დმანისის სიონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დმანისის სიონი. VI ს.

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისა. მდებარეობს სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში. თავდაპირველი სახით მოაღწია მხოლოდ შუა ნავმა, რ-იც აღმ-ით დასრულებულია შვერილი ნახევარწრიული აფსიდით, ხოლო შიგნით დანაწევრებულია კედლებიდან მძლავრად გამოშვერილი პილასტრებით – მათ შორის შექმნილია ღრმა, ნახევარწრიული თაღით დასრულებული უბეები. ეკლესია ნაგებია მცირე ზომის, რუხი ფერის, მქისედ დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. სამხრიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნით მოხატული იყო. საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. გ. ჩუბინაშვილი, ლ. მუსხელიშვილი და ვ. ბერიძე ძეგლს VI ს-ით ათარიღებენ. ბოლო ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ დ. ს. IX ს-ში უნდა იყოს აშენებული (ე. არჯევანიძე). მოგვიანებით, 1213–23 შორის, ლაშა გიორგის მეფობის დროს, დას-იდან ტაძარს მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიაშენეს. იგი ძირითადი ნაგებობებისაგან განსხვავდება სტილითა და მორთულობის ხასიათით. კარიბჭის სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი შემოსილია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით, გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭის ერთერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა გიორგი, ეკლესიის აღმ-ით აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რ-იც მრავალჯერ არის გადაკეთებული. დღეს დ. ს. მოქმედი ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიაა (რესტავრ. 2009). ჩრდ.- აღმ-ით მდებარეობს XVII ს. წმ. მარინეს პატარა, ერთნავიანი ეკლესია, რ-ის სამხრ. ფასადზე, შესასვლელის ზემოთ წყობაში ჩასმულ მოზრდილ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, 1702 იგი განუახლებია ბატონიშვილი მარიამის გამდელს – ისახარს.

''ლიტ'' .: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936. შ. საღარაძე.