დმანისის ფაუნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლიოცენის დასასრულისა და მეოთხეული პერიოდის დასაწყისის (ეოპლეისტოცენი) ხერხემლიანთა ფაუნა, აღმოჩენილია ქვემო ქართლში, დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. დ. ფ-ის შემადგენლობაში დადგენილია გიგანტური სირაქლემა, მაჩვზღარბა, ეტრუსკის მგელი, ფოცხვერი, ჯიქი, დათვი, ხმალკბილა ვეფხვი, ეტრუსკის მარტორქა, სტენონის ცხენი, გიგანტური ირემი, ჟირაფი, ირემლაღი, ზორგელია, პირველყოფილი ძროხა და სხვ., დ. ფ-ს განსაკუთრებულ მეცნიერულ მნიშვნელობას ანიჭებს ფაუნის ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი აფრიკული წარმოშობის ადრეული ჰომინიდის Homo ergaster-ის ("მშრომელი ადამიანი") თავის ქალა და ქვედა ყბა. დმანისელი ჰომინიდი უძველესია ევროპაში და მისი აბსოლუტური ასაკი ერთი მილიონ რვაასი ათასი წელია. დმანისში ადრეული ჰომინიდისა და ვილაფრანგული ფაუნის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს უძველესი ადამიანისა და ფაუნის ისტორიის, მიგრაციის დროისა და გზების დასადგენად. ფაუნისა და პალინოლოგიური ნაშთების გამოკვლევით ირკვევა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლი) 1,8 მლნ. წლის წინ, სავარაუდოდ, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ეკავა სავანური ტიპის ლანდშაფტს თბილი და ზომიერად ტენიანი ჰავით. ა. ვეკუა.