დროშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშის ტიპი ლაბარუმი რუსუდან დედოფლისა. XIII ს. I ნახევარი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი
სვანური დროშა "ლემის" ბუნი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.
კონსტანტინე მუხრანბატონის დროშის თავი. XVIII ს. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი
სვანური დროშა "ლემი". ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

[ავესტურ ენაზე (ძვ. ირან.) – "სინათლე", "ნათელი", "თვალსაჩინო"], ერთი ან სხვადასხვა ფერის გარკვეული ზომის ქსოვილი, რ-ის ერთი მხარე ხის ტარზეა დამაგრებული. ჩვეულებრივ დროშაზე გამოსახულია რაიმე ემბლემა: სახელმწიფოს, ჯარის, კორპორაციის ან საკულტო სიმბოლო. ამ მნიშვნელობით შევიდა ძვ. ირანულიდან ქართულში, ძვ. ინდურში, საშუალო ირანულში, სომხურსა და სირიულ ენებში. სავარაუდოა, რომ ქართ. ენაში ტერმინი "დ." აქემენიდური ირანის ხანაში შემოვიდა (ძვ. წ. VI–IV სს.), მაგრამ ქართ. წერილობით ძეგლებში ის მხოლოდ IX ს-იდან გვხვდება ("მოქცევაQ ქართლისაQ" და "ნინოს ცხოვრება"). დ-ის აღსანიშნავად ძვ. ქართ. წერილობით წყაროებში გვხვდება აგრეთვე "დრაუჟი", "ბაირაღი" და "ბავრაყი" ("ბაირაღისაგან" ნაწარმოები). "დრაუჟი" საშ. ირან. ტერმინია, პირველად გვხვდება XIII ს. წერილობით ძეგლებში, შემდგომ იგი ფართოდ გავრცელდა (ს.-ს. ორბელიანი მას განმარტავს როგორც დ-ის სინონიმს). "ბაიარაღი" თურქ. ტერმინია, "ბავრაყთან" ერთად ქართ. ტექსტებში გვხვდება XVIII ს-იდან. დ-ის ტარს ძვ. ქართულში "ძელი" ან "ბუნი" (ირანულად – "ძირი", "საფუძველი") ერქვა, ტარზე შებმულ ტილოს – "ალამი" (არაბ.). ზოგჯერ "ალამი" დ-ის სინონიმადაც იხმარებოდა. ალამი ბუნს ან ლურსმნით ჰქონდა მიკრული, ან მიბმული იყო. ქართ. დ-ის თავს უმთავრესად ჯვრის ან შუბისპირის ფორმა ჰქონდა, ზოგჯერ კი – ვაშლის. გვიანდ. შუა საუკუნეების ისტ. წყაროებში ძვ. ქართ. დ-ებზე არსებული ძუნწი ცნობები მცირე რაოდენობით შემოგვრჩა. სავარაუდოა, რომ საქართველოში დ. უკვე პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში გაჩნდა (სატომო, საკულტო დ-ები). რაც შეეხება დ-ის იერსახეს, მონაცემები მის შესახებ მხოლოდ XII–XIII სს-იდან გვაქვს. XII–XIII და მომდევნო საუკუნეების წყაროებიდან ჩანს, რომ შუა საუკუნეების საქართველოში სხვადასხვა დანიშნულების დები იყო: სახელმწ.- სამეფო (სეფედროშა საეკლ.-საკათოლიკოსო, სალაშქრო დანაყოფების (საქართველოს სამეფო, ხოლო XV ს-იდან ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები, დაყოფილი იყო ოთხ სალაშქრო-ადმ. ერთეულად – ოთხ სადროშოდ. თითოეულ სადრო- შოს თავისი განსხვავებული დ. ჰქონდა), უფლისწულ-ბატონიშვილების, დედოფლის, მთავრების, დიდი მოხელეების (ამირსპასალარი, ერისთავები, სახლთუხუცესი, მოურავები...), დიდი ფეოდალების (დიდებულები, თავადები) დ-ები. XI–XV სს-ში საქართველოს ჰქონდა ერთი სახელმწ. დ. – საქართველოს ერთიანი სამეფოს სიმბოლო, ხოლო XVI–XVIII სს- ში – უკვე რამდენიმე: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებისა და სამცხე-საათაბაგოს, ოდიშის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის (XVII ს-იდან) სამთავროების დები. ერთიანი საქართვ. სახელმწ. დ-ს ისტ. წყაროებში ეწოდება "გორგასლიანი და დავითიანი" ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"), აგრეთვე "ბაგრატოანური და უფროსღა გორგასლიანური" (იქვე). ქართ. დ-ის სახელწოდება, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანი საქართვ. დ. ვახტანგ გორგასლის დროინდელი იყო. რაც შეეხება "დავითიანს" და "ბაგრატოანურს", ი. ჯავახიშვილის აზრით, აქ იგულისხმებიან საქართვ. მეფეები ბაგრატ III და დავით აღმაშენებელი. თუმცა, შესაძლოა, მოიაზრებოდეს საქართვ. სამეფო დინასტიის წოდება "დავითიანბაგრატოვანი", რ-შიც