დრანდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. პატარა კოდორის ნაპირას, საქართვ. რკინიგზის მაგისტრალსა და შავიზღვისპირა გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ათარბეკოვკა, ზემო ფშაფი, ქვემო ფშაფი, შაუმიანოვკა). ზ. დ. 40 , გულრიფშიდან 9 კმ . 2,7 ათ. მცხ. (1989). დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (XVII ს.). დ-ში დგას VIII ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. "არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა" (ვახუშტი ბაგრატიონი). ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. ზოგიერთი ელემენტით უახლოვდება მცხეთის ჯვარს. გეგმაში ჯვრის სამი მკლავი სწორკუთხედის ფორმისაა. კუთხის ოთახები გეგმით წრიულია. ამ სათავსებში შესასვლელი სამხრ. და ჩრდ. მკლავიდანაა. გარედან ჯვარი სწორკუთხედშია ჩასმული. აღმ. მხარეს წახნაგოვანი აფსიდი აქვს. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. აღდგენილია თავდაპირველი სახით XX ს. 70- იან წლებში (არქიტ. ვ. ცინცაძე). რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში დ-ის ეკლესიას, ისევე როგორც ამ ტერიტორიაზე განლაგებულ სხვა ეკლესია-მონასტრებს, საფრთხე ექმნებათ.