დუმბაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაკი აბდულას ძე (დ. 16. VIII. 1940, სოფ. გეგელიძეები, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი), მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). 1966 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი – მექანიკის სპეციალობით. 1966–71 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. მანქანათა მექანიკის ინ-ტში (პოლიმერების განყ-ბაში), 1972–94 – საქართვ. კ. ზავრიევის სახ. სამშ. მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტის პოლიმერების ცოცვადობისა და ხანგრძლივი სიმტკიცის განყ-ბაში, 1994-იდან კი საქართვ. საავიაციო უნ-ტის სრული პროფესორია; იყო ამავე უნ-ტში თვითმფრინავმშენებლობის კათედრის გამგე (1995–2005). დ-ის სამეცნ. კვლევები ეხება დრეკადბლანტი (კომპოზიტური) სხეულების მექანიკას, კერძოდ, თხელკედლიანი გარსული კომპოზიტური კონსტრუქციების ცოცვადობაზე და ხანგრძლივ სიმტკიცეზე გაანგარიშებას ცვლადი გარემო პირობების ზემოქმედების გათვალისწინებით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ'' .: კომპოზიტური მასალების ცოცვადობა და რელაქსაცია, თბ., 2007.




სარჩევი

დუმბაძე ანტონ თეოფილეს ძე

ა. თ. დუმბაძე.

(7. I. 1933, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 25. XI. 1998, თბილისი), მხატვარგრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1984). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1960). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. გრიგოლია, ს. ქობულაძე, ვ. ჯაფარიძე, ვ. ქუთათელაძე. 1960-იდან მხატვრად მუშაობდა შრიფტის ექსპერ. ლაბორატორიაში (1972-იდან – გამგე), სადაც ბ. გორდეზიანის ხელმძღვანელობით დაეუფლა ქართ. სასტამბო შრიფტის პროექტირების ხელოვნებას. 1960– 88 შექმნა და წარმოებაში დანერგა 18 სატექსტე და 30 სატიტულო, საწერი მანქანებისა და სააფიშო შრიფტი. დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. და მხატვრული გემოვნება. მის მიერ შექმნილი საშრიფტო გარნიტურები თანამედროვე ქართ. საშრიფტო ხელოვნ. მნიშვნელოვანი შენაძენია, მ. შ. აღსანიშნავია: "უნივერსიტეტი", "ლიტერატურული", "ენციკლოპედიური" (ამ შრიფტით დაიბეჭდა "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" ტომები), "ნაკადული", "გორდა", "აკადემიური", "ილია", "ილია II" და სხვ. (ყველა საშრიფტო გარნიტური პრემირებულია და დანერგილია წარმოებაში). დ . მუშაობდა დაზგურ გრაფიკაშიც. 1990-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).






დუმბაძე ანტონ ნიკოლოზის ძე

ა. ნ. დუმბაძე.

(1824–1907), ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი უბადლო მცოდნე და მასწავლებელი. სამგალობლო ტრადიციების მქონე დუმბაძეების საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი მოღვაწეობდა გურიაში, შემოქმედის მონასტერში. მასთანაა დაკავშირებული გალობის განსაკუთრებული კილოს შემოღება, შესწავლა, დაცვა და განვითარება. დ. ამ საგვარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო XIX ს. დას. საქართველოში. თანამედროვეთა შეფასებით იგი არის "თვით პაპა გურულის გალობისა, აღმდგენელი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია- სამეგრელოში". ის "სრული მგალობელია", რ-ის გარშემოც თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები: მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე და სხვ. დ-ის საგვარეულოს მიერ დამკვიდრებულ კილოს შემდგომში დუმბაძის კილო ეწოდა. ცნობილმა მუსიკოსმა, მომღერალმა და ფოლკლორისტმა ფილიმონ ქორიძემ დ-ისაგან გურიაში ჩაიწერა, ნოტებზე გადაიტანა და კრებულების სახით გამოსცა ასობით საგალობელი, რ-თა მცოდნე იმ დროს სხვა აღარავინ იყო. ესენია: პარტიტურა #1 "ქართული გალობალიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისათვის" (ტფილისი, 1895); პარტიტურა #2 – საგალობელნი პირველშეწირულისა ვასილი დიდისა, მღვდლად კურთხევისა და ქორწინებისა და სხვ. დიდი ნაწილი დ-ის მიერ გადმოცემული საგალობლებისა დღემდე გამოუქვეყნებელია. დ. შუღლიაშვილი.