აისახება გვარსახელი ("ბაგრატოვანი") და ბაგრატოანთა წარმომავლობა დავით ებრაელთა მეფისაგან ("დავითიანი"). საქართველოს სამეფო დ-ის იერსახისა და ფერის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა: ი. ჯავახიშვილი, XIII ს-ის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოზ ორბელიანის ცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ერ- თიანი საქართველოს სახელმწიფო დ-ის ბუნი თეთრი იყო, ხოლო ალამი – წითელი, შენახული ალმის მიხედვით – მუქი შვინდისფერი. შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაურის ი. კოტოვიჩის (კოტოვიუსის) ცნობით კი, საქართველოს დ-ის ალამზე გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, დ-ის თავზე კი ჯვარი ჰქონია გაკეთებული (ი. ჯავახიშვილი, თხზ., ტ. 7, თბ., 1984, გვ. 160–161). თეიმურაზ ბატონიშვილის აზრითაც, საქართვ. დ-ზე წმ. გიორგი ყოფილა. ამასვე ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილის რუკებისათვის დართულ საქართვ. გერბზე წმ. გიორგის გამოსახვა. წმ. გიორგის დ-ს ქართვ. პილიგრიმებთან ადასტურებენ მარინო სანუდო (XIV ს.), ი. ფონ ჰილდესჰაიმი (XIV ს.), აგრეთვე ქვემო რაინული აღმოსავლეთის აღწერა. არ არის გამორიცხული სხვადასხვა ქართ. დ-ზე გამოსახული ყოფილიყო იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი ან რომელიმე სხვა წმინდანი, როგორც ეს ზოგ გვიანდელი ხანის დ-ზე და გერბზეა წარმოდგენილი. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, საქართველოს ამირსპასალარის დ-ს ჰქონდა წითელი ალამი, რ-ზეც გამოსახული იყო თეთრი ნიშანი, ამ პერიოდის (XI–XV სს.) ალმის ფორმაზე ცნობები არაა შემორჩენილი. გვიანდ. ანალოგიის მიხედვით სავარაუდოა, რომ ალამი იყო სწორკუთხედის ფორმისა ან სწორკუთხედი, დაბოლოებული ორი სამკუთხა კალთით. დ-ების შესახებ ცნობები შუა საუკუნეების ევროპულ პორტოლანებზეც გვხვდება. ზოგიერთ მათგანზე (პ. ვესკონტეს 1320 შავი ზღვის ატლასი, ა. დულჩერტის , ფ. და დ. პიციგანოების 1367, გ. ვალსეკას 1439 და 1447 პორტოლანები, კატალონური ატლასი 1375 და სხვ.) საქართველოსთან დატანილია თეთრი დ. ხუთი წი- თელი ჯვრით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანიდან (XV– XVIII სს.) შემორჩენილია XVII– XVIII სს. რამდენიმე დ. მათგან აღსანიშნავია ორი სამეფო დ.: ქართლის მეფის ვახტანგ VI-ისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ისა. ვახტანგ VI-ის დ-ის ალამი მუქი შინდისფერია, გამჭვირვალე აბრეშუმისა, სწორკუთხა ფორმის, ტარზე ჩამოსაცმელი. მოხატულია ორსავე მხარეს. ერთ მხარეზე, ცენტრში, მედალიონისებურ ჩარჩო- ში გამოსახულია სვეტიცხოვლის აღმართვა: სვეტი, უჭირავს ორ ანგელოზს, სვეტის კვარცხლბეკთან დგანან მირიან მეფე და წმ. ნინო, ჯვრის კვარცხლბეკის ქვემოთ ქრისტეს კვართია. ალმის მეორე მხარეს ისეთსავე ჩარჩოში გამოსახულია დავით წინასწარმეტყველი (ბაგრატიონთა ლეგენდარული წინაპარი), იქვე – ბაგრატიონთა გერბის ემბლემები: სასწორი, სფერო, კვერთხი, შურდული. დავი- თის ზემოთ გამოსახულია ხმალი, სკიპტრა და გვირგვინი. ორივე მხარეზე, მედალიონის აქეთ-იქით, ადამიანის სახის მზისა და მთვარის დისკოებია. ალმის არე მოფენილია ვარსაკვლავებით. ალამს ოთხსავე კიდეზე გასდევს ასომთავრულით შესრულებული ტექსტი დავითის ფსალმუნიდან, რ-იც ბოლოვდება თარიღით – 1711. დ. ვახტანგს რუსეთში წაუღია. ბაქარ ბატონიშვილის შთამომავლისაგან ის მემკვიდრეობით მიუღია გოლიცინს. 1922 დ. საქართველოში დააბრუნეს. ამჟამად ინახება საქართვ. ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. სოლომონ I-ის დ-ის ალამი ვარდისფერია, სამკალთიანი. მის ერთ მხარეზე გამოსახულია ამხედრებული წმ. გიორგი, რ-იც კლავს გველეშაპს, მეორეზე – ხმალაწვდილი მთავარანგელოზი. დ-ის თავზე ჯვარია, ზედ ქვეითი წმ. გიორგია გამოსახული. ჯვრის ქვემოთ ბუშტია, რ-ზეც მხედრულად წერია: "მეფე სოლომონ". დ. ინახება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტ.