დუალიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. duo – ორი, dualis – ორმაგი), მოძღვრება ორი საწყისის შესახებ. მოიცავს იმ ფილოსოფიურ და რელიგიურ მოძღვრებებს, რ-ებშიც აღიარებულია ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პრინციპი, მდგომარეობა, მსოფლხედვა, აზროვნების (შემეცნების) წესი, ძალა, სუბსტანცია და ყოფიერების სფერო. დ-ის საპირისპირო მიმართულებებია მონიზმი და პლურალიზმი . დ-ის ცნება პირველად 1700 გვხვდება თ. ჰიდთან (1636–1703) ნაშრომში „ძველ სპარსელთა რელიგიის ისტორია“. გერმ. ფილოსოფოსის კ. ვოლფის (1676–1754) აზრით, დუალისტი ჰქვია მას, ვინც მატერ. და არამატერ. სუბსტანციების არსებობას აღიარებს. ფილოს. ისტორიიდან ცნობილია მრავალი ცნებობრივი წყვილი, რ-იც დუალისტურია: მაგ., პლატონის მოძღვრებაში – იდეების სამყარო და გრძნობადად აღქმადი, წარმავალი საგნების სამყარო; არისტოტელესთან – ფორმა და მატერია, პოტენცია და აქტი; დეკარტთან – აზროვნება და განფენილობა, სხეული და სული; კანტის ფილოსოფიაში კი – თავისთავადი ნივთი და მოვლენა. შეიძლება დავასახელოთ დუალისტური ცნებობრივი წყვილების სხვა მაგალითებიც: სული და მატერია, სული და ბუნება, ღმერთი და სამყარო, ღმერთი და ეშმაკი, სუბიექტი და ობიექტი, გრძნობადობა და გონება, თავისუფლება და აუცილებლობა, რწმენა და ცოდნა, სიკეთე და ბოროტება, ყოფიერება და ყოფიერი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური, სინათლის სამყარო და სიბნელის სამყარო, ბუნებისმეტყველება და სულის მეცნიერება. ერთმანეთისაგან განასხვავებენ: მეტაფიზიკურ (იდეების სამყარო და გრძნობადად აღქმადი, წარმავალი საგნების სამყარო), რელიგიურ (ღმერთი და ეშმაკი), შემეცნებისთეორიულ (გრძნობადობა და გონება), ბუნებისმეცნიერულ (სხეული და სული), ეთიკურ (კეთილი და ბოროტი) და მეთოდოლოგიურ (ბუნებისმეცნიერება და სულის მეცნიერება) დ-ს. პლატონის მიერ წარმოდგენილი სამყაროს დუალისტური სურათის შეცვლას შეეცადა ნეოპლატონიზმი თავისი მონისტური მსოფლხედვით. ქართ. აზროვნებაში ამის თვალსაჩინო ნიმუშია იოანე პეტრიწის (XII ს.) თარგმანი და კომენტარი პროკლე დიადოქოსის (V ს.) „თეოლოგიის საწყისებისა“. თავისი კომენტარის წინათქმაში პეტრიწი გადმოსცემს საკუთარ ფილოს. პროგრამას და იქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველივეს საწყისი არის „წმინდა და უზადო ერთი“, რ-საც სიმრავლე ეზიარება. სწორედ ამ ერთთან ზიარების წყალობით იძენს სამყაროს ყოველი არსებული თავის ნამდვილ არსსა და არსებობას. პეტრიწის აზრით, პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ მთავარი მიზანი ამ ერთის დასაბუთებაა. მაშასადამე, ქართ. ნეოპლატონიზმში დ-ისა და პლურალიზმის საწინააღმდეგოდ, წინა პლანზე მონისტური პრინციპია წამოწეული. „შემეცნების ორადობის“, კერძოდ კი, „აზროვნების პრინციპთა დუალობის“ შესახებ საგანგებოდ მსჯელობს შ. ნუცუბიძე თავის ადრინდელ გერმანულენოვან ნაშრომში „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა" (1926, გერმ.). მისი აზრით, შემეცნების დუალობასთან დაკავშირებული პრობლემები აზროვნების ძირითადი კანონებისა და მეთოდების პრობლემებია. ამ პრობლემების გადაჭრას იგი მისივე შექმნილი ახ. ფილოს. დისციპლინის, ალეთოლოგიის ფარგლებში ცდილობდა. დ-ის პრობლემაზე საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, ის მოაზროვნეები საუბრობდნენ, რ-ებიც ფილოს. ისტორიის საკითხებს განიხილავდნენ. 