დრის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრის ციხე. შუა საუკუნეები.

ჯ ა ვ ა ხ ა ა ნ თ ც ი ხ ე, განვითარებული შუა საუკ. საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლი. საბუთებში იხსენიება ქ ვ ე ნ ა დ რ ი ს ი ს ც ი ხ ი ს სახელწოდებითაც, რადგან მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის ყოფ. სოფ. ქვენადრისის მახლობლად, მდ. თეძმის მარცხ. ნაპირის კლდოვან მთაზე. XVII ს-ში ეს "ციხე და ნახევარი ჭალა" ეკუთვნოდათ ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებს. 1624 ზაქარია და იესე ჯავახიშვილებმა გიორგი სააკაძეს გაერთიანების პირობა დაუდეს, რ-ის თანახმად დიდ მოურავს სხვა მამულებთან ერთად მიართვეს "ქვენადრის სახასო ციხე და სასახლე მისის ქვევრითა და გარეშემოთი". ქვენადრისში მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესიის საკუთარი ყმები სახლობდნენ, რ-ებიც თავისუფალი იყვნენ სამეფო გადასახადებისაგან; 1721 მანგლელმა ეპისკოპოსმა ძამუტაშვილებს განუახლა საყდრის ყმების სამკვიდროდ ნაქონი მოურავობა საჯავახიანოს სოფლებში, მ. შ. ქვენადრისშიც. XVIII ს. II ნახევარში სოფ. ქვენადრისი აოხრებულა. ამჟამად მხოლოდ სოფ. ზენადრისია შემორჩენილი. ყორე და რიყის ქვით ნაგები ციხე რთულ რელიეფზეა განლაგებული, ჩანს სხვადასხვა სამშ. ფენა. ციხის გეგმა რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. გალავანში ჩართულ კოშკთაგან ყველაზე მაღლა ფეოდალის საცხოვრ. კოშკი (დონჟონი) დგას. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესია.

''წყარო'' და ''ლიტ'' .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1940; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., წგ. 1, თბ., 1964; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 2, ტფ., 1909; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., წგ. 3, თბ., 1970. დ. ბერძენიშვილი. პ. ზაქარაია.