დიღომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიღომი. წმინდა გიორგის ეკლესია. X–XI სს.

სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებ- ში (ვაკე-საბურთალოს რ-ნი), საწკეპელას ქედის სამხრ.-აღმ. მთისწინეთსა და დიღმის ვაკეზე, მდ. დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 520 . დ. იხსენიება ლეონტი მროველთან (XI ს.). ისტ. წყაროებში სოფელი დიღუამისა და დიღვამის სახელითაც გვხვდება. დ-ის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება თბილისის ისტორიას [მეფე ვახტანგ გორგასალმა (V ს.) სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლის მოლოდინ- ში დ-თან დაიბანაკა]. არაბთა ბატონობის დროს დ. და მისი ხეობა თბილისის საამიროში შედიოდა. X ს. დასაწყისისათვის თბილისის საამიროს საზღვარი დიღმისხე - ვამდე აღწევდა. ფეოდ. ხანაში დ. ცალკე ადმ. ერ- თეულის – დიღმისხევის – ცენტრი იყო. დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვებამ და თბილისის შემოერთებამ დ. სეფე მამულად აქცია. ქართლის მეფე სიმონ I-მა XVI ს. II ნახევარში დ. თავის რეზიდენციად გადააქცია და წლების განმავლობაში იბრძოდა სპარსელებისა და თურქებისაგან თბილისის გასათავისუფლებლად. მან დ-თან ბრძოლაში დაამარცხა მოღალატე დაუთ-ხანი (იხ. დიღმის ბრძოლა 1567). 1580 დ-ში სიმონ I-ს თავს დაესხა კახეთის მეფე ალექსანდრე II. დ. სახელმწ., ანუ სახასო სოფელი იყო როგორც ქართვ. მეფეების დროს, ასევე ცარიზმის ხელისუფლების დამყარების შემდეგაც. 1811 რუს. იმპ. ალექსანდრე I-მა დ. საჩუქრად გადასცა ერეკლე IIის ასულს – ქეთევან ბაგრატიონს, რ-იც ივანე მუხრანბატონზე იყო გათხოვილი. ამ დროიდან დ. მუხრანბატონთა სამემკვიდრეოდ იქცა, ხოლო ნაწილი საეკლ. და საბატონო მამულად დარჩა. საქართვ. დემოკრ. რესპ. არსებობის პერიოდში დ. ახალშექმნილ ადმ. ერთეულში – თბილისის გარეუბნის რ-ნში – შევიდა. 1921 თებ. დღეებში რუს. წითელი არმიის ნაწილების თავდასხმის ერთერთი ობიექტი დ-ც გახდა. 1924 აგვ. აჯანყების დროს დიღმელებმა სპეც. რაზმი შემოიყვანეს აჯანყებულთა დასახმარებლად. გადმოცემით, დ-სა და მის მიდამოებში წმ. გიორგის 7 ეკლესია მდგარა. აქედან ორი დ-შია, ერთი მათგანი – ერთნავიანი ეკლესია – სოფლის შესასვლელში დგას. დარბაზის კამარა ჩამოქცეულა და აღდგენის შემდეგ ისრული ფორმა მიუციათ. აღდგენის კვალი ფასადებსაც ეტყობა, მორთულობისა და წარწერების ნაწილი თავის ადგილზეა, ნაწილი კი დაზიანებულია და სხვადასხვა ადგილას არის ჩასმული. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. სამხრ. და აღმ. ფასადებზე გამოსახულია ლომები, ფრინველები, ჯვრები და ასომთავრული წარწერები. სტილისტიკური ნიშნებით ეკლესია X ს. დასასრ. ან XI ს. დასაწყისშია აგებული. რესტავრირებულია XVI–XVII სს-ში. იმავე ხანებში დას-იდან მიუშენებიათ მცირე ზომის სადგომი, რ-ზედაც XIX ს. ბოლოს სამრეკლოს ფანჩატური დაუდგამთ (მოიხსნა 1980 ჩატარებული რესტავრაციის დროს, ბოლოს რესტავრ. 2009). მეორე – "თეთრი გიორგის" ერთნავიანი ეკლესია – სოფლის სამხრ.-დასით, გორაკზე დგას. წარწერის თანახმად, იგი 1863 აუშენებია ვინმე ზაქარიას. ეკლესიაში არის რელიეფი, რ-ზედაც გამოსახულია წმ. გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენა. დ-ის მიდამოებშია აგრეთვე ონადირისა და ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესიები. წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებია დიდგორის მთაზე. სოფლის განაპირას, სამხრ-ით, წმ. გიორგის კიდევ ერთი ეკლესიაა (XIX ს.). სოფლის ჩრდ.-დას. ნაწილში, სასაფლაოზე, დგას ღვთისმშობლის ეკლესია (არაუგვიანეს X ს.). ერთნავიან ნაგებობას აღმ-ით აფსიდი აქვს. ნაგებია დაუმუშავებელი ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს, რ-ის თავზეც არქიტრავის უზარმაზარი სუფთად გათლილი ქვაა მოთავსებული. არქიტრავის შუაში ამოკვეთილია ორიგინალურად შესრულებული წრეში ჩასმული ჯვარი. ეკლესია ბევრჯერ არის შეკეთებული (აგურით) და მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია. სოფლის სამხრ.-დას-ით, მთის ფერდობზე დგას მაჩხანის ეკლესია, აგებული IX ს. შუა ხანებში. ეკლესია დარბაზულია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკ. აგურით ნაგები, წმ. მარინეს ერთნავიანი ეკლესია. გადაკეთებულია XIX ს-ში. ერთიანად შელესილია. კარი სამხრ-იდან აქვს.იგი გარედან არქიტრავით არის გადახურული, შიგნიდან – თაღით. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რ-ებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი და პილასტრებს შორის გადაყვანილი კედლის თაღები. სოფელ- ში დგას აგრეთვე კვირაცხოვლის ეკლესია (XIX ს.). დ-ში შემონახულია ადრინდ. შუა საუკ. სარწყავი სისტემა.

''ლიტ'' .: Ш м е р л и н г Р. О., Д о л и д з е В. Г., Б а р н а в е л и Т. В., Окрестности Тбилиси, Тб., 1960. პ. ზაქარაია. დ. მუსხელიშვილი. ა. სონღულაშვილი.