1941 თბილისში გამოვიდა მ. გოგიბერიძის წიგნი „ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I). ავტორი დეკარტის ფილოსოფიაზე მსჯელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „დეკარტის პრინციპულ დუალიზმს“, რ-მაც ფრანგ ფილოსოფოსს შესაძლებლობა მისცა, შეემუშავებინა სუბსტანციის ორიგინ. განმარტება. ეს პრინციპული დ. დეკარტმა თავის ფსიქო- ლოგიაში გადაიტანა და სულისა და სხეულის პრინციპული დ-ის გზას დაადგა: ადამიანის სული და სხეული ერთმანეთთან შემთხვევით კავშირში იმყოფება, სინამდვილე- ში კი ისინი სრულიად დამოუკიდებელნი არიან. გოგიბერიძის აზრით, დეკარტის მოძღვრებაც შემდეგში სწორედ ამ პრინციპული დ-ის სხვადასხვა ინტერპრეტაციის სახით წარმოადგინეს მისმა მიმდევრებმა: ზოგიერთი სულიერ საწყისზე აკეთებდა აქცენტს, ზოგიერთი კი – სხეულებრივ საწყისზე. აქედან წარმოიშვა დეკარტის ფილოს. სპირიტუალისტური და მატერიალ. ინტერპრეტაციები. დეკარტის დ-ის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს კ. ბაქრაძე წიგნში „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969). მისი აზრით, დეკარტთან ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა დადგენილი: სულიერი და მატერიალური. პირველის ატრიბუტი აზროვნებაა, ხოლო მეორისა კი – განფენილობა. ამ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციის აღიარებით დეკარტი დ-ის თვალსაზრისზე დგას. კ. ბაქრაძის აზრით, სულიერისა და მატერიალ. დამოკიდებულების პრობლემა ფილოს. ძირითადი საკითხია, დ. კი ამ პრობლემას ვერ წყვეტს. ეს საკითხი ამ ორი საწყისიდან ერთერთის უპირატესობის აღიარებით შეიძლება გადაწყდეს. დეკარტის მიმდევრები და მისი მოწინააღმდეგეები სწორედ ამ გზით წავიდნენ: მათ ამ ორიდან ერთ-ერთ სუბსტანციას მიანიჭეს უპირატესობა. დეკარტის დ-ის შესახებ საუბრობს ს. წერეთელიც. მისი აზრით, იგი ტიპური დუალისტია, სახელდობრ კი – „სუბსტანციური დუალისტი“. მართალია, დეკარტი დ-ის გადალახვას ღმერთის ცნების დახმარებით შეეცადა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასთან მაინც ორი სუბსტანცია (სული და სხეული) დარჩა, რადგან ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დეკარტის დ-ის გადალახვა სცადეს ბ. სპინოზამ და გ. ვ. ლაიბნიცმა .

''წყარო'': ი ო ა ნ ე პ ე ტ რ ი წ ი, განმარტებაQ პროკლესთUს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისა- თUს, შრომები, ტ. 2. ქართული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფ., 1937.

''ლიტ''. : ბ ა ქ რ ა ძ ე კ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1972; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; გორდეზიანი რ., თ ე ვ ზ ა ძ ე გ., ნ ე მ - ს ა ძ ე მ., ჭ ე ლ ი ძ ე მ., ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1993; ნ უ ც უ ბ ი ძ ე შ., შრომები, ტ. 2, თბ., 1979; წ ე რ ე თ ე ლ ი ს., ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 2, თბ., 1986; I r e m a d z e T., Der Aletheiologischer Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neue Denkansätze, Tb., 2008. თ. ირემაძე.