დუმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ.-მონღოლური თუმენ – ათი ათასი), სამხედრო- ადმინისტრაციული ერთეული XIII– XV სს. მონღოლეთსა და მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. დ. მონღოლთა ფეოდ. ლაშქრის ძირითადი შენაერთი იყო, შედგებოდა 10 ათ. მეომრისაგან და ათასეულებად, ასეულებად და ათეულებად იყოფოდა. დ. აღნიშნავდა აგრეთვე ტერიტორიას, რ-ის მოსახლეობას 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო. ქართვ. ანონიმი ისტორიკოსის, ე. წ. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIII ს. 40-იან წლებში, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დ-ებად დაყვეს, რასაც საფუძვლად დაუდეს ადგილ. ტრადიციული პოლიტ. და ადმ. სისტემა. დ-ის სათავეში ქართვ. ერისთავები დააყენეს: ეგარსლან ბაკურციხელი (კახეთი და ჰერეთი), ვარამ გაგელი (ქვემო ქართლი), შანშე მხარგრძელი (ქვემო ქართლი), გრიგოლ სურამელი (შიდა ქართლი), გამრეკელ-თორელი (ჯავახეთი), ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი (დას. საქართველო). სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, დუმნისთავები უნდა ყოფილიყვნენ აგრეთვე შოთა კუპრი (ჰერეთი) და ყვარყვარე ჯაყელი (მესხეთი). ამგვარად, საქართველო ცხრა დ-ად იყო დანაწილებული, მას "დოღუზ თუმან გურჯისტან" ("საქართველოს ცხრა დუმანი") ეწოდებოდა და 50-იან წლებში ჩატარებული აღწერის შედეგად 90 ათ. მოლაშქრის გამოყვანა ეკისრებოდა. საქართველოს დ-ებად დაყოფა 1247-იდან გაუქმდა.

წყარო : ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტ .: კ ი კ ნ ა ძ ე რ., საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ისტორიიდან, «ახლოაღმოსავლური კრებული», თბ., 1983; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). რ. კიკნაძე.