დუმბაძე გივი გრიგოლის ძე

(16. II. 1925, ოზურგეთი, – 11. V. 1999, თბილისი), პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1994). 1952 დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1965–69 ხელმძღვანელობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლ. და ექსპერ. თერაპიის განყ-ბას, 1969–74 იყო ანალოგიური განყბის გამგე თბილ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1974–99 იყო თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინტის ცენტრალური სამეცნ.-კვლევითი ლაბორატორიის (1994-იდან – თსსუ-ის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი) დირექტორი. იმავდროულად (1986–91) – ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში; დ. სწავლობდა ექსტრემალური მდგომარეობის პათოფიზიოლ. და ექსპერ. თერაპიას, აგრეთვე კორუნდოკერამიკული მასალის გამოყენებას ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში და სხვ. აქვს ორი გამოგონება: "კარდიოპოლიგრაფი" და "ცილიარული სხეულიდან ბიოპოტენციალების რეგისტრაციის მეთოდი". მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1990-იდან არჩეულია სრულიად საქართვ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტად. მონოგრაფიისთვის ("ექსპერიმენტული სეფსისის პათოგენეზის საკვანძო საკითხები") დ. თანაავტორებთან ერთად დაჯილდოებულია თსსუ-ს მიერ დაწესებული "ილარიონ ქართველის" მედლით (1999).

თხზ .: ფსიქოფიზიოლოგიური სისტემურ- ანალიზური გამოკვლევის მეთოდი მედიცინაში, თბ., 1986 (თანაავტ.: გ. ვასაძე, ი. მიხელი).




დუმბაძე გიორგი მიხეილის ძე

(1866, თბილისი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1913). რუს. იმპერატორის საზაფხულო რეზიდენციის კომენდანტი ლივადიაში (ყირიმი). იმპერატორის ამალის გენ.-მაიორი, ნიკოლოზ IIსთან დაახლოებული პირი.




დუმბაძე ვასილ (ვასო) დავითის ძე

(1880, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1943, ნიუ-იორკი), ეკონომისტი, ბიზნესმენი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1906 დაამთავრა ლაიფციგის უნ-ტი, მიიღო ფილოს. დოქტორის დიპლომი. მუშაობდა კავკ. მეფისნაცვლის ი. ვორონცოვდაშკოვის მამულების მმართველად. მისი დავალებით დ-მ შეადგინა ვორონცოვის მამულებში მდებარე დნეპრის ჭორომების ელექტრიფიკაციისათვის გამოყენების გეგმა, რ-ის განსახორციელებლად დაუკავშირდა ამერ. ფინანსისტებს. დაამუშავა და მთავრობას წარუდგინა პეტროგრადის კანალიზაციის გეგმა, რ-საც უმაღლესმა სამეცნ.-ტექ. კომიტეტმა "იდეალურად დამუშავებული" უწოდა და ავტორთან ხელშეკრულება დადო სამუშაოს დაწყების თაობაზე. დ-ს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმპერიის გავლენიან პირებთან, განსაკუთრებით სამხ. წრეებთან, კერძოდ კი სამხ. მინისტრ ვ. სუხომლინოვთან. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს ხელში ჩაიგდო უმსხვილესი სამხ. დაკვეთები. იმავდროულად სამეფო კარის საიდუმლო დიპლ. მისიასაც ასრულებდა – ორჯერ კონფიდენციალურად იყო საზღვარგარეთ, რათა ნიადაგი მოესინჯა გერმანიასთან ზავის დასადებად. აქტიურად მონაწილეობდა ქარ- თულ საქმეებშიც, იყო I მსოფლიო ომის (1914–18) დროს დაჭრილ ქართვ. ჯარისკაცთა დახმარების საზ-ბის ერთ-ერთი ორგანიზატორი პეტროგრადში, მისი გამგეობის წევრი. თავისი წვლილი შეიტანა პეტროგრადის ქართ. ეკლესიის გახსნაში. მეგობრობდა ცნობილ პოლიტ. მოღვაწესთან – გ. მაჩაბელთან, რ-იც ომში რუს. დამარცხების შემდეგ გერმანიის დახმარებით საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვებას იმედოვნებდა, ასრულებდა მის საიდუმლო დავალებებს. 1915 ზაფხულში დ. და ვ. სუხომლინოვი დააპატიმრეს, ბრალად დასდეს ჯაშუშობა. სასამართლომ ორივეს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, რაც მეფემ 20-წლიანი კატორღით შეუცვლა. 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ დ-ის საქმე გადასინჯეს და თავდებით გაათავისუფლეს. 1919 ზაფხულში მორიგი აფერისათვის კიევში დააპატიმრეს წითელმა კომისრებმა, მაგრამ ქართველებმა სიკვდილს გადაარჩინეს. შემდეგ ამერიკაში წავიდა და წარმატებით ჩაერთო ბიზნესში. 1934, ამერიკის ქართ. სათვისტომოს თავ-რის გ. მაჩაბლის გადადგომის შემდეგ, დ. თავ-რედ აირჩიეს. დ . მ. ჯავახიშვილის პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის ერთ-ერთი პროტოტიპია.

