დმანისის ნაქალაქარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი დიდი და მდიდარი ქალაქის ნაშთი ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, თბილისის სამხრ.- დას-ით 85 კმ- ზე (დმანისის მუნიციპალიტეტი). ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, ქალაქის სახელწოდება წარმომდგარი უნდა იყოს სიტყვისაგან დაბა, დაბანისი. დმანისი VIII ს-ში მცირე დასახლება იყო. აქ იყო დმანისის საეპისკოპოსოს კათედრალი, რ-იც VI ს-იდან იხსენიება. მის სამწყსოში შედიოდა დმანისხევი (აქედანვე მომდინარეობს საეპისკოპოსოს სახელწოდება), ტაშირი და ქციის ხეობის ნაწილი. დმანისი ქართ. წყაროებში პირველად IX ს-ში მოიხსენიება. მისი ქალაქად ჩამოყალიბება სავარაუდოა X ს-იდან. ამ დროს აქ არაბები ბატონობდნენ. აქვე იყო ამირას რეზიდენცია. XI ს-ში ცნობილია ამირა სითლ-არაბი, ხოლო XIII ს-ში – ეროვნებით ქართვ. ამირა იობ მიხრიკის ძე (მოხსენიებულია XIII ს. წარწერაში). XI ს. 80-იანი წლებიდან დმანისი სელჩუკთა ხელში ყოფილა. 1123 მეფე დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. ამის შემდეგ იგი სამეფო ქალაქი იყო. მცირე ხნით მტერმა კვლავ დაიპყრო. 1125 მეფე დემეტრე I-მა დაიბრუნა. ამიერიდან იგი უშუალოდ მეფის ხელისუფლებას ემორ- ჩილებოდა. XII–XIII სს-ში დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა, განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა; აქედან მიმავალი საქარავნო გზებით ჩაერთო საერთაშ. ვაჭრობაში – გაჰქონდათ აბრეშუმი. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა. ჟამთააღმწერლის (XIV ს.) ცნობით, დმანისშია დასაფლავებული მეფე ვახტანგ III. XIV ს. ბოლოს დმანისი თემურლენგმა დაარბია, 1486 კი – იაყუბ-ყაენის ჯარმა. XVI ს-ში ცოტა ხნით ოსმალებმა დაიპყრეს და ციხეც გაამაგრეს. ქალაქში მოიშალა ეკონ. ცხოვრება. 1536 ბარათაანთ გაყრის წიგნის მიხედვით, დმანისის ციხე, თავად ქალაქი, ღვთისმშობლის ეკლესიის სასაფლაო, კარიბჭე და საბაჟო შუაზე გაუყვიათ იოთამ და ორბელ ბარათაშვილებს. დმანისი, როგორც ციხე- ქალაქი, XVI ს. ბოლოს გაპარტახების გზაზეა. XVII ს. დასაწყისში კვლავ სპარსელებმა დაიპყრეს. XVIII ს. შუა წლებში დმანისის საეპისკოპოსო კათედრალიც მოიშალა და იქაურობა საბოლოოდ გაუკაცრიელდა. დმანისით და მისი ისტ. ძეგლებით მეცნიერები XIX ს-იდან დაინტერესდნენ. იგი პირველად 1853 მოინახულეს მ. ბართოლომეიმ და დ. ორბელიანმა. მათ მოკლედ აღწერეს ნაქალაქარი და ზოგიერთი წარწერა გადმოიღეს, რ-თა ნაწილი შემდეგ მ. ბროსემ გამოსცა. 1894 ე. თაყაიშვილმა რამდენიმე საფლავი გათხარა, შეავსო დმანისის წარწერები და მეორედ გამოსცა. დმანისის არქეოლ. შესწავლა დაიწყო 1936 აკად. ი. ჯავახიშვილის ინიციატივითა და საერთო ხელმძღვანელობით. გათხრები გაგრძელდა 1937-მდე (ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი). ექსპედიციამ გაშიფრა და დააზუსტა დმანისის ქართ. წარწერები. გამოვლინდა ქალაქის ჭიშკარი, მოკირწყლული ქუჩები, აბანოები, მდინარეზე გასასვლელი გვირაბი, ნასახლარები, სამეთუნეო, ზეთსახდელი და სხვ. სახელოსნოები, ქულბაქები, ბეღელი, მარნები, მინარეთიანი მეჩეთი და მედრესე. