დურუჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე დურუჯის ხეობა.
დურუჯის ღვარცოფული ლოდი.

მდინარე აღმ. საქართველოში, ალაზნის მარცხ. შენაკადი, ჩამოუდის ქ. ყვარელს (ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს როგორც ყვარელისწყალს). სიგრძე 27 კმ, აუზის ფართ. 103 კმ 2. დ. წარმოიქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით. სათავეს იღებს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ქვედა ნაწილსა და ფსკერზე თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარია, რაშიც კალაპოტია ჩაჭრილი. შუაწელზე ხეობა ვიწროა და ტყით არის შემოსილი, კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინებაში ხეობა შედარებით ფართოა. ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რ-ზეც მდინარე იტოტება. ყვარელს ქვემოთ დ. რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისაკენ. დ. ძირითადად საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, წყალმცირეა. საშ. წლ. ხარჯი 1,06 მ 3/წმ. იცის წყალმოვარდნა. დ-ის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რ-ის დროსაც მდინარის ხარჯმა შეიძლება 200 მ 3/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან ჩამოაქვს დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა. მრავალჯერ მიაყენა ზარალი ყვარელსა და მის მიდამოებს. სისტემატურად ტარდება ღონისძიებები ღვარცოფის გასაუვნებლად. დ-ის რიყეზე, ყვარლის თავში, ზ. დ. 430 სიმაღლეზე, არის კატასტროფული ღვარცოფის მიერ 1899 ჩამოტანილი გაფიქლებული ქვიშაქვის ლოდი, რ-ის სიდიდეა (5,8×4,2×4) მ 3. ლოდი გადაადგილებულია 6–8 კმ მანძილზე. მასა დაახლ. 224 . ხსენებული ღვარცოფის შედეგად წაილეკა ყვარელი, დაიღუპა 6 ადამიანი. ლოდის მახლობლად 1907 ი. ჭავჭავაძის თაოსნობით აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო ჯებირი. დურუჯის ლოდი შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში". თ. კიკილაშვილი.




დურუჯი

მოკორპორაცია "დურუჯის" ჟურნალი. 1926

თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობთა კორპორაცია. შეიქმნა 1924 კ. მარჯანიშვილის თაოსნობით. სახელწ. მომდინარეობს მდ. დურუჯიდან (ყვარლის მუნიციპალიტეტი). თავისი არსებობის პირველ ეტაპზე დ. პროგრესული მოვლენა იყო. თავდაპირველად კორპორაციამ წამოაყენა სავსებით ლოიალური საკითხები: კოლექტივის შემოქმედებითი და ორგანიზაციული ერთობა, თეატრის მხატვრული დონის ამაღლება. "დ." პროტესტს უცხადებდა მდარე პიესებს, იღვწოდა კოლექტივის გასამთლიანებლად და შემოქმედებითი დისციპლინის ასამაღლებლად, რაც სავსებით შეესაბამებოდა კ. მარჯანიშვილის შემოქმედებით- ეთიკურ პრინციპებს, მის პოზიციას. მაგრამ კორპორანტებმა გადააჭარბეს თავიანთ რწმუნებებს და საჯაროდ გამოაცხადეს, რომ "დ." ახ. მიმართულებაა თეატრში და მისგან იწყება თანამედროვე ქართ. თეატრი. სპექტაკლ "ინტერესთა თამაშის" მსვლელობის დროს მანიფესტთან ერთად მათ მოულოდნელ საჯარო განცხადებას: "ძველი თეატრი დაინგრეს!", მოჰყვა მაყურებლის უარყოფითი რეაქცია. ზოგიერთმა მსახიობმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა. დასში განხეთქილება მოხდა. უკვე არსებულ კოლექტივში შეიქმნა მეორე კოლექტივი, რაც თეატრს არც სიმშვიდეს მოუტანდა და არც კეთილდღეობას. კორპორანტების საქმიანობაში დაარსებისთანავე იჩინა თავი ადმინისტრირების უარყოფითმა ფორმებმა; მათ დაიწყეს მესვეურთა (კ. მარჯანიშვილი) მოქმედების გაკონტროლება და მათ ფუნქციებში ჩარევა. დაპირისპირების შედეგად კი, კ. მარჯანიშვილის აზრით, "კორპორაციამ დაკარგა თავისი პირველსაწყისი და კოლექტიურ დირექტორად იქცა". თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კორპორანტებისადმი დაქვემდებარებული და ანგარიშვალდებული აღმოჩნდა. მათი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ ეწინააღმდეგებოდა იმ ნორმებს, რ-ებსაც თეატრის ცხოვრებაში კ. მარჯანიშვილი ამკვიდრებდა. შექმნილმა ვითარებამ აიძულა კ. მარჯანიშვილი დაეტოვებინა თეატრი (1926), ხოლო კორპორაცია დაიშალა. "დურუჯელებმა" წერილობით მიმართეს მარჯანიშვილს და დაბრუნება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ე. გუგუშვილი.






დურუჯი

შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობთა კორპორაცია "დურუჯის" ერთდროული ჟურნალი, რ-ის ერთადერთი ილუსტრირებული, 20-გვერდიანი სადღესასწაულო ნომერი გამოვიდა 1926 წ. 19 იანვ. კ. მარჯანიშვილის პატივსაცემად.