თხზ. : Генерал-адъютант Владимир Александрович Сухомлинов, Петроград, 1914.

ლიტ .: ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., ლეგენდად დარჩენილი, «მნათობი», 1991,

  1. 8. ა. ასლანიშვილი.




დუმბაძე თამაზ სევერიანის ძე

(დ. 1. I. 1936, თბილისი), გენერალლეიტენანტი (1999). დაუსწრებლად დაამთავრა მოსკ. ვაჭრობის ინ-ტი (1979). შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის #1 სამკერვალო ფ-კაში, შემდეგ იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მონაწილეობდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში (1989–90), ეროვნ. გვარდიის შექმნასა და მისი შემდგომი ფორმირების საქმეში. დ. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე (1992), საქართვ. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992–98), საქართვ. თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი (1998–2004). არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (1998). ლ. დოლიძე .




დუმბაძე ივანე ანტონის ძე

(19. I. 1851, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1. X. 1916), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907), ა. ნ. დუმბაძის შვილი. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია და თბილ. იუნკერთა სასწავლებელი. 1869-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა 1877–78 რუს.- ოსმ. ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ მსახურობდა ფოთის სარეზერვო პოლკში. 1903–07 მეთაურობდა მე- 16 მსროლელთა პოლკს და 34-ე ქვეითთა დივიზიის მე-2 ბრიგადას. მონაწილეობდა 1904–05 რუს.-იაპონიის ომში, სადაც კონტუზია მიიღო. სიჭაბუკეში ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. ნაციონალისტებთან, მაგრამ 1900-იანი წწ. დამდეგს ჩამოშორდა მათ, მიემხრო შავრაზმულ "რუსი ხალხის კავშირს", გახდა რუს. იმპერიის უერთგულესი მსახური და უმოკლეს დროში დაწინაურდა. რუსი დემოკრატები მას ნიკოლოზ II-ის ყველაზე სისხლიან ოპრიჩნიკად მიიჩნევდნენ. 1907-იდან დ-მ ქ. იალტის უფროსის პოსტი დაიკავა. 1914-ში კი ერთგული სამსახურისათვის იმპერატორმა მისთვის საკანონმდებლო გზით დააწესა ქ. იალტის ქალაქისთავის ("გრადონაჩალნიკის") სპეც. პოსტი, რ-იც დ-ს 1916-მდე ეკავა. "დუმბაზიაში" (ასე უწოდებდნენ ყირიმს ლიბერალები) იმპერიის ფრთამოკვეცილი კანონებიც კი არ მოქმედებდა. იქ ყვლაფერი ისე კეთდებოდა, როგორც მეფის ამ უერთგულეს მსახურს სურდა. 1907, როცა ესერებმა დ-ზე თავდასხმა მოაწყვეს, გენერალმა ბადრაგს უბრძანა, ალყა შემოერტყათ იმ სახლისათვის, საიდანაც ბომბი ისროლეს, და ყველა დაეწვათ. დ-ის მოღვაწეობამ ისეთი სკანდალური ხასიათი მიიღო, რომ თვით ოქტიაბრისტებიც კი იძულებული გახდნენ დაინტერესებულიყვნენ მისი საქმიანობით და დაესვათ მისთვის შეკითხვა სათათბიროში. გენერალმა დაადასტურა წაყენებული ფაქტების სისწორე და დაუმატა: საჭიროდ არ ვთვლი ველოლიავო ლიბერალებსა და მემარცხენეებსო. 1912 დ-ს იმპერატორის ამალის გენ.-ადიუტანტობა ებოძა. რომანოვების ტახტის გადასარ- ჩენად დ. საჭიროდ მიიჩნევდა გ. რასპუტინის თავიდან მოშორებას და ამის თაობაზე ნიკოლოზ II-ს მოახსენა. მას სთხოვეს არ ჩარეულიყო იმპერატორის ოჯახის საქმეებში. ამის გამო დ-მ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა და პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ს. ბელეცკის შესთავაზა, მოეკლა რასპუტინი იალტიდან კატარღით გადასვლის დროს. წინადადებას შედეგი არ მოჰყოლია. 1916 დ. ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. დ. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის, წმ. ანას და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ჰყავდა ძმები – გენერლები იოსებ, მიხეილ, ნიკოლოზ და სამსონ დუმბაძეები. მ. გოგიტიძე. შ. ცირეკიძე.




