დობროლიუბოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე [24. I (5. II). 1836, ნიჟნი-ნოვგოროდი, – 17(29). XI. 1861, პეტერბურგი], რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი. დ-ს ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა ქართვ. მოღვაწეებთან. 1859 "სოვრემენნიკში" დაიბეჭდა დ-ის რეცენზია გაბრიელ ქიქოძის (არქიმანდრიტი გაბრიელი) წიგნზე "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები". მას შემდეგ, რაც ი. ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა და თერგდალეულებს სათავეში ჩაუდგა, მან თავისი ჟურნალის – "საქართველოს მოამბის" პირველსავე ნომერში (1863) დაბეჭდა საკუთარი თარგმანი დ-ის სტატიისა "მამა ალექსანდრე გავაცი და მისი ქადაგება", რ-შიც აღწერილია იტალიის ეროვნ.-განმათ. ბრძოლა ჯ. გარიბალდის მეთაურობით. 1866 დაიბეჭდა დ-ის ლექსი "ყოველთვის და ყოველგან", რ-იც ა. წერეთელმა "მატლის" სათაურით გადმოთარგმნა (გაზ. "დროება", #22). ქართ. პრესაში გამოქვეყნდა დ-ის სხვა ლექსებიც, რ-თა თარგმანები ეკუთვნის რ. ერისთავს , ს. მესხს , კ. ლორთქიფანიძეს , ა. ცაგარელსა და ნ. ლომოურს . თავის წერილებსა და მოგონებებში დ-ს მაღალ შეფასებას აძლევდნენ ნ.ნიკოლაძე , ი. გოგებაშვილი, ნ. ლომოური, ს. ჭრელაშვილი, გ. მაიაშვილი, ა. ნანეიშვილი და სხვ. მოწინავე ქართვ. მოღვაწეები.

''ლიტ''.: ნ ი კ ო ლ ა ძ ე ა., რუსი რევოლუციონერ- დემოკრატები და ქართული ლიტერატურა, თბ., 1954; შ ა დ უ რ ი ვ., რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ, თბ., 1983. ვ. შადური.