დოლარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ინგლ. dollar <გერმ. Taler)), თავდაპირველად აშშ-ის, შემდგომ მრავალი ქვეყნის ვალუტის დასახელება (ვალუტის ნიშანი – $ ან USD). იყოფა 100 ცენტად. წარმოიშვა სიტყვა "ტალერისაგან", რ-იც ეწოდებოდა შუა საუკუნეების გერმანიაში (1519 წ.) გამოშვებულ მონეტას. შემდგომ ეს დასახელება მიიღო ვერცხლის მონეტებმა ევროპაში. თავდაპირველად ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული მონეტა იყო პესო, რ-საც ჭრიდნენ ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში. პესოს ხშირად უწოდებდნენ "ესპანურ დოლარს". ევროპაში ვერცხლის ტალერის მონეტები მიმოიქცეოდა ყოველდღიურ ვაჭრობაში, ხოლო ოქროს ფულს ინახავდნენ მხოლოდ მსხვილი სავაჭრო გარიგებებისათვის. არსებობს მრავალი ვერსია დ-ის ნიშნის წარმოშობასთან დაკავ- შირებით. ერთ-ერთი ვერსიით ამ სიმბოლოს წარმოშობა უკავშირდება პესოს. ეს ნიშანი პირველად გამოყენებულ იქნა 1732 წ. ფულის ერთეულის გასაფორმებლად. იგი პირველად გამოჩნდა ესპანურ პესოზე, რ-იც მოიჭრა მეხიკოში და მიმოიქცეოდა ესპანეთის ჩრდილოამერიკულ კოლონიებში. აშშ-ის კონგრესმა 1786 წ. ოფიციალური ვალუტის მიმოქცევაში შემოღებისას გადაწყვიტა დაეტოვებინა კარგად ცნობილი და გავრცელებული დ-ის სიმბოლო. აშშში მიღებულ იქნა ბიმეტალისტური ფულადი სისტემა (ოქროს დ. და ვერცხლის დ.), იგი შენარჩუნებულ იქნა დიდი ხნის მანძილზე და გაუქმდა "ოქროს სტანდარტის შესახებ" კანონის თანახმად 1900 წ. ამჟამად "დოლარი" ეწოდება მრავალი ქვეყნის: კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ლიბერიის, ზიმბაბვეს, ბრუნეის, სინგაპურის, ბარბადოსის, გაიანის, ტრინიდადის და ტობაგოს, იამაიკის, დასავლეთ სამოას, ბელიზის, სიანგანის, აგრეთვე ბაჰამის და ბერმუდის კუნძულების და სხვ. ფულად ერთეულს. 1907– 49 წლებში დ. ეწოდებოდა მონეტას ჩინეთში. დ-ში ძირითადად მოიაზრება აშშ-ის დ., რ-იც დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. აშშ-ში 1786 შემოღებული დ. (ვერცხლის დ.) წარმოადგენს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) სავალო ვალდებულებებს. აშშ-ში სახელმწ. ცენტრ. ბანკის არარსებობის გამო მის ფუნქციას ასრულებს ფსს, რ-იც ექვემდებარება აშშ-ის კონგრესს. დ-ის ემისიის უფლება აქვს 12 კერძო ბანკს (ფსს-ის წევრებს). აშშ-ის დ. ოფიციალურად გამოიყენება ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. 1961-იდან გამოშვებული აშშის დ-ის ყველა ბანკნოტი დღემდე წარმოადგენს კანონიერ საგადამხდელო საშუალებას. 1971-იდან მოხსნილია აშშ-ის დ-ის ოქროს რეზერვით უზრუნველყოფა. თავისუფალ მიმოქცევაშია 1-, 2-, 5-, 10-, 20-, 50-, 100-დოლარიანი ბანკნოტები და 1, 5, 10, 25, 50 ცენტისა და 1 დ-ის ნომინალის მონეტები. 