დონდუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. დონდუა.

გურამ დავითის ძე (17. III. 1922, თბილისი, – 12. III. 1986, იქვე), გეოგრაფი. 1950 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1953–75 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში სწავლულ მდივნად, 1975- იდან გარდაცვალებამდე – ქსეის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ფართო პროფილის გეოგრაფი. იკვლევდა საქართვ. სხვადასხვა რ-ნის გეომორფოლოგიას, შეისწავლა მდინარეების ჯეჯორისა და ღარულის (რიონის მარცხ. შენაკადები) აუზების ძველმყინვარული რელიეფის ფორმები. მისი ავტორობით გამოიცა დაწყებითი კლასების გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები (დ. დონდუასთან ერთად) და სასწ. გეოგრ. რუკები. მისი აქტიური მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა "გეოგრაფიის ტერმინოლოგია" (1967). დ-მ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში – დაადგინა ენციკლოპედიური ტერმინოლოგია, მოამზადა სხვადასხვა სახის გეოგრ. ლექსიკონები. დ. იყო ბუნების გარდაქმნის კომპლ. კვლევის პრობლემათა საქართვ. სექციის სწავლული მდივანი (1961–74), საქართველოს გეოგრაფიული საზ-ბის სამეცნ. საბჭოსა და საკავშირო ჟურნალ "გეოგრაფია სკოლაში" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ე. ლოლუა.





დონდუა

დავით დარისპანის ძე [3(15). X. 1898, ქუთაისი, – 1. V. 1958, თბილისი], პედაგოგი, გეოგრაფი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1945). პედ. მეცნ. კანდიდატი (1956). 1917 დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია, 1943 – თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. ასწავლიდა ქუთაისის და თბილისის სკოლებში (მ. შ. 14 წელი – თბილ. I საშ. სკოლაში). აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართვ. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზ-ბის მუშაობაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტში, ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ რესპ. კურსებს. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თსუ- ში, თელავისა და გორის პედ. ინტებში. იყო საქართვ. გეოგრ. საზბის თავ-რის მოადგილე (1940–54). გამოქვეყნებული აქვს ბუნებისმეტყველებისა და გეოგრ. სახელმძღვანელოები, მეთოდ. წერილები, სასწავლო პროგრამები, სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. შრომები. ხელმძღვანელობდა სასწ. გეოგრ. რუკების ქართ. ენაზე გამოცემას, გეოგრ. ნომენკლატურის ქართ. ტრანსკრიფციის დადგენას. 1926– 32 მისი სახელმძღვანელოთი ("წყარო") ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება ქართ. სკოლის დაწყ. კლასებში. 1916–24 ს. ჯაფარიძესთან ერთად გამოსცა საბავშვო ზღაპრების სერია "სურათები – ზღაპრები". მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' .: საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ტფ., 1923; ჩვენი მხარე ქართლი. მხარეთმცოდნეობითი ნარკვევი, ტფ., 1925; სამხედრო გეოგრაფია, მისი არსი და თემატიკა, თბ., 1942; როგორ ავგეგმოთ გარემო, თბ., 1943.

''ლიტ'' .: გ ა რ ს ე ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ე., დავით დონდუა, თბ., 1978; დავით დონდუა. [ბიობიბლიოგრაფია], შემდგ. ც. ცინაძე, თბ., 1978. ე. ლოლუა.




დონდუა

ვ. დონდუა.