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი IX—X სს., განსაკუთრებით კი XI—XIII სს. ადგილ. კერამიკა, XI—XIII სს. მონეტები (უმეტესად ქართული), შრომისა და საბრძოლო იარაღი, XII—XIII სს. ოქროსა და ვერცხლის სამკაულები და სხვ. გათხრები განახლდა 1960 (ხელმძღვანელები ვ. ჯაფარიძე (1960–93), ჯ. კოპალიანი (1993– 98), დ. ლორთქიფანიძე (1998- იდან დღემდე), რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ნაქალაქარის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან (კერამიკა, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვ.). მრავლად გამოვლინდა გვიანდ. რკინის ხანის კერამ. ნიმუშები, სამარხები და სხვ. 1983 ამავე ექსპედიციამ შუა საუკ. პერიოდის ერთ-ერთი სამეურნეო ორმოს კედელში აღმოაჩინა ადრეპლეისტოცენის განამარხებული ცხოველების ძვლები. ცხადი გახდა, რომ შუა საუკ. ნაქალაქარის ქვეშ დაფარული იყო ადრეული პლეისტოცენის დროის ადგილსაპოვებელი. 1984 ნამარხი ძვლების შემცველ ფენებში აღმოჩნდა პირველი ქვის იარაღები, ხოლო 1991 გამოვლინდა უძველესი ადამიანის პირველი ნაშთი – ქვედა ყბა. კვლევის დღევანდელ ეტაპზე დმანისის პალეოანთროპოლოგიური აღმოჩენები ერთ-ერთი მდიდარი და სრული კოლექციაა მსოფლიოში. იგი წარმოდგენილია ჰომინიდის 5 თავის ქალით, 4 ქვედა ყბით, 15 იზოლირებული კბილით და ჩონჩხების სხვადასხვა ნაწილის 35 ფრაგმენტით. დმანის- ში ქვის ხანაში ევრაზიის მასშტაბით ყველაზე ადრინდელი ადამიანები ცხოვრობდნენ და მათი ასაკი 1 მილიონ 760 ათასი წელია. დმანისი უნიკალური ძეგლია ჰომინიდების და მათი არტეფაქტების, პრეისტორიული ცხოველების ნაშთების სიუხვით, დაცულობით, ასაკით და სტრატიგრაფიით. საერ- თაშ. სამეცნ. საზოგადოებამ დმანისი პირველი ევრაზიელის ადგილსამყოფელად აღიარა. დ. ნ. შედგება ორი ნაწილისაგან: საკუთრივ ქალაქისა (ფართ. 13 ჰა) , რ-იც მდებარეობდა მდების მაშავრისა და ფინეზაურის შესართავთან მდებარე 100 სიმაღლის კონცხზე, და ფინეზაურის ნაპირებზე გაშლილი გარეუბნისაგან (ფართ. 12 ჰა) . ქალაქს აღმ-ით ოდნავ დამუშავებული ბაზალტის ქვით ნაგები და ნახევარწრიული ბურჯებით (კონტრფორსებით) გამაგრებული მაღალი კოშკებიანი გალავანი ერტყა, ჩრდ-იდან და ჩრდ-დას-იდან მას იცავდა მდ. მა- შავრის ხეობა, რ-ის სიღრმე აქ 90 მ აღწევს. კონცხის სამხრ. ნაწილ- ში შიდაციხის (ფართ. 3550 მ 2 ) ნანგრევებია. იგი ქალაქის გალავნის შიგნითაა, ქალაქიდან გამოყოფილია სპეციალურად აგებული გალავნის კედლით და ერთადერთი კარიბჭეც აქედან აქვს. შიდაციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სასახლის, მისი აბანოსა და შენობათა ნანგრევები. კონცხს დას. მხრიდან, მდ. მაშავრის ნაპირებთან, ჩაუყვება საიდუმლო გვირაბი, რ-იც შენიღბული და დაცული იყო. შემორჩენილია გვირაბის დიდი ნაწილი. იგი განიერი და მაღალია, შიგ კაციც გაიმართებოდა და შესაძლებელია სახედრით და ცხენით წყლის თავისუფლად ამოტანა. სამხრ-იდან ქალაქთან მოდის ძვ. გზა, რ-იც ჭიშკრის გავლით უკვე ქუჩის სახით გრძელდება ქალაქში. 2,5 მ სიგანის ქუჩებს გასდევს ქვის დაბალი კედლები, ქუჩები დაფარული ყოფილა ქვის დიდი ფილებით. ქალაქის ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ, დგას მთავარი ტაძარი, სამეკლესიიანი ბაზილიკა დმანისის სიონი (VI ს.), რ-თვისაც XIII ს. I მეოთხედ- ში დას-იდან მდიდრულად მორ- თული კარიბჭე მიუშენებიათ. მის ჩრდ-ით დგას წმ. მარინეს პატარა ერთნავიანი ეკლესია. წარწერის თანახმად, განახლებულია 1702. ნაქალაქარის ჩრდ.