დუმბაძე ივანე ტარიელის ძე

(XIX ს. 50-იანი წწ. – 1912, სანქტ- პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906). მონაწილეობდა რუს.- ოსმ. (1877–78) ომში. შემდეგ იყო ქ. ოდესის პოლიციის უფროსი. მოკლა რევოლუციონერმა ტერორისტმა.




დუმბაძე იოსებ ანტონის ძე

(3. I. 1865, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. სამხ. სამსახური ადრე დაიწყო. მონაწილეობდა 1904–05 რუს.-იაპონიის ომში. 1912-იდან მეთაურობდა ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის I საარტ. ბრიგადას. დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.




დუმბაძე მამია ქიშვარდის ძე

[3(16). VI. 1915, სოფ. ზენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 25. III. 1990, თბილისი], ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1980). ისტ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). 1938 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1942-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1958–89 საქართველოს შუა საუკ. ისტორიის განყ-ბის გამგე იყო. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის სოც.-ეკონ., პოლიტიკურ და კულტ. ისტორიის საკითხებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების – "თბილისის ისტორიის", საქართვ. ისტ. რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართ. და რუს. ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის რედკოლეგიის წევრი, IV ტომის (1973) რედაქტორი და თანაავტორი (საქართვ. სახელმწ. პრემია, 1982).

თხზ .: ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათ., 1950; აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან (XIX ს. რეფორმამდელი პერიოდი), თბ., 1953; დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957; ნიკო ბერძენიშვილი, თბ., 1964; რუსთაველის საქართველო, თბ., 1966. ქ. ჩხატარაიშვილი.




დუმბაძე მიხეილ ანტონის ძე

(16. II. 1858, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1913). გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. მსახურობდა იმპერიის სხვადასხვა სამხ. ოლქში. მეთაურობდა პოლკს, ბრიგადას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18).




დუმბაძე ნაზი (ნათელა) ივანეს ასული

ნ. დ უ მ ბ ა ძ ე სცენაზე.

(21. VI. 1938, თბილისი, – 27. XII. 2006, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1967). სტუდენტი ახალგაზრდობის საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1956). 1955 დაამთავრა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინ-ტი, ფრანგული და ესპანური ენების განხრით. სიმღერა დაიწყო ინ-ტის თვითმოქმედ კოლექტივში. 1956-იდან იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივში: "ლალე" (1956–57, ხელმძღვ. ე. სეფაშვილი), "რერო" (1957–69, ხელმძღვ. კ. პევზნერი), "დიელო" (1969–71, ხელმძღვ. ა. ებრალიძე), "ჯაზ-ქორალი" (1971–72, ხელმძღვ. ა. კილაძე). დ-ის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რ-თაგან აღსანიშნავია: დ. არაყიშვილის "ურმული", გ. ცაბაძის "ჯარისკაცის დედა", "ლალე", "პაემანზე", ო. თევდორაძის "სიყვარული მოგვრევია" და სხვ. ფართო დიაპაზონის ხმა (ალტი) და შესრულების თავისებური მანერა საშუალებას აძლევდა დიდი ოსტატობით მიეტანა მსმენელამდე ქართ. და მსოფლიო ხალხთა სიმღერები. ვ.გოგოლაშვილი.






დუმბაძე ნიკოლოზ ანტონის ძე

(10. VII. 1854, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. 20-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1906). გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია და თბილ. სამხ. სასწავლებელი. 1876-იდან არმიაში იყო. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1877–78 ომში. 1902–04 მეთაურობდა ხოჯენტის სარეზერვო ბატალიონს, 1904–07 – 49-ე ბრესტის ქვეით პოლკს, 1907–11 – მე-3 გრენადერთა დივიზიის I ბრიგადას. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.




დუმბაძე ნინო იაკობის ასული

ნ. ი. დუმბაძე.