-ეთნ. მუზეუმში. გარდა ამ ორი სამეფო დ-ისა, შემოგვრჩა ამ პერიოდის ორი საუფლისწულო დ.: გიორგი XIIისა (ინახება იოსელიანების ოჯახ- ში) და იულონ ბატონიშვილის დ-ის ნაწილი (საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი); რამდენიმე სათავადო დ.: მუხრანბატონისა (დაკარგულია, შემოგვრჩა ამ დ-ის ე. თაყაიშვილისეული აღწერილობა), პაპუა მოურავის (ენდრონიკაშვილის), გურიის ერისთავის (საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი); ეკლესიისათვის შეწირული რამდენიმე დ.: 1616 მაღალაძის მიერ კავთის წმ. გიორგის ეკლესიისთვის შეწირული, სოფ. გერის ეკლესიის (ორივე – საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის (ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), მჭადიჯვრის ორი დ. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ საქართველოს რუკაზე გამოსახულია თავადების, ერისთავებისა და მოურავების დ-ები, მაგრამ ძნელი სათქმელია რამდენად რეალურია ისინი. 1917 რუს. თებერვლის რევ. შემდეგ გაჩნდა ეროვნ. დ-ის აუცილებლობა. საქართველოს ინტერპარტიულმა საბჭომ ეროვნ. დ-ის პროექტის შესამუშავებლად მიიწვია ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, დ. შევარდნაძე, ი. ნიკოლაძე. შედგა დ-ის პროექტი, ავტორი იყო ი. ნიკოლაძე. საქართველოს ეროვნ. დ. პირველად გამოფინეს 1917 წ. 19–22 ნოემბ. სახაზინო თეატრში (ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრი) საქართვ. ეროვნ. ყრილობაზე და თეატრის აივანზე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს – 1918 წ. 26 მაისს – ეროვნ. დ. აღმართეს მთავრობის სასახლეზე (ახლანდ. თბილისის ახალგაზრდობის სასახლე). 1918 სექტ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ეროვნ. დ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწ. დ-ად გამოაცხადა. მიიღეს კანონი "საქართველოს რესპუბლიკის დროშის" შესახებ. მასში მოცემულია დ-ის აღწერილობა: "დროშა შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შვინდის ელფერისა), შავი და თეთრი თანასწორი ზოლები ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენენ ალმის განის ნახევარსა და სიგრძის ორ მეხუთედს". საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წ. 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რ-შიც ნათქვამია: "საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის შვინდისფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა" (მუხლი მეოთხე). საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922 დამტკიცდა საბჭ. საქართვ. დ. და გერბი. დ-ის ალამი წითელი ფერის ქსოვილის იყო: მარცხენა ზედა კუთხეში ოქროსფერი ასოებით ქართულად ეწერა: "სსსრ". 1937 მიღებულ იქნა დროშის ახალი ვარიანტი – წითელი ფერის ალამზე მარცხენა ზედა კუთხეში ოქროსფერი ასოებით ქართულად ეწერა: "საქართველოს სსრ". საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1951 წ. 11 აპრილის ბრძანებულებით დამტკიცდა საქ. სსრ ახალი სახელმწ. დ. ესკიზი შეადგინა ს. მაისაშვილმა. დ-ის ალამი იყო მართკუთხედის ფორმის წითელი ქსოვილი (სიგანისა და სიგრძის შეფარდება – 1:2); ზემო კუთხეში, ტართან ჰქონდა ცისფერი კვადრატი, მის შუაგულში – წრე, წრეში – ნამგალი და ურო, მათ თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი. წრიდან კვადრატის გვერდებს ეფინებოდა 24 სხივი. კვადრატის მარჯვ. გვერდის შუაგულიდან დ-ს მთელ სიგრძეზე გასდევდა ცისფერი ზოლი. 1990 წ. 14 ნოემბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საქართვ. რესპ. უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დ. 2004 შემოღებულ იქნა ახალი დ. იხ. სახელმწიფო დროშა.

