლარი და სხვადასხვა დროის სამაროვნები. განსაკუთრებით მდიდრული იყო ძვ. წ. VIII–VII სს. გორასამარხები, სადაც ოქროს, ბრინჯაოს, რკინის ნივთები და დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭელია ნაპოვნი. აღსანიშნავია თიხის და ვერცხლის სამკაული აღმოჩნდა, I–III სს. სამარხებში, ადგილ. წარმოშობის ნივთებთან ერთად, რომაული გემები და მონეტებიც იყო. ამავე ხანის სამარხები გაითხარა სოფ. დიღომში, ხოლო დიღმის ველზე, ვაშლიჯვარში, თელოვან- ში, დიდგორაზე, ჯოიანში, ბაჭყალაზე, ლელობში და აგრეთვე დიღომში – ადრინდ. ფეოდ. ხანის (IV–VIII სს.) სამაროვნები. ქვაყუთებში და ქვის ფილებით გადახურულ ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტ. წესით. ჩატანებული ჰქონდათ სამკაული და ტანსაცმლის მოსართავი ლითონის ნივთები. დიღმის ხეობის სათავეში, სოფ. ლელობთან, აღმოჩნდა XIII– XIV სს. ნამოსახლარი, რ-საც "ნაქალაქარს" უწოდებდნენ. მიწის ზედაპირზე შემორჩენილია ეკლესიის, საკულტო და სამეურნ. ნაგებობათა ნანგრევები. შენობები მშრალი წყობითაა ნაგები. გვხვდება ორ- და სამოთახიანი კომპლექსები. საცხოვრ. ნაგებობებს ეკვრის სამეურნ. დანიშნულების სათავსები (მარანი, ფარეხი და სხვ.). შენობათა ქართულ-ჰულაგუიდური მონეტა, მინის ჭურჭლის და სამაჯურის ნატეხები და სხვ. ფეოდ. ხანას განეკუთვნება დიღმის ხეობაში შემორჩენილი სარწყავი სისტემის ნაშთები – კაშხლები, აკვედუკები და კლდეში ნაკვეთი არხები. დიღმის ხეობაში ხელსაყრელი პირობები იყო მეცხოველეობის განვითარებისათვის. ხეობას ჰქონდა საკუთარი საზამთრო და საზაფხულო საძოვრები და მასზე გადიოდა თრიალეთისკენ მიმავალი ე. წ. ცხვრის გზა. ანტ. ხანაში დიღომი და დიღმის ხეობა თავდაპირველად მცხეთის, ხოლო V ს-იდან თბილისის სას.-სამ. შემოგარენი იყო. ''ლიტ'': ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., ნ ი კ ო ლ ა ი შ ვ ი ლ ი ვ., რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., არქეოლოგიური გათხრები დიღმის ხეობაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტორიის სერია, 1971, #2. თ. ნიკოლაიშვილი.