500, 1000, 5000, 10 000 და 100000 ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა, რ-ებიც გამოიყენებოდა ფსს-ის, აშშ-ის ხაზინის და ბანკთაშორის ანგარიშსწორებებში, შეწყვეტილია 1936- იდან და 1969-იდან ამოღებულია ბრუნვიდან ელექტრონული საგადამხდელო ანგარიშსწორებების შემოღების გამო. აშშ-ის დ-ის ბანკნოტების საბაზო დიზაინი დამტკიცდა 1928. ბანკნოტებზე გამოსახულია აშშის სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტები: 1- დ-იანზე – აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი; 2- დ-იანზე – მე-3 პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი; 5- დიანზე – მე-16 პრეზიდენტი აბრამ ლინკოლნი; 10- დ-იანზე – პირველი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ჰამილტონი; 20- დ-იანზე – მე-7 პრეზიდენტი ენდრუ ჯექსონი; 50- დ-იანზე – მე-18 პრეზიდენტი ულის გრანტი, 100- დ-იანზე – მეცნიერი, პუბლიცისტი და დიპლომატი ბენჯამინ ფრანკლინი. დ-ის კუპიურების მეორე მხარეს გამოსახულია აშშ-ის ისტორიის ამსახველი ილუსტრაციები. აშშ-ის დ. მწვანე ფერისაა, იგი დაცულია გაყალბებისაგან. მის დასაბეჭდ ქაღალდს უშვებს მხოლოდ ერთი კომპანია, რ-საც აკრძალული აქვს მისი გაყიდვა, გარდა აშშ-ის ფსსისა. საღებავის ფორმულა გასაიდუმლოებულია. დ. მზადდება ორ ფაბრიკაში, რ-ებიც განლაგებულია დედაქალაქ ვაშინგტონში და ტეხასის შტატის ქ. ფორტვარტში. ყოველდღიურად დ-ის დასამზადებლად იხარჯება 18 ტ საღებავი. ნომინალის მიუხედავად, დ-ის თითოეული ბანკნოტის მასაა 1 გ , მის დასამზადებლად გამოიყენება სელის, ბამბისა და სინთეზური ბოჭკოს ძაფი, რის გამოც არ ყვითლდება. დ-ის დახევისათვის საჭიროა ბანკნოტის 4 ათასჯერ გადაღუნვა. 1-დ-იანი ბანკნოტის გამოყენების ვადაა დაახლოებით 22 თვე, 100-დ-იანის – 60 თვე. დადგინდა, რომ 1792 წ. აშშში ერთი უნცია ოქროს ფასი უტოლდებოდა 19,3 დ-ს, 1834 წ. – 20,67 დ-ს. შემდგომში ოქროს დეფიციტის გამო დ-ის კურსი ეცემოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მისი დევალვაცია გაღრმავდა. 1934 წ. 1 უნცია ოქრო ღირდა 35 დ. 1944 წ. ბრეტონვუდსის შეთანხმებით შემოღებულ იქნა ოქროდევიზური სტანდარტი, რ-იც ეფუძნებოდა ოქროს და ორ ვალუტას – აშშ-ის დ-ს და დიდი ბრიტანეთის სტერლინგს, რითაც დამთავრდა ოქროს სტანდარტის მონოპოლია. 1976 შეიქმნა იამაიკის სავალუტო სისტემა და ოფიციალურად გაუქმდა დ-ის მიბმა ოქროსთან. დ. გახდა მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა. ევროს შემოღებამდე მსოფლიოს ქვეყნების სარეზერვო ვალუტის დაახლოებით 50% დ-ზე მოდიოდა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის ფორმირება ხდება აშშ დ-თან მიმართებით. დ. წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სახელმწ. სარეზერვო ვალუტას, რ-იც ეროვნ. ბანკის მიერ გროვდება და ინახება საერთაშ. ანგარიშსწორებისათვის. საქართველოს სახელმწ. სარეზერვო ვალუტის მოცულობაში დ-ის წილი განისაზღვრება 55,1 %-ით. 2011 წელს 1 აშშ-ის დ-ის კურსი ლართან მიმართებით მერყეობდა 1,64–1,81- ის ფარგლებში. ი . მესხია.