დობილნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რწმენით, ჯვარ-ხატის დამხმარე ზებუნებრივი არსებანი, რ-თაც ღვთაება შემცოდეთა დასასჯელად იყენებდა. წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბავშვების სახით, რ-ნიც უთვალავი რაოდენობით დილის მზის სხივებს მოჰყვებოდნენ და სოფელს მოეფინებოდნენ, საღამოს კი ჩამავალ მზის სხივებთან ერთად გაიკრიფებოდნენ. გადმოცემით, ალმაცერი სხივებით განათებულ ადგილებში საშიში იყო ქალებისა და ბავშვების სიარული. დ . მათ აავადებდნენ, მამაკაცებს კი, რადგან მათ ძლიერი ანგელოზი მფარველობდა, ვერ ერეოდნენ. ჯვარ-ხატების მიდამოებში აგებული იყო მათი სახელობის ნიშები, ე. წ. "დობილთ კოშკები", სადაც სრულდებოდა ლოცვა და შეწირვა – "აშალის" (პატარა ზომის თხელი მრგვალი პურის კვერები) გადაყრა ბავშვებისათვის. ავადმყოფობის გართულების შემთხვევაში მათ თიკანსაც სწირავდნენ. ვ. ბარდაველიძის შეხედულებით, ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში დ. დღის მნათობის სხივებს განასახიერებდნენ.

''ლიტ'' .: ო ჩ ი ა უ რ ი ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1988; Б а р д а в е л и д з е В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тб., 1957. თ. ოჩიაური.