ვარლამ დარისპანის ძე [21. IX(3.X). 1895, ქუთაისი, – 21. II. 1969, თბილისი], ისტორიკოსი, ფილოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). 1915 დაამთავრა ქუთ. ქართ. გიმნაზია, ხოლო 1927 – ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. 1929-იდან ლენინგრადის უნ-ტში კითხულობდა კავკ. ხალხთა ისტორიას, ქართ. ლიტ. ენისა და ქართ. პალეოგრაფიის კურსს. მუშაობდა აგრეთვე სსრკ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტსა (1934–42) და ენისა და აზროვნების ინ-ტში (1934–36), 1942-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინტში, 1954–69 ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობის განყბას. 1929–42, 1946–50 ლექციებს კითხულობდა ლენინგრადის, ხოლო 1942–54 – თბილ. უნ-ტებსა და სოხუმის პედ. ინ-ტში. დ-ს ნაშრომები ეხება საქართვ. სოც.-ეკონ., პოლიტ. და კულტ. ისტორიის პრობლემებს ანტ. ხანიდან XVIII ს-მდე. რამდენიმე საყურადღებო ნაშრომი მიუძღვნა რუს.-საქართვ. ურთიერთობის საკითხებს. დ. იყო საქართველოს ისტორიის სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების რვატომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში სპეც. წყაროთმცოდნეობითი დისციპლინების – არქეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, პალეოგრაფიისა და ტექსტოლოგიის – განვითარებაში. დ. ქართ. საისტ. წყაროების კვლევის დროს ყურადღებას აქცევდა ენობრივ საკითხებსაც. სპეციალურად შეისწავლა ქართ. სახელების -ეთ სუფიქსი. "ლიპარიტეთისა" და ანალოგიური ფორმის გვარ-სახელების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ -ეთ სუფიქსიანი სახელების ხმარება ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. მანვე დააზუსტა "ძე" სიტყვის ტერმინოლოგიური თავისებურება შოთა რუსთაველის ლექსიკაში (რუს. ენაზე). ცალკე სტატია მიუძღვნა "სტამბოლ" სახელის განმარტებას. გამოაქვეყნა ი. ჯავახიშვილის ერთი უცნობი წერილი (რ-შიც განმარტებულია "გლეხი", "ყაზახი", "კრესტიანსტვო", "მუჟიკი") და გაამდიდრა თავისი შენიშვნებით. დ-მ რუსულად თარგმნა ზოგიერთი ქართ. ისტ. წყარო (იაკობ ხუცესის "წამებაQ შუშანიკისი", თამარის მეორე ისტორიკოსის "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი", რკონის "დაწერილი", იოანე ბაგრატიონის "კალმასობა" და სხვ.). დ-ს მდიდარი ბ-კა დაცულია ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, სადაც შეიქმნა მისი სახელობის კაბინეტი სამკითხველო დარბაზითურთ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' .: საისტორიო ძიებანი, ტ. 1–3, თბ., 1967–85; შრომების სრული ბიბლიოგრაფია და ლიტ-რა მასზე, იხ. «ქართული წყაროთმცოდნეობა », 1971, ტ. 3. გ. იმნაიშვილი. რ. კიკნაძე.




დონდუა

კ. დონდუა.

კარპეზ დარისპანის ძე [13. X. 1891, ქუთაისი, – 3. XI. 1951, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ- პეტერბურგი)], ფილოლოგი, ენათმეცნიერი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1944). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1935), ლენინგრადისა და თბილ. უნ-ტების პროფესორი (1940-იდან). პეტროგრადის უნ-ტის დამთავრების შემდეგ (1922) იქვე ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. 1941–45 მუშაობდა თბილისში, საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტსა და თსუ- ში. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენებს, ზოგადი ენათმეცნ. პრობლემებს. მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია "ემფატიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში" (1930, რუს. ენაზე), "ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ" (1931, რუს. ენაზე), "მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში" (1932, რუს. ენაზე), "მაფემინიზებელი ხმოვანი ქართულში (1935, რუს. ენაზე), "ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და მისი კვალი ძველ ქართულში" (1938, რუს. ენაზე), "მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში" (1940), "შედარებითაღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში" (1940, რუს. ენაზე), "ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში" (1943), "გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა" (1948, რუს. ენაზე), "დამოკიდებული წინადადების განვითარების ისტორიიდან ძველ ქართულში" (1949), "ქართული ენის მესხური კილო" (1967, რუს. ენაზე). ყურადღებას იმსახურებს დ-ს კვლევები რუსთველოლოგიაში. მის ნაშრომებში – "ამირანდარეჯანიანი" (1937, რუს. ენაზე), "შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა" (1938, რუს. ენაზე), "მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა" (1938, რუს. ენაზე), "საშინელი უმეცრება" – დ. დანდუროვის წიგნის "შოთა რუსთაველის" შესახებ (1937, რუს. ენაზე; 1938, ქართ. ენაზე), "კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ" (1940, რუს. ენაზე), "ვეფხისტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის" (1943) და სხვ. გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტ. საკითხები.

''თხზ'' .: რჩეული ნაშრომები, [ტ.] 1, თბ., 1967; Статьи по общему и кавказскому языкознанию, Л., 1975.

''ლიტ'' .: А б а е в В. И., Памяти Карпеза Дариспановича Дондуа (к годовщине со дня смерти),«Известия АН СССР. Отделение лит. и языка», 1952, XI, в. 6 (გადაბეჭდილია დ-ს "რჩეული შრომები", გვ. 15–19); Т у р ч а н и н о в Г.Ф., К. Д. Дондуа – ученый и человек, წგ.: Статьи по общему языкознанию, Л., 1975. გ. იმნაიშვილი. ი. მეგრელიძე.