''წყარო'': ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, იქვე; ს ტ ე ფ ა ნ ო ს ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს "ცხოვრება ორბელიანთა"-ს ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978.

''ლიტ'' .: ბ ა რ ნ ა ვ ე ლ ი ს., ქართული დროშები, თბ., 1953; ბ ი ჭ ი კ ა შ ვ ი ლ ი ი., ჩ ა გ უ ნ ა ვ ა რ., ისტორიული ცნობები ქართული ხუთჯვრიანი დროშის შესახებ, «24 საათი», 2004, #15; გ ა მ - ს ა ხ უ რ დ ი ა ს., შ ო შ ი ა შ ვ ი ლ ი ნ., ხ ი დ უ რ ე ლ ი ზ., საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები, თბ., 1990; თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში, თბ., 2004; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ, «პარლამენტის უწყებანი», 1997, #27, 28; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7); Б р у н Ф., Перипл Каспийского моря, Од., 1872. უ. სიდამონიძე. ნ. შოშიაშვილი.



ვახტანგ VI-ის დროშა. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.





სოლომონ I-ის დროშა. ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა (1918–21).
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (1922–37).
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (1937–51).
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (1951–90).
საქართველოს რესპუბლიკის დროშა (1990–2004).
საქართველოს სახელმწიფო დროშა (2004-იდან).



დროშა

პირველი ქართული არალეგალური სოციალისტური მიმართულების ყოველდღიური ჰექტოგრაფიული გაზეთი, გამოდიოდა პარიზში 1873 (რედ. ნ. ნიკოლაძე). გამოვიდა გაზეთის 10 ნომერი [1873 წლის 1 (13) აპრილიდან 10 (23) აპრილამდე]. ამის შემდეგ "დმ" არსებობა შეწყვიტა. გაზეთის დამფუძნებლები, თანამშრომლები და ავტორები იყვნენ: ნ. ნიკოლაძე, დ. მიქელაძე (მეველე) და პ. იზმაილოვი. "დ-ის" შექმნის იდეა წარმოიშვა პარიზში ნ. ნიკოლაძის მიერ ქართ. შრიფტის გამარტივებასა და ქართ. სტამბის მოწყობაზე მუშაობისას. დაბეჭდილი 10 ნომერი (თითოეული 100 ეგზემპლარად), უფასოდ ეგზავნებოდათ ციურიხში, ჟენევასა და ვენაში მცხოვრებ ქართველებს. გაზეთზე გამოხატული იყო გაშლილი დროშა, რ-საც ახლდა ი. ჭავჭავაძის სიტყვები: "თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ჩვენამდე მოაღწია გაზეთის მხოლოდ სამმა ნომერმა, რ-ებიც თავად ნ. ნიკოლაძემ ლონდონში ყოფნისას (1926 წ. დეკემბერში) ბრიტანეთის მუზეუმში აღმოაჩინა. გაზეთში გამოქვეყნებული მასალები თემატურად ასე იყოფა: საგარეო პოლიტიკა, ნაციონალური საკითხები, მუშათა მოძრაობის საკითხები, სოციალიზმის პრობლემა, სოც. და ისტ. ხასიათის საკითხები. რაც შეეხება "დ-ის" პოლიტ. მიმართულებას, შეიძლება ითქვას, რომ ის არის პირველი ქართ. არალეგალური სოციალ. გაზეთი, რ-იც ცდილობდა პროგრ. ევრ. აზროვნების გადმოტანას საქართველოში. რუსული ნაროდნიკობიდან ევროპული სოციალიზმისაკენ! – ასე შეიძლება შეფასდეს გაზეთ "დ-ის" იდეურ-პოლიტ. მრწამსი. "დ-ს" ეგზემპლარები ინახება ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი), ფოტოასლები კი – საქართვ. ეროვნ. ბ-კასა და ნ. ნიკოლაძის პირად საარქივო ფონდში (თბილისი).

''ლიტ'' .: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 2001; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927.



დროშა

ჟურნალი "დროშა" (1911–2003).

