დუკატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუკატი. ოქრო. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

(ლათ. ducatus), XII– XIX სს. ევროპული მონეტა. ტერმ. "დ." ამ სახელწოდების მონეტის მოჭრამდეც იხმარებოდა. არსებულ მონეტებზე ბიზანტ. იმპერატორები თავიანთ გვარსახელებს აწერდნენ. ასე გაჩნდა "დრაჰკანი-დ." (მიქაელ VII დუკას ოქროს მონეტა). დ. მოხსენიებულია ქართ. წყაროებშიც. ვერცხლის დ. პირველად მოჭრა სიცილიის მეფე –როჯერ II-მ (1140). ვენეციაში 1283–84 დოჟმა ჯოვანი დანდოლომ დაიწყო ოქროს დ-ის მოჭრა. ვენეციური მონეტის მასაა 3,559 . დ-ის შუბლზე გამოსახულია ვენეციის რესპ. მფარველი წმ. მარკოზი, რ-იც მუხლმოყრილ დოჟს გადასცემს ალამს. გარშემო ლათ. ზედწერილია: მარცხნივ – "წმინდა მარკოზი ვენეციისა", მარჯვნივ – დოჟის სახელი და გვარი, ალმის ტარის გასწვრივ – "ჰერცოგი", ზურგზე გამოსახულია ვარსკვლავებით გარშემოვლებული ქრისტე და წრიული ზედწერილი: "ქრისტეს საჰერცოგო, რომელსაც განაგებ, დეე გებოძოს შენ" (XV– XVIII სს.). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი მიმოქცევაში იყო ვენეციური, ჰოლანდიური და უნგრული დ-ები, რ-თაც უწოდებდნენ ფლურს, ჰოლანდიურ დ-ებს – ასლანსაც. დ . აღმოჩენილია მდ. ლეხურის ხეობაში, ქუთაისში, ანანურში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ახალსოფელსა (სოხუმის მუნიციპალიტეტი) და სოფ. ირაგაში (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). ინახება სხვადასხვა მუზეუმში.

ლიტ .: ქ ე ბ უ ლ ა ძ ე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVIII სს., თბ., 1971; Р о з а н о в С., Золотые „Лобанчики“, «Труды отдела нумизматики Гос. Эрмитажа», т. 1, Л., 1945. რ. ქებულაძე.