დმანისის საეპისკოპოსო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ისტორიულ ქვემო ქართლში. მოიცავდა ძირითადად დმანისხევს. იგი პირველად მოიხსენიება სომხ. "ეპისტოლეთა წიგნში", სადაც ჩამოთვლილია დვინის საეკლესიო კრების (506) მონაწილე 24 ქართველი მღვდელმთავარი. იქ მეოთხე ადგილზეა "სამუელ ეპისკოპოსი ტუმასუელი", რ-იც მკვლევრებმა გააიგივეს სამუელ დმანისის ეპისკოპოსთან. VI ს-ში დმანისში უკვე ყოფილა ეკლესია, რ-ის კვალი გათხრების დროს აღმოჩნდა. შემდგომში იგი, როგორც ჩანს, დანგრეულა და მის ადგილზე IX ს-ში ახ. ტაძარი აღუმართავთ. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით დმანელი ეპისკოპოსის სამწყსო იყო დმანისხევი და ტაშირი; ეს უკანასკნელი სამხრ-იდან ეკვროდა დმანისხევს. დმანისხევი მაშავრის აუზია მის შენაკად ფინეზაურის, ქვეშის, კაზრეთისა და სხვა ხევებზე განლაგებული სოფლებით. დმანისის გაქალაქების შემდეგ (IX ს.) საეპისკოპოსო ტაძარი ციხექალაქის ცენტრში მოექცა და მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. დმანელ ეპისკოპოსთაგან ცნობილია თევდოსი მამაი კალნაპეტის ძე, რ-საც 1214–22 დმანისის სიონისათვის მდიდრულად შემკული კარიბჭე მიუშენებია დასიდან, რაზედაც იქვე ამოჭრილი წარწერა მოგვითხრობს. მეორე, იმავე საუკუნის ცოტა მოგვიანო წარწერაში, დმანელი მღვდელმთავარი გვამცნობს, რომ მას მოუსპია იქ მანამდე შემოღებული უმართებულო წესი, რ-ის მიხედვი- თაც კანონიერი ქორწინებისათვის მღვდლები ოქროს თხოულობდნენ. დმანელი ეპისკოპოსი ელისე XIII– XIV სს. ერთ ხელნაწერში ჯვრის მონასტრის წმ. დავითნის შემკვრელადაა მოხსენიებული. დმანისის საყდრის მამულები უფრო ხშირად დმანისხევში იყო. XVI ს. 80-იან წწ. ერთი საბუთის მიხედვით, მას ეკუთვნოდა სოფლები: ჩინჩხური, მუთავისი, ვარდისუბანი; ყმა-მამული დიდ დმანისში, დმანისის ხეობის თამღის ნახევარი და გუდარეხის ღვთისმშობლის მონასტერი ქციის ხეობაში თავისი ყმა-მამულით. ამ საბუთის განმაახლებლად დასახელებულია დმანელ-მტბევარი მიტროპოლიტი ელისე. XVII–XVIII სს. საბუთებიდან ჩანს, რომ დმანელს ცალკეული ყმა-მამული ჰქონია დმანისხევის თაგუთსა და ოროზმანში, სომხითის შუა ბოლნისში, ტა- შირის ხანძორის სოფელში, ზურტაკეტის სარკინეთს, ქციის ხრამის ნახიდურში და სხვ. დმანისში ყოფილა მონასტერიც თავისი მეურნეობით. აქვეა შემორჩენილი წმ. მარინეს ეკლესია, რ-იც, წარწერის თანახმად, განახლებულია 1702. დმანისისავე ტაძართან იყო ორბელიშვილ- ყაფლანიშვილთა მთ. სასაფლაო, სადაც წარწერიანი საფლავის ქვებია შემორჩენილი. წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ თავისი არსებობის ბოლო ასწლეულშიც კი დმანისის მრევლი მხოლოდ დმანისხევის მოსახლეობით არ იფარგლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მისი თანადროული ტაშირის სომხური (სარწმუნოებით) მოსახლეობა დმანისის სამწყსო ყოფილა, ე. ი. დმანისში აღნიშნული მოსახლეობის წინამძღვარი, როგორც ჩანს, იყო სომხურ-მართლმადიდებელი ეკლესია. დმანელ ეპისკოპოსს ხელი მიუწვდებოდა ქციის ხეობის სოფლებზეც, ამიტომ აქაური მრევლის გამო მას ცილობა ჰქონია მანგლელ და ტფილელ ეპისკოპოსებთან. XVIII ს. შუა წლებიდან დმანისის საეპისკოპოსო მოიშალა. წყაროებში დმანელი მღვდელმთავრებიდან ჩვენთვის ცნობილია: სამუელ დმანელი (506); თევდოსი კალნაპეტის ძე (1214–22); ელისე დმანელი (XIII–XIV სს.); იოსებ დმანელი სააკაძე (1595); იოსებ თარხნიშვილი (1662-მდე); ქრისტეფორე ბარათაშვილ- ბეგაშვილი (1698-მდე); ელისე დმანელი მტბევარი მიტროპოლიტი (1698–1748).

''წყარო'': ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968.

''ლიტ'' .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ქვემო ქართლი), ნაკვ. 1, თბ., 1979; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938. დ. ბერძენიშვილი.