დოტაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. dotatio – საჩუქარი, შეწირულობა), დამატებითი ანაზღაურება, მატერიალური ან ფინანსური დახმარება: ა) იმ საწარმოებისა და დარგებისათვის, რ-თა შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან ნაკლებია მის საწარმოებლად გაღებულ ხარჯებზე, მ. შ. დანაკარგების დასაფარავად; ბ) ზოგადად მთელი ქვეყნის ან მისი ცალკეული რეგიონების სხვადასხვა საჭიროებების დასაფარავად; გ) მუშაკისათვის კვებაზე, ტრანსპორტზე (სამსახურებრივი გადაადგილებისათვის), სოც. დახმარების სახით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე. დ. ახდენს ზარალის დასაფარავად დამატებითი ხარჯების კომპენსაციას. საწარმოებისაკენ მიმართული დ. ეხმარება მათ, რათა თავი აარიდონ გაკოტრებას, მეორეს მხრივ კი, არ დაუშვან ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შესაბამის საქონელსა და მომსახურებაზე. დ-ის გარეშე წარმოების ხარჯების დაფარვა მოუწევდათ უშუალო მყიდველებს, რაც გამოიწვევდა ფასების სწრაფ ზრდას. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში დ., რ-იც იფარება ბიუჯეტიდან, მძიმე ტვირთად აწვება ამ უკანასკნელს, წარმოქმნის მის დეფიციტს, რის გამოც საჭირო ხდება ფულის დამატებითი ემისია. დ-ით, ფაქტობრივად, ხდება მიმდინარე ინფლაციის ნეგატიური შედეგების დროში გადავადება. დ. ფართოდ გამოიყენება, უმეტესად, ეკონომიკის სახელმწ.- მბრძანებლურ, ადმ. მართვაზე დაფუძნებულ ქვეყნებში; საბაზრო ეკონ. მქონე ქვეყნებში თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, რის გამოც დ-ის მასშტაბები ამგვარ სახელმწიფოებში ეკონომიკურზე მეტად ინსტიტუციურია. დ-ის სახეობებია სუბსიდია, გრანტი, ტრანსფერი. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი დ. გამოიყენებოდა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამდე, სახელმწ. მბრძანებლური ეკონომიკის დროს, იმ ზარალიან საწარმოთა დასაფინანსებლად, რ-თა პროდუქციის წარმოებაზე გაწეული გეგმური დანახარჯები აღემატებოდა მათ შემოსავალს. გარდა ამისა, დ. გაიცემოდა ზემდგომი (რესპუბლიკური) ბიუჯეტიდან (დაუბრუნებლად) ქვემდგომი ბიუჯეტების დასაბალანსებლად იმ შემთხვევაში, როცა მათი ხარჯები აღემატებოდა შემოსავლებს. საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში, როდესაც მოხდა საწარმოთა პრივატიზება, დ. ბიუჯეტიდან აღარ გაიცემა და, როგორც საბიუჯეტო რეგულირების მეთოდი, საქართველოში აღარ გამოიყენება. საბიუჯეტო რეგულირება ხდება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის სახელმწ. შემოსულობების წყაროების განაწილებით და აგრეთვე სახელმწ. და ავტონ. რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ტერიტ. ერთეულების ბიუჯეტების ფორმირებისათვის ტრანსფერების გამოყოფით. ს. არჩვაძე.