დუმაცხოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 780 , ხაშურიდან 20 კმ , გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ . 176 მცხ. (2002). სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ალის-წყლის სოფელთა სიაში "დუმაცხოს" სახელწოდებით. სოფლის სასაფლაოზე დგას კვირიკეს სახ. IX–X სს. პატარა, ერთნავიანი ეკლესია (ზაფხულში იმართება კვირიკობა). სოფლიდან 2 კმ -ზე, მაღალი მთის ზეგანზე, არის ადგილი "სამყვირალო" (დაახლ. 60 ჰა ), საიდანაც ჩანს ალის, ფცისა და დვანის ფრონის ხეობები. წინათ აქ მუხის და ფიჭვის ტყე იყო, რ-იც 1924 გაჩეხეს და დღეს სახნავ-სათესებს უკავია. დარჩენილია ნასოფლარის ნაშთი, წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია ნაგები იყო დიდი ლოდებით და დუღაბით. რამე საგანგებო ან საგანგაშო (მტრის შემოსევა, ლეკიანობა) მდგომარეობას აქედან ამცნობდნენ ხალხს საყვირით და თავს უყრიდნენ (როგორც ჩანს, ამიტომ ეწოდა ამ ადგილს "სამყვირალო"). სოფლის განაპირას, სამხრ-ით, დედაღვთისას ეკლესიათა კომპლექსია, რ-შიც შედის XVI–XVII სს. 2 ეკლესია და სათავდაცვო ნაგებობა; ასევე სამხრ-ით, სასაფლაოზე დგას გვიანდ. შუა საუკ. ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია, რ-იც დაზიანებულია. ჩრდ.- აღმ-ით, მდ. ჭერათხევის მარცხ. ნაპირზე, გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესიაა, ხოლო სამხრ-ით, სოფლიდან 1,5 კმ -ზე – XIX ს. სომანეთის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესიის (აგებულია უფრო ძვ. ეკლესიის ადგილზე) ნანგრევები.

ლიტ. : საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. ჯ. გვასალია. შ. საღარაძე.