(23. V. 1919, ოდესა, – 14. IV. 1983, თბილისი), სპორტსმენი (მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა). პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი, სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1944), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1972). თბილ. "დინამოს" (1938–52) წევრი. დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი (1955). იყო სსრკ ათგზის (მ. შ. ორგზის ხელყუმბარის ტყორცნაში), ევრ. ორგზის (1946, 1950) ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში, XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ბრინჯაოს პრიზიორი. 12 წელი მსოფლიო რეკორდსმენი იყო ბადროს ტყორცნაში. პირველი ოფიც. მსოფლიო რეკორდი (53,25 ) დაამყარა მოსკოვში (1948), მეორე (53,37 ) – გორში (1951), მესამე (57,04 ) – თბილისში (1952). ნომინაციაში "საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი ქალი" დ. დასახელდა ნ. გაფრინდაშვილისა და ნ. სალუქვაძის შემდეგ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ნ. გუგუშვილი.









დუმბაძე ნოდარ ვლადიმერის ძე

ნ. ვ. დუმბაძე.

(14. VII. 1928, თბილისი, – 14. IX. 1984, იქვე), მწერალი, საზოგადო მოღვაწე. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1975). მამა XX ს. 30-იანი წწ. ბოლშევიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა, დედა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. დ. თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1950) მუშაობდა ამავე ფაკ-ტის კათედრის ლაბორანტად, ხოლო 1957-იდან ჟურნ. "ცისკარში" თანამშრომლობდა. 1962–64 იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი; 1967– 72 – ჟურნ. "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, მთ. რედაქტორი, 1972- იდან – საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1981- იდან გარდაცვალებამდე – თავ-რე. დ-მ მწერლობა ლირ. ლექ სებით დაიწყო, ბევრი მისი ლექსი სიმღერადაც იქცა. წერდა მახვილგონივრულ იუმორისტულ მოთხრობებსაც და "ნიანგში" აქვეყნებდა. მაგრამ ის, რასაც დ-ის განუმეორებელი სამყარო ჰქვია, რამაც მიიპყრო ქართვ. და მსოფლიო მკითხველის ყურადღება, გამოხატულია მის მხატვრულ პროზაში – ექვს რომანსა და მოთხრობების კრებულებში, რ-ებიც შეიქმნა მეოთხედი საუკუნის მანძილზე (1959–84). მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960) და "მე ვხედავ მზეს" (1962). ორივე რომანისათვის მიენიჭა კომკავშირის პრემია (1966). "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" იმთავითვე შეიყვარა მკითხველმა. რომანი გამოირჩევა ხალასი იუმორით, რ-იც დ-ის ყველა თხზულებას განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს. თავისი გმირების პროტოტიპებს მწერალი პირადად იცნობდა, რამაც ხელი შეუწყო ცოცხალი და დამაჯერებელი სახეების შექმნაში. ამ ერთდროულად ყოფითსა და ლირ. ნაწარმოებში გამომჟღავნდა მწერლის დიდი ნიჭი და ოსტატობა, ჰუმანიზმით განმსჭვალული შემოქმედების ძალა. დ-მ ქართ. მწერლობაში, თავისი თაობის სხვა მწერლებთან ერთად, ახ. ტენდენციებს დაუდო სათავე – უარყო პარტიულობის პრინციპზე დაფუძნებული ლიტრისათვის დამახასიათებელი პომპეზურობა, ცხოვრებისეული ვითარების შელამაზების მიზნით რეალურის გაყალბება და სასურველით შეცვლა. დ-ის ნაწარმოებთა მთ. გმირები მდიდარი სულიერი სამყაროს მქონე უბრალო ადამიანები არიან. პირველ ორ რომანს მოჰყვა "მზიანი ღამე" (1967), "ნუ გეშინია, დედა!" (1971), "თეთრი ბაირაღები" (1973), "მარადისობის კანონი" (1973, ლენინური პრემია, 1980) და მთელი ციკლი მოთხრობებისა. "თეთრი ბაირაღებისა" და მოთხრობებისათვის მწერალს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია. დ-ის თხზულებების გმირი ერთგვარად რომანიდან რომანში გადადის და მკითხველის თვალწინ ყალიბდება: თუ ჭაბუკობისას "მზიან ღამეში" იგი შემწყნარებელია და მიტევების უნარი გააჩნია, "მარადისობის კანონში" მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბოროტებას ამოძირკვა უნდა და არა მიტევება. დ-ის ყოველი ნაწარმოები თანამედროვე ქართ. ცხოვრების უტყუარი მხატვრული მატიანეა, ადამიანური სიკეთისა და სიქველის, სამართლიანობისა და სიყვარულის ქადაგებაა. მწერალი ახალგაზრდა კაცის ზნეობრივი ფორმირების პრობლემებს ეხება. მისი ნაწარმოებების გმირს სწორედ უზნეობის ფონზე უხდება საკუთარი სულის წრთობა. დ. უმთავრესად წერს იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით უნახავს და თავად განუცდია [მოთხრობები: "დიდრო", "ძაღლი" (1973), "მზე", "კორიდა" (1974), "კუკარაჩა" (1980), "ხაზარულა" (1981) და სხვ.]. მათი პრობლემურსტილური მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველ ნაწარმოებში იკვეთება დუმბაძისეული პროზის საერთო და განმსაზღვრელი ნიშნები. ყოველ მათგანს იმედიანი ფინალი აქვს, რადგან ავტორს სწამს, რომ ადამიანი, მზე და სიცოცხლე მარადიულია. დ-ის შემოქმედება უაღრესად ქართულია არა მარტო იქ გამოხატული გარემოთი და ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ჩვევებით, არამედ იმ ფესვებით, რითაც იგი წარსულის ეროვნ. კულტურას უკავშირდება და მომავლის მწერლობასაც ეხმიანება. დ. ავტორია შესანიშნავი საბავშვო ლექსებისა, რ-ებიც არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნებად. მწერლის იდეა იყო საბავშვო ქალაქ "მზიურის" დაარსება მდ. ვერის ხეობაში, თბილისსა და ბეთანიას შუა. ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი მისივე ძალისხმევით კიდეც განხორციელდა. მწერალი სწორედ ამ საბავშვო ქალაქში იყო დაკრძალული. 2009 გადაასვენეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დ-ის რომანებისა და მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, რეჟ. თ. აბულაძე), "მე ვხედავ მზეს" (1965, რეჟ. ლ. ღოღობერიძე), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (1972, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), "კუკარაჩა" (1983, რეჟ. ქ. დოლიძე) და სხვ. დ-ის ნაწარმოებები დაიდგა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში: "მზიანი ღამე" (1966, რეჟ. რ. სტურუა), "საბრალდებო დასკვნა" (1973, რეჟ. რ. სტურუა), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1977, რეჟ. რ. სტურუა); მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში – "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1958, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), "მე ვხედავ მზეს" (1960, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); "კუკარაჩასა" და "მარადისობის კანონის" მიხედვით რეჟ. თ. ჩხეიძემ დადგა სატელევიზიო სპექტაკლები. ნაწარმოებები ინსცენირებულია საზღვარგარეთაც. დ-ის თხზულებები თარგმნილია უცხ. ენებზე. იყო აქტ. საზ. მოღვაწე, საქ. სსრ VIII და IX, სსრკ X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1987 თბილისში დაარსდა დ-ის სახლ-მუზეუმი.

