დუგლაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. დუგლაძე
ვ. დ უ გ ლ ა ძ ე. "ფლორენცია. ძველი ხიდი". 1979. სერიიდან "იტალია".

ვახტანგ ვალერიანის ძე (დ. 23. VII. 1916, სოფ. კლდეეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985). 1943 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. იყო ა. ციმაკურიძის, უ. ჯაფარიძის, ს. ქობულაძისა და ა. ქუთათელაძის მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს ამავე წლიდან. 1946–48 მუშაობდა მოსკოვში ა. ქუთათელაძის სახელოსნოში. 1954–59 იყო საკავშ. სას.-სამ. გამოფენის, 1959–64 – თავდაპირველად სახ. მეურნეობის მიღწევათა საკავშ. გამოფენის საქართვ. პავილიონის, შემდეგ – რესპუბლიკების პავილიონების მთ. მხატვარი, 1964–79 – საკავშ. საზ-ბა "ზნანიეს" საცდელი ექსპერ. ფ-კის მთ. მხატვარი და დირექტორის მოადგილე. ამ პერიოდში მისი ნახატების მთ. თემატიკა იყო "მეცნიერული ციმბირი" და "კოსმოსის ათვისება საბჭოთა კავშირში". დ. აპროექტებდა ამ გამოფენებს, აწყობდა ექსპოზიციებს (ნახატები-ექსპონირებული იყო ავსტრიაში, დანიაში, ინდოეთში, იტალიაში, აშშ-ში, გფრ-ში, შვეციაში, იაპონიასა და სხვ.). დ. ძირითადად მოღვაწეობს პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში. ნამუშევრები: "ახალგაზრდა პარტიზანის დაკითხვა" (1943), "გენერალი ლესელიძე ფრონტზე" (1945); სერიები: "შვეცია" (1972), "ამერიკის შეერთებული შტატები" (1976–77), "იტალია" (1979) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ-ის ნამუშევართა ვრცელი სერია "საქართველო" (1977–86).






დუგლაძე

ჟ. დ უ გ ლ ა ძ ე. არქიტექტორის საცოლე, კადრი ფილმიდან "აბეზარა".

ჟუჟუნა იოსების ასული (დ. 4. X. 1928, ყვარელი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1967). 1946–48 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. 1950 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინტის სამსახიობო ფაკ-ტი. ამავე წლიდან 1970-მდე იყო თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი. დ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გაიანე (პ. კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო"), თამრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ინსცენირება გ. ნახუცრიშვილისა), ლიუდა (მაქსიმ გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლუსი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), კლარა (ბ. ნუშიცის "ფილოსოფიის დოქტორი"), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ქეთო (ნ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები", ქართულად გადმოკეთებულია ს. კლდიაშვილის მიერ), კეკე (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ბაბულო (ნ. კანდელაკის "სარეველა") და სხვ. 1955-იდან იღებენ კინოში. როლები: თამარი ("აბეზარა"), ჩიტო ("ორი ოჯახი"), მასწავლებელი ქალი ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.