დორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორა.

ქვევრისებრი ან კოკისებრი თიხის ჭურჭელი, მოუჭიქავი. იხმარებოდა მარცვლეულის, მწნილის და სხვ. შესანახად, აგრეთვე სითხის საწყაოდ. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მისი ფორმა და ტევადობა სხვადასხვანაირი იყო. მეგრული დ. ქვევრისებური მოყვანილობისა იყო და 1,5–12 ფუთს იტევდა. ქვევრისაგან გამოირჩეოდა უფრო გადაშლილი პირით, ბრტყელი ძირითა და ყურებით. გარედან შემოვლებული ჰქონდა თიხისავე სადა ან დაკბილული სარტყლები. ლეჩხუმური დ. კოკას ჩამოჰგავდა და 30 ლიტრს იტევდა. მას ჰქონდა ქობიანი პირი, მომაღლო ყელი, დაქანებული მხრები, განიერი, ქვემოთ მოვიწროებული მუცელი, ყურები და სწორი ძირი; შემკული იყო გეომ. და მცენარეული ორნამენტით. იყო აგრეთვე ტუჩიანი, 15-ლიტრიანი დორაკი (დ-ს ნახევარი). XVIII ს. საბუთების მიხედვით, დ. კოკის ნახევარს უდრიდა (დაახლ. 15–18 ). დ. ქართ. წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVI ს-იდან. იხ. აგრეთვე მეტროლოგია ისტორიული. რ. თოდუა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დორა&oldid=4632-დან“