დუშეთის აჯანყება 1918

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. შოვინიზმის მსოფლმხედველობით გამსჭვალული და მსოფლიო სოციალ. რევ. იდეოლოგიით შენიღბული საბჭ. რუსეთის ხელმძღვანელები ვერ ურიგდებოდნენ პოზიციების დაკარგვას კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. რსფსრ ხელმძღვანელობის მითითებით, რკპ (ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტმა და კავკ. წითელი არმიის სამხ.- რევ. საბჭომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებზე დაყრდნობით (ქართვ. ბოლშევიკები, აფხაზი და ოსი სეპარატისტები, რუს. ეროვნული საბჭო, "დაშნაკცუთიუნი" და სხვ.) 1918 გაზაფხულსა და ზაფხულში მოამზადა და განახორციელა შეიარაღებული გამოსვლები მთელ საქართველოში. დ. ა. ფართომასშტაბიანი და შორს გამიზნული სამხ.-პოლიტ. აქციის საბაბი უნდა გამხდარიყო. აჯანყების დაწყებისთანავე ჩრდ. კავკასიიდან საქართველოში წითელი არმიის სპეც. რაზმი უნდა შემოსულიყო და თბილისი აეღო. მასვე ევალებოდა საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობის დაპატიმრება და საბჭ. ხელისუფლების გამოცხადება. აჯანყების მზადების პერიოდში ძირითად პროპაგანდისტულ ძალას ქართვ. ბოლშევიკები წარმოადგენდნენ. მათ დემაგოგიური გამოსვლებით, პირველ რიგში, თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს I მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა ნაწილი. ბოლშევიკები ერთმანეთს უპირისპირებდნენ საბჭ. რუს. აგრარულ პოლიტიკასა და საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის აგრარურ რეფორმას; გლეხებს არწმუნებდნენ, რომ საქართვ. მთავრობა ბურჟუაზიული იყო და მათ მიწას არ მისცემდა. სიღარიბისა და დიდი სიძნელეების ვითარებაში სოფლის მოსახლეობა ძნელად აღიქვამდა მიმდინარე რეფორმის პროგრ. ხასიათს. ბოლშევიკების გამყიდველური პროპაგანდა დიდ ზეგავლენას ახდენდა დუშეთის მაზრის სომეხი და ოსი ეროვნების მოსახლეობაზე. აჯანყების დაწყების წინ დუშეთის მაზრაში ჩრდ. კავკასიიდან დიდი რაოდენობით შეიტანეს საბრძოლო იარაღი, გამოყვეს სამხ. ინსტრუქტორები. აჯანყების მომზადებას სამხ.-ტექ. თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა კავკ. წითელი არმიის სამხ.-რევ. საბჭო, საერთო ხელმძღვანელობას კი რკპ(ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტი ახორციელებდა. შეიარაღებული გამოსვლა დაიწყო სოფ. წილკანში, სადაც აჯანყებულებმა დახოცეს სახ. გვარდიის წევრები და სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გვარდიელები და საქართვ. სოც.-დემოკრ. მუშათა პარტიის წევრები დახოცეს სხვა ადგილებშიც. კარგად შეიარაღებულმა აჯანყებულებმა სწრაფად დაიკავეს დუშეთი. შეიქმნა აჯანყების სამხ.-რევ. შტაბი. 25 ივნ. დუშეთში მოიწვიეს მაზრის გლეხთა დეპუტატების ყრილობა, რ-მაც დუშეთის მაზრაში საბჭ. წყობილება გამოაცხადა. რკპ(ბ) სამხარეო კომიტეტმა არ დააყოვნა და, ადრევე შემუშავებული გეგმის თანახმად, დუშეთში გამოგზავნა შეიარაღებული რაზმი ა. (საშა) გეგეჭკორის მეთაურობით. სახ. გვარდიის უნარიანი მოქმედების შედეგად ა. გეგეჭკორის რაზმი დამარცხდა, აჯანყების გავრცელებისა და თბილ. დაკავების გეგმა ჩაიშალა. აჯანყებულებმა შედარებით ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს სახ. გვარდიის რაზმებს მცხეთასთან ბრძოლის დროს, თუმცა აქაც სასტიკი მარცხი იწვნიეს. სახ. გვარდია დუშეთში შევიდა და აჯანყების სამხ.რევ შტაბის წევრები დააპატიმრა. დუშეთის მაზრის სოფლებში სახალხო გვარდია ორგანიზებულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია. აჯანყების ხელმძღვანელთა ნაწილმა, ბოლშევიკმა აგიტატორებმა და კავკასიის წითელი არმიის სამხ. ინსტრუქტორებმა ჩრდ. კავკასიას შეაფარეს თავი. საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მოტყუებული გლეხობა არ დაუსჯია. მოქმედი კანონების საფუძველზე დაისაჯნენ აჯანყების მოთავეები, ბოლშევიკი პროპაგანდისტები და სახალხო გვარდიის წევრთა ხოცვა-ჟლეტის მონაწილენი (ერთი ნაწილი დახვრიტეს).

ლიტ .: ლ ა ფ ა ნ ა შ ვ ი ლ ი გ., დუ- შეთის აჯანყება 1918 წ., ტფ., 1927; მ ა ზ ნ ი ა შ ვ ი ლ ი გ., მოგონებანი. 1917–1925, ბათ., 1990; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991. ვ . გურული.