თხზ .: თხზულებანი ოთხ ტომად, თბ., 1988–92.

ლიტ .: ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი კ., მიჯნა, თბ., 1987. გ. გვერდწითელი.




დუმბაძე რომან ნოდარის ძე

(17. III. 1964, სოფ. ფუშრუკაული, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი – 21. 05. 2012, მოსკოვი), გენერალმაიორი (1998), 1987 დაამთავრა თბილ. უმაღლესი სამხ. საარტ. სასწავლებელი, 1999 – თსუ-ის ბა- თუმის სამართლის ინ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1987–91 მსახურობდა გდრ- ში განლაგებულ საბჭ. ჯარებში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად. 1992 დაბრუნდა საქართველოში და 1993- იდან მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში, იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი, 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური (1993–94). 2004 დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. მიესაჯა 17 წელი. 2008 აგვ. პოლიტ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცვალა რუსების მიერ დაპატიმრებულ 12 ქართველ სამხედრო პირზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994). ლ. დოლიძე.




დუმბაძე სამსონ ანტონის ძე

(2. II. 1866, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1938, გორი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). გენ.-მ. ი. ა. დუმბაძის ძმა. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი და გენ. შტაბის აკადემია. მსახურობდა კავკასიის სამხ. ოლქის შტაბში. 1915-იდან მუშაობდა ქ. ომსკის სამხ. ოლქის მთ. ინჟინრად. XX ს. 30-იან წლებში დააპატიმრეს. 8 წელიწადი სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში (მოსკოვი). დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.