დუმაცხო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მთიულეთის ქედის აღმ. კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში. ზ. დ. 1600 , დუშეთიდან 60 კმ. 21 მცხ. (2002). ი. გიულდენშტედტი (1772) დ-ს იხსენიებს გუდამაყრის სოფლებთან. სოფლის თავში მდებარეობს ადრინდ. შუა საუკ. ნასოფლარი, გვიანდ. ხანაში აქ მშრალად ნაწყობი კლდის ქვით აუშენებიათ ზეგარდის წმ. გიორგის საქვაბე – თუნუქით გადახურული, საშ. სიდიდის, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა. ძვ. ნასოფლარის შენობები ნაგებია მსხვილი ლოდებით, მშრალი წყობით, არის როგორც ტერასული, ისე ციხე- სახლები. შემორჩენილია დიდი მოცულობის დარბაზი და ზურგიანი კოშკის ნაშთი. ნასოფლარის აღმ-ით, ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, დაახლ. 400 დაცილებით, ზურგიანი კოშკის ნანგრევებია. ზურგიანი კოშკის ნაშთია აგრეთვე ნასოფლარის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 500 -ზე. დ-ს ჩრდ.-დას-ით, 1,5 კმ დაშორებით, მდებარეობს გვიანდ. შუა საუკ. ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესია. დარბაზული ტიპის, გეგმით ოთხკუთხა უაფსიდო ნაგებობას აღმ. კედელში ვიწრო სარკმელი აქვს დატანებული. ეკლესიის შესასვლელი სამხრ-იდანაა. შიგნით და გარედან შელესილია. ჯ. გვასალია. ი. წიკლაური.