დორთქილისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორთქილისა. "ორმაგი" ეკლესია (გარდამავალი ხანა).

სოფელი, ისტ. პროვინცია კოლაში (მტკვრის სათავეები, არდაჰანის რ-ნი, ამჟამად თურქ. ტერიტ.). ახლანდ. სახელწ. თურქულად "ოთხ ეკლესიას" ნიშნავს. ძვ. ქართ. სახელი უცნობია. 1902 ე. თაყაიშვილმა აქ ნახა რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი. საინტერესოა დიდი, გუმბათიანი ეკლესია – ტრიკონქის ტიპის ნაგებობა (სამივე აფსიდი გარედან სამსამწახნაგაა). დასავლეთის მკლავი დასრულებულია განივი ეგვტერით და აქედანვეა ერთადერთი შესასვლელი ეკლესიაში. დაბალი გუმბათის ყელი, სავარაუდოდ, ეყრდნობოდა კედლებს ტრომპების მეშვეობით. კედლები შემოსილი იყო კვადრ. ფორმის პატარ-პატარა გათლილი ქვებით. ფასადებს არ ამკობდა დეკორი. ინტერიერში მოხატულობის კვალია. ე. თაყაიშვილი ძეგლს ათარიღებდა IX ს-ით. სავსებით მისაღებია, რომ იგი გარდამავალი ხანის, ანუ VIII–IX სს. ძეგლი იყო. სხვა ნაგებობათაგან აღსანიშნავია "ორმაგი" ეკლესია, ერთმანეთზე მიჯრით მიშენებული პატარა ერთნავიანი სამლოცველო და იმავე სიდიდის, გეგმით ჯვარისებრი გუმბათიანი ეკლესია (ბოძების გარეშე), რ-საც აღმით და დას-ით ორი შვერილი, ნახევრად წრიული აფსიდი ჰქონდა. ეკლესიაში საძვალე (კრიპტა) ყოფილა.

''ლიტ'' .: Б е р и д з е В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981. ვ. ბერიძე.