დონდუკოვ კორსაკოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე მიხეილის ძე [12(24). IX. 1820, სანქტ- პეტერბურგი, – 15(27). IV. 1893, სოფ. პოლონაია, ფსკოვის გუბ.], კავკასიის მთავარმართებელი 1882–90. თავადი, გენ.- ადიუტანტი (1869), კავალერიის გენერალი (1878). დაამთავრა სანქტ- პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი, რის შემდეგაც სამხ. სამსახური დაიწყო. მონაწილეობდა კავკასიის (1845–51), ყირიმის (1853– 56), რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. 1869–76 იყო კიევის, ვოლინის, პოდოლსკის გუბერნიების გენ.-გუბერნატორი, 1878–79 – უზენაესი კომისარი ბულგარეთში, 1880–82 ხარკოვის გენ.-გუბერნატორი. 1881 ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მთელ იმპერიას და განსაკუთრებით მის კოლონიებს რეაქციის ხანა დაუდგათ. 1882 გააუქმეს კავკასიის სამეფისნაცვლო. კავკასია კარგავდა იმ შეკვეცილ ადმ. ავტონომიას, რ-იც მას მანამდე ჰქონდა. 1882 ცარიზმის ერთგული დ.-კ. კავკ. სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებლად და კავკ. სამხ. ოლქის ჯარების სარდლად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა კავკ. მმართველობის ახ. დებულება, რ-იც 1883 შევიდა ძალაში. იგი ატარებდა რეაქციულ კოლონ. პოლიტიკას: კ. იანოვსკის ინიციატივით სკოლებში ჯერ შეიზღუდა, 1885-იდან კი საერთოდ აიკრძალა ქართ. ენის სწავლება; ქართვ. ერის დაშლადანაწილების მიზნით რეაქციონერებმა მეგრელები, სვანები, აჭარლები არაქართველებად გამოაცხადეს და შეუდგნენ მეგრული და სვანური უმწერლობო ენებისათვის რუს. ანბანზე დაყრდნობით ანბანისა და სახელმძღვანელოების შედგენას; სდევნიდნენ და ავიწროებდნენ ქართ. ეკლესიას; მკაცრი ცენზურა დაუწესეს ქართ. პრესას; იდევნებოდნენ ქართვ. ეროვნ. მოღვაწენი. დ.-კ-ის დასმენითა და მითითებით გადაასახლეს სტავროპოლში დ. ყიფიანი. 1890 დ.-კ. კავკასიიდან გადაიყვანეს და სახელმწ. საბჭოს წევრად დანიშნეს.

''თხზ'' .: Записки о положении Закаспийской области, СПб., 1887; Мои воспоминания, ч. 1–2, СПб., 1902–03.

''ლიტ'' .: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.