დოჩანაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. დოჩანაშვილი.

გურამ პეტრეს ძე (დ. 26. III. 1939, თბილისი), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2003). 1962 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1957 ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. პირველი მოთხრობები – "პირველი კონცერტი" და "თანამგზავრი" დაბეჭდა ჟურნ. "ცისკარში" (1961). მოთხრობების პირველი კრებ. – "მთის გადაღმა" გამოსცა 1966. დ-ის მოთხრობათაგან აღსანიშნავია "ნაბიჯი" (1969), "მხიარული ბორცვი" (1969), "იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი" (1971), "ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა" (1972), "საქმე" (1972), "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" (1973), "ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები" (1981), "განსმდგომი შუაკაცი" (1982), "იქამდე" (1987), "ლუბა-ვ, ჩემო სიყვარულო" (2005), "გივიზე" (2005) და სხვ. მისი ნაწარმოებების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები, მ. შ.: "თავფარავნელი ჭაბუკი" (ქართ. ფოლკლორის თეატრი, 1981, რეჟ. ა. ქანთარია); "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" (სატირის თეატრი, 1973, რეჟ. ზ. კანდელაკი); პიესა "ხორუმი ქართული ცეკვაა" (სატირის თეატრი, 1982, რეჟ. მ. კახაბრიშვილი) და სხვ. გადაღებულია მხატვრული ფილმები: "გამსვლელი პაიკი" (1972, რეჟ. ო. კობერიძე), "ბესამე" ["ვატერ(პო)ლოოს" მიხედვით, 1989, რეჟ. ნ. ახვლედიანი]. დ-ის შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ენობრივ-სტილური ძიებანი და არტისტიზმი, სატირა, ირონია, იუმორი; გარეგნულად უცნაური, ექსცენტრული პერსონაჟები. მისი მოთხრობების ძირითადი თემებია ხელოვნების სიყვარული და სიკეთე – ხან უკიდურესობამდე გამჟღავნებული, ხანაც – ძნელად ამოსაცნობი, დაფარული. 1978 დ-მა დაასრულა სამწიგნიანი რომანი "სამოსელი პირველი", რ-შიც სახარების იგავზე, "ძე შეცთომილი", დაყრდნობითა და სიმბოლურ-ალეგორიული ხერხებით ოსტატურადაა წარმოსახული დიქტატურის არსი, ატმოსფერო და მის წიაღში თავისუფლებისაკენ სწრაფვის წყურვილი. 1983 დ-მა მიიღო თბილ. სახელმწ. უნ-ტის უმაღლესი ჯილდო – ი. ჯავახიშვილის სახ. მედალი მოთხრობისათვის " მერომელიღაცე მიხეილ და კიდევ სხვანი, ორ-ორნი" ("ლიტერატურული საქართველო", 1993). შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის 1994 მწერალს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია, 1997 – ღირსების ორდენი. 2002 გამოიცა დ-ის ნაწარმოებები: "დაეძებდა" და "ძმისავ". 2003 მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და რომანისათვის "ლოდი ნასაყდრალი" დ-ს მიენიჭა შოთა რუსთაველის 495 სახ. სახელმწ. პრემია. ამავე წელს გამოვიდა მწერლის ნაწარმოებთა ოთხტომეული. 2005 დაიბეჭდა რომანი – "ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი". 2007 დაიბეჭდა მწერლის ავტობიოგრაფიული რომანი "რაც მეტად მახსოვს და უფრო მაგონდება" (წიგნი I), ხოლო 2009 – რომანი "არის და იყოც უცნაური ადამიანიც, წუთისოფელიც". 2006 დ-ს მიენიჭა საგურამოს პრემია, 2010 – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ლიტ. პრემია "საბა".

''ლიტ'' .: გ ე ლ ა შ ვ ი ლ ი ნ., აფრედერიკი და განაბულჯადოქრიანი საკრავი, მის წგ.: ტრაგიკული გრადაცია, თბ., 1991; ჩ ხ ე ი ძ ე რ., დომენიკო, მის წგ.: როცა შვიდნი ვართ, თბ., 1995. რ. ჩხეიძე.