დურმიშიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ო. დ უ რ მ ი შ ი ძ ე. "ლერმონტოვის ქუჩა". 1973.

ომარ ბიძინას ძე (18. VI. 1949, თბილისი, – 13. VI. 1994, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1973). 1974-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1976, 1978, 1984, 1999, 2006, 2009 წლებში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენები თბილისში, აგრეთვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1977), მოსკოვში (1979), იტალიაში (1980). მიღებული აქვს მონაწილეობა ქართული სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაში (თბილისი, მხატვრის სახლი, 1987). დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. ოსტატობა, კომპოზიციური მთლიანობა, ფერწერულობა, პოეტური განწყობილება, ნახატის მსუბუქი დეფორმაცია. საინტერესოა დ-ის მიერ შექმნილი ძვ. თბილისის ხედები, ნატურმორტები, განსაკუთრებით კი – ძვ. თბილისის ღამის პეიზაჟები. ძირითადი ნამუშევრები: "ბესიკის ქუჩა", "სოლოლაკი", "კლდიაშვილის ქუჩა", "ჩვენი ეზო", "ნატურმორტი იებით", "თევზები", "მსხლები", "ნატურმორტი ლიმონით" (ყველა 1983, მხატვრის კუთვნილება). წარმატებით მუშაობდა პორტრეტის ჟანრშიც ("ავტოპორტრეტი", 1981, "ნინიკო", "ნუნუ", 1983, "გ. დოჩანაშვილი", 1985, "ლ. ბოიახჩევი", 1991); ავტორია გრაფ. ნამუშევრებისა: "დაბადება", "ბებია შვილიშვილთან ერთად", "ცხენი", სერია "მხატვრის გახსენება" (1986) და სხვ.





დურმიშიძე

ს. დურმიშიძე.

სერგი ვასილის ძე (27. II. 1910, საჩხერე, – 29. V. 1989, თბილისი), ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1931 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობამევენახეობის ფაკ-ტი. 1935–60 მუშაობდა ამავე ინ-ტის ბიოქიმიის კათედრაზე (კათედრის გამგე). 1943–54 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1954–55 – საქართვ. სოფ. მეურნ. მინისტრი, 1955–71 – საქართვ.მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი, ამავე დროს 1957-იდან – თსუ-ის პროფესორი, 1971-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი და მეცნ. აკად. მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტის დირექტორი (ამ ინ-ტის დამაარსებელი). დ. სსრკ მეცნ. აკადემიის აკად. ა. ოპარინისა და ა. კურსანოვის სკოლის წარმომადგენელია. მუშაობდა მეორეულ ნაერთთა ბიოქიმ. დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმ. გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების ცვლის თეორ. საფუძვლები მცენარეულ უჯრედში; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლ. გასუფთავების ახ. გზები. ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია, მ. შ. გამოჩენილ საბჭ. ბიოქიმიკოსებზე, ნარკვევები ქართვ. მეცნიერებსა და საზ. მოღვაწეებზე. იყო სამეცნ. საზ.-პოლიტ. და მხატვრული ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1985), სახელმწ. ჯილდოები, არჩეული იყო თბილ. საპატიო მოქალაქედ (1987).

თხზ .: ზოგი რამ წარსულიდან, თბ., 1985; Генезис молочной кислоты при естественном алкогольном брожении, «Биохимия», 1938, №8; Дубильные вещества и антоцианы виноградной лозы и вина, М., 1955; Пути превращений основных и вторичных продуктов спиртового брожения, Тб., 1962; Вопросы биохимии переработки винограда, Тб., 1967; Расщепление ароматического кольца некоторых экзогенных соединений в растениях, Тб., 1975; Метаболизм некоторых загрязнителей атмосферного воздуха в растениях, Тб., 1977. ო. კვესიტაძე.