დმანისხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული სახელწოდება მაშავრის ხეობისა, რ-იც თანამედროვე ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. დ. დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდან, რაზედაც მეტყველებს არქეოლ. მონაპოვარი ქვის ხანიდან მოყოლებული ფეოდ. ეპოქის ჩათვლით. მდ. მაშავრის აუზი (თავისი შენაკადებით: ფინეზაური, კაზრეთი, გეტისწყალი და სხვ.) ძვ. დროიდანვე ცალკე ისტ.-გეოგრ. ერთეულს ქმნიდა. ეს ტერიტ.-ადმ. გაერთიანება ("ხევი") უკვე ადრინდ. ფეოდ. ხანაში არსებობდა. VII ს. სომხ. გეოგრაფის მიხედვით, მას "ქვეშაფორ" ("ქვეშის ხევი") ერქვა. ეს სახელწ. ამ ერთეულს მისი ადმ. ცენტრის – ქვეშის ციხის – მიხედვით უწოდეს. იგი მდებარეობდა გეტის ხევისა და მაშავრის შესაყარში ამოზიდულ კლდოვან მასივზე, სადაც, როგორც ჩანს, წინაფეოდ. ხანიდანვე დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული პუნქტი ყოფილა. ძვ. ქართ. გადმოცემის თანახმად ტრადიციულად იგი "ქვეშის ხევი" გაჩიანის ანუ სამშვილდის საერისთავოში შედიოდა (ამ დროს ქალაქი დმანისი ჯერ კიდევ არ არსებობდა, მის ადგილას მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა). ადრინდ. შუა საუკუნეებში ქვეშის ხევი ისე დაწინაურებულა, რომ იქვე დაუარსებიათ საეპისკოპოსო კათედრა, ეპარქიული ცენტრი ამ ერთეულისა. საეპისკოპოსოში გაერთიანებული ყოფილა ტაშირიც. VI ს-ში მოიხსენიება დმანელი ეპისკოპოსი სამუელი. აქედანვეა ცნობილი VI–VII სს. ბიზანტ. მონეტების ცალები. VI ს-ში ააგეს დმანისის სიონის ტაძარი. "ქვეშის ხევის" შემადგენელ მცირე ხევებში რელიგ. ცენტრების არსებობაზე მიუთითებს შემდეგი ისტ. ძეგლები: გეტის ხევში – აკაურთის V–VI სს. ეკლესია, სტელები, დამბლუტის ხევში – უკანგორის ეკლესია (V ს.), კაზრეთის ხევში – VI ს. სტელები და სხვ. საყურადღებოა რელიეფური წარწერები უკანგორიდან (V ს.) და ბალიჭიდან (VI–VII სს.), ასევე VII–IX სს. ბერძნ. წარწერა კაზრეთის ხეობიდან. IX ს-იდან დმანისი იწყებს გაქალაქებას და, როგორც ჩანს, მთელი ხეობის ეკონ. ცენტრი ხდება. IX ს-ში ამ ერთეულს მისი ცენტრის მიხედვით "დმანისხევი" უწოდეს (ეს სახელი დარჩა XIX ს-მდე). დმანისის გაქალაქება მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიდი მნიშვნელობის სავაჭროსაქარავნო გზებთან, რ-ებიც აქ იყრებოდნენ: ფინეზაურის ხეობით ერთი გზა ტაშირსა და სომხეთში გადიოდა, მეორე – მაშავრის აყოლებით ჯავახეთისკენ, შემდეგ კი – ტაოსა და ბიზანტიისაკენ მიემართებოდა. დმანისში, გარდა ქართველებისა, ცხოვრობდა ვაჭრობა-ხელოსნობის მიმდევარი სომხ. და მუსლ. მოსახლეობაც, რასაც მოწმობს საფლავის ქვები, რ-ებზედაც სომხ. და არაბ. წარწერებია. არაბობის დროიდან მოკიდებული დმანისს ჰყავდა ამირაც – ქალაქის გამგებელი. ზოგიერთი ამირას სახელი შემორჩა ნარატიულ წყაროებსა და ეპიგრაფიკას. გარდა საერთაშ. მნიშვნელობის მაგისტრალებისა, დ. დასერილი იყო ადგილ. მნიშვნელობის სხვა გზებითაც: გეტის ხევით – ზურტაკეტ- თრიალეთისკენ და სამშვილდისაკენ; კაზრეთის ხევით – ბოლნისისაკენ, მაშავრის დაყოლებით კი – კახეთისა და ხუნანისაკენ. ამ გზების არსებობაზე მეტყველებს ხიდები, თუ ნახიდურთა ბურჯები დმანისთან, სატრედოსთან, გოჩულუსთან; ციხეები ბუჩურაშენისა, ბერიქალისა, ასევე გეტის, ფინეზაურისა და კაზრეთის ხევებში. შუა ფეოდ. ხანაში ქალაქი დმანისი და დ-ის უდიდესი ნაწილი სამეფო მამული იყო, რ-საც მეფის მოხელენი განაგებდნენ. ამაზე მიუთითებს იქაურ ეკლესია-მონასტრებში შემორჩენილი მრავალი წარწერა. გვიანდ. ფეოდალურ ხანაში დ. "საორბელოდ" ანუ ბარათაშვილების საგვარეულოდან გამოყოფილი ორბელიშვილების სათავადოდ იქცა. ამ სათავადოს რეზიდენცია იყო ტანძიაში (გეტისხევი), ხოლო საძვალე – დმანისის რ-ნში. ამ პერიოდში დ. შედიოდა "მეწინავე სადროშოში" (სამხ.-ადმ. ერთეული), რ-საც ორბელიშვილები სარდლობდნენ. XVII ს-ში საორბელოში ცალკე სათავადოდ გამოიყო საზურაბიშვილო, რ-იც კაზრეთის ხეობაში დამკვიდრდა. ორბელიშვილთა და ზურაბიშვილთა სააღმშენებლო მოღვაწეობა კარგად ჩანს ტანძიის, ქვეშის, დავითგარეჯისა და კაზრეთის ხეობის ტაძართა წარწერებიდან. გვიანდ. ფეოდ. ხანის უკანასკნელი საუკუნეების ძნელბედობამ დ-ის მკვიდრი მოსახლეობა იძულებული გახადა მიეტოვებინა იქაურობა. თითქმის მთლიანად დაცარიელებულ დ-ში შემდგომ დასახლდა ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული ქართული, აგრეთვე სომხური და თურქულენოვანი მოსახლეობა. ''წყარო'': ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2; 4, თბ., 1955–59; 1973.

''ლიტ'' .: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.