-აღმ. ნაწილში 2 პატარა ეკლესიის ნანგრევები და სასაფლაოა. ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობების ნანგრევებია. დ. ნ-ის ყველა შენობა აგებულია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვის უსწორმასწორო რიგებით. აგური გამოყენებულია ბუხრებისა და თახჩების გამოსაყვანად. შიგნით შენობები შელესილია. შეძლებულთა სახლებში კედლები შემოსილია მწვანე ფერის შორენკეცით. ქვითა და ბრტყელი აგურით ნაგები აბანოც შიგნით შელესილია, შედგება სამი სათავსისაგან. თითოეული მათგანი გადახურულია შეისრულ ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით, რ-თა შუაში გაჭრილია სასინათლო ხვრელები. ქ. დმანისს ეკუთვნოდა აგრეთვე გარეუბნის დიდი სასაფლაო, რ-იც ქალაქს სამხრ. მხრიდან აკრავს. სასაფლაოს ერთი ნაწილი უჭირავს ქრისტიანთა, ხოლო მეორე (ჩრდის) ნაწილი – მუსლიმანთა საფლავებს. აღმოჩენილია მუსლიმანური აკლდამები და XIII ს. ბოლო და XIV ს. არაბულწარწერებიანი საფლავის ქვები. გარეუბანში მდ. ფინეზაურის მარჯვ. ნაპირას შერ- ჩენილია 3 აბანოს ნანგრევები. ქ. დმანისს გაცხოველებული ეკონ. ურთიერთობა ჰქონდა როგორც ახლო აღმ. ქვეყნებთან, ისე ჩინეთთან. ამის დამადასტურებელია მრავალრიცხოვანი განათხარი მონეტები (დღემდე 800- ზე მეტია აღმოჩენილი), რ-თაგან უმრავლესი უცხოურია, და განათხარი იმპორტული კერამიკა (სპარსული ქაშანურის და ჩინური სელადონების ფრაგმენტები). დმანისს ჰქონია საკუთარი კერამ. და მინის წარმოება. აქ მზადდებოდა ადგილ. ქაშანურის ჭურჭელი; ძვლის, ქვის და აგრეთვე რკინის სხვადასხვა ნივთები და იარაღი; ოქროსა და ვერცხლის სამკაული, ნახევრადძვირფასი ქვებისა და მინის მძივები და სხვ. მნიშვნელოვანია დმანისის მიდამოებში ადრექრისტიანული ძეგლების – ქვის სტელების აღმოჩენა, რ-ებიც არქაული ჩუქურთმებით, რელიეფებით და უძველესი ქართ. ასომთავრული წარწერებითაა შემკული.

''წყარო'': ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

''ლიტ'' .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), ნაკვ. 1, თბ., 1979; მ ი ს ი ვ ე, დმანელი ამირას უცნობი წარწერა ფინეზაურის ხეობიდან, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1964, ტ. 33,

  1. 3; კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ჯ., დმანისის ციხე,

თბ., 1996; ლ ო მ თ ა თ ი ძ ე გ., შუაფეოდალური ხანის ძეგლები, წგ.: საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938; საქართველო – "პირველი ევროპელის სამშობლო", თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1960–65; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., შოთა რუსთაველის ეპოქის ნაქალაქარი დმანისი და მისი არქეოლოგიური შესწავლა, «ძეგლის მეგობარი», 1966, #8; М е с х и я Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии, Тб., 1959; L o r d k i p a n i d z e D., V e k u a A., R i g h t m i r e G. P. and M a r g v e l a s h v i l i A., Hominid fossils from Dmanisi and their place among the Early Hominids. In: «Bulletin of the Georgian National Academy of Sciences», 175 (1), Tb., 2007. დ. ბერძენიშვილი. ჯ. კოპალიანი. დ. ლორთქიფანიძე. ვ. ჯაფარიძე.