დურაჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დურაჯი.

(Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მასა 400–500 . ტანად მომცროა, შეფერილობით ჭრელი, დაყვება მომწვანო-მორუხო ზოლები; მამლის მუცლის მხარე შავია, გვერდებზე აქვს თეთრი კოპლები, ყელზე – ჟანგისფერი "რგოლი", "ლოყები" – თეთრი. გავრცელებულია კ. კვიპროსიდან ინდოსტანამდე, სამხრ.-აღმ. ამიერკავკასიასა და სამხრ.-დას. თურქმენეთში. საქართველოში ბინადრობდა ივრისა და ალაზნის ნაპირას. ამჟამად მცირე რაოდენობითაა ივრისპირებში. ცხოვრობს მდინარისპირა ბუჩქნარში, ველ-მინდვრებში, ყანებსა და ნაყანევებში. მონოგამია. ბუდეს მიწაზე იკეთებს: აპრილში დებს 12-მდე (უფრო ხშირად 7–9) კვერცხს, კრუხად ზის 20 დღ-ღ განმავლობაში, მამალი კი დარაჯობს. იკვებება როგორც მცენარეული (კვირტები, თესლი, ხილ-კენკრა), ისე ცხოველური (მწერები, ლოკოკინები, პატარპატარა ხვლიკები და სხვ.) საკვებით. დ-ის რაოდენობა მთელი არეალის ფარგლებში მკვეთრად კლებულობს დიდთოვლობის შემდეგ, ბალახეულისა და ბუჩქნარის გადაწვის, შხამქიმიკატების განუკითხავად ხმარების შედეგად. შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში". რ. ჟორდანია.