დოდორქა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოდორქა. წმინდა დოდოს მცირე ეკლესია. VI ს. I ნახევარი.

მონასტერი, ფეოდალური სენიორია, განათლებისა და კულტურის კერა შუა საუკ. საქართველოში; ქართ. ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI ს. I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთერთმა მოწაფე დოდომ. შედგება VI – XVIII სს. რამდენიმე იარუსად განლაგებული გამოქვაბულის კომპლექსებისგან. დ. ყველაზე დიდ სიგრძეზე გაშენებული მონასტერია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს – XI–XIII სს. განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რ-ისგანაც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდ. კედელი და დას. ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულა საქართველოში ერთ-ერთი ადრინდ. (VIII–IX სს.) და მნიშვნელოვანი მხატვრობის ნიმუში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხ. ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რ-ზეც ქართ. წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორივე მხარეს თითო მედალიონია. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მის თავს ზემოთ ქიმებიანი მთვარეა, მეორეში ასევე მკერდამდეა გამოსახული ჭაბუკი ფრიგიული ქუდით, რ-საც მარჯვ. ხელში აგიზგიზებული ჩირაღდანი უჭირავს. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე – მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდ. ქრისტ. სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახული არიან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბიმი. დ-ის მონასტრის ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII–XV სს-ში დ. სამეფო მონასტერი იყო და ეპარქიულად რუსთავის საეპისკოპოსოში შედიოდა. 1424 ალექსანდრე I-მა იგი დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათოლიკოსო ტახტს – სვეტიცხოვლის ეკლესიას და XV–XVII სს-მდე კათოლიკოსპატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო შემდეგ, 1760-მდე – ნინოწმინდელ ეპისკოპოსს. XIII–XVIII სს-ში გარეშე მტრების (მონღოლები, თემურლენგი, თურქები, ირანელები და ლეკები) შემოსევებისა და ბატონობის შედეგად დ. ბევრჯერ დაცარიელდა. დ-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა XVII ს. დასასრულიდან, მაგრამ ხშირი ლეკიანობის გამო იგი კვლავ გაუკაცრიელდა. 1760 დ. დავითგარეჯას შეუერთეს. ამჟამად მონასტერი მოქმედია. ''ლიტ'' .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; В о л ь с к а я А., Росписи пещерных монастырей Давида-Гареджи, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, ტ. 8, თბ., 1988. ბ. ლომინაძე. თ. საყვარელიძე.