ჟურნალი. მის წინამორბედად მიიჩნევენ ნ. ნიკოლაძის მიერ პარიზში დაარსებულ გაზეთ "დ-ს", რ-ის პირველი ნომერი 1873 დაიბეჭდა. 1911 თბილისში ამხანაგობა "სორაპანის" სტამბაში დაიწყო "დ-დ" წოდებული პოლიტ. და ლიტერატურული გამოცემის ბეჭდვა, რ-იც სარეკლამო გამოცემა იყო (რედ. გ. გაჩეჩილაძე). მალე მან შეწყვიტა არსებობა და 1923 გამოვიდა ორკვირეული, სამხატვრო- სალიტერატურო, დასურათებული ჟურნ. "დ." (რედ. მ. კახიანი). 1950 ჟურნალი კვლავ დაიხურა და მხოლოდ 1951 განაახლა მუშაობა გ. აბაშიძის რედაქტორობით. ამ წლიდან მოყოლებული ჟურნალი საზ.- პოლიტ. და ლიტ.-პუბლიცისტური ილუსტრირებული გამოცემაა. 1951- იდან ჟურნალის რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ა. მირცხულავა, ა. ძიძიგური, გ. ნატროშვილი, რ. მარგიანი, ხ. ბერულავა, ო. ქინქლაძე, ჯ. ჩარკვიანი. იმდროინდელი "დ-ის" რედაქციასთან თანამშრომლობდნენ: კ. გამსახურდია, ს. კლდიაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, კ. კალაძე, რ. ინანიშვილი, ბ. ოკუჯავა და სხვანი. "დ-თან" ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი: ი. აბაშიძე, შ. ნუცუბიძე, შ. ამირანაშვილი, ვ. კუპრაძე, ე. ხარაძე, ვ. ბერიძე, ე. ახვლედიანი და სხვ. 1998 ჟურნალმა თავისი არსებობის 125-ე წელი აღნიშნა. ბოლო წლებში "დ-ის" მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ჯ. ჩარკვიანი (რედ.), გ. ბახტაძე, დ. ნოდია, ი. შარიქაძე, ვ. გვეტაძე, ც. არდაშელია, თ. სამსონაძე, მ. ცეცხლაძე, ჯ. მეხრიშვილი, ნ. კუპრეიშვილი, ე. ჩილაჩავა, ც. სიჭინავა, ნ. შარიქაძე და სხვ. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ნ. თათარაშვილი, ზ. კვანტრიშვილი, თ. ნინიძე, ე. შენგელაია, ზ. წერეთელი, თ. ჭილაძე. 2003-იდან ჟურნალმა შეწყვიტა არსებობა, თუმცა მალევე, ჯ. ჩარკვიანის პროექტით თ. ჩარკვიანმა საკუთარი სახსრებით გამოსცა განახლებული ჟურნალი "ქართული დროშის" სახელწოდებით გამოიცა ჟურნალის 4 ნომერი. "ქართული დროშა" უსახსრობის გამო იმავე წელს კვლავ დაიხურა. ე. ჩილაჩავა.






დროშა

ისრაელში გამომავალი ქართულენოვანი ჟურნალი. გამომცემელი – "საქართველოდან ამოსულთა საერთაშორისო ცენტრი". ჟურნალი გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ 1980–2003 წლებში. დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი ხ. ხუბელაშვილი (1980–97). მისი გარდაცვალების შემდეგ 1997–2003 "დ-ს" რედაქტორობდა რუვენ ენოხი (რუბენ ენუქაშვილი). ჟურნალის მთავარი ამოცანა იყო ისრაელში დაბრუნებული ქართველი ებრაელობის ახალ რეალობასთან ადაპტაციის გაიოლება, ქართულ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნება. ჟურნალში გამოქვეყნებული წერილები უმეტესწილად ეძღვნებოდა: ისრაელის ისტორიას, მისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირულ წარსულს, ისრაელის გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, ქართველ ებრაელთა ისტორიას, მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. ასეთივე იყო მისი სტატიების თემატიკაც – ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების, საკუთარ ძირებთან მიბრუნების სიხარული და ტკივილი საქართველოსთან განშორების გამო. "დ-ის" სარედაქციო კოლეგია, თანამშრომლები და ავტორები საქართველოდან ისრაელში ჩასული უმეტესწილად არაპროფესიონალი მწერლები (პოეტები, პროზაიკოსები) იყვნენ. 1990 თბილისში გამოიცა ჟურნალ "დ-ის" დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული "სამშობლოდან სამშობლოში" (შემდგენლები: გ. გვერდწითელი, გ. ბათიაშვილი; რედ. გ. ფანჯიკიძე). გ.ბათიაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დროშა&oldid=4693-დან“