დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია.

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის შემადგენლობაში. ჩართულია მსოფლიოს ობსერვატორიების საერთაშ. ქსელში, კოდით TFS l=44042/ j=4205'. მისი მთავარი ფუნქციაა დედამიწის მსოფლიოში მაგნიტური ველის ცვლილებების უწყვეტი რეგისტრაცია. XIX ს. 30-იან წლებში მსოფლიოში ფუნქციონირებდა 30-მდე მაგნიტური ობსერვატორია, აქედან 5 – რუსეთის იმპერიაში, რ-თაგან ერთ-ერთი იყო თბილისში. იგი დაარსდა 1836 მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის სახელით. ფაქტობრივად მუშაობა დაიწყო 1844. 1904 თბილისში ელექტროტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით ობსერვატორია გადაიტანეს მცხეთის მახლობლად, სოფ. კარსანში, ხოლო 1935-იდან, თბილისი – ხაშურის რკინიგზის ხაზის ელექტრიფიცირების შემდეგ – ქ. დუშეთში, სადაც ის დღემდე ფუნქციონირებს. დ. გ. ო. მონაწილეა მრავალი საერთაშ. გეოფიზ. ღონისძიებებისა I და II საერთაშ. პოლარული წელი (1882–83, 1932–33); საერ- თაშ. გეოფიზ. წელი (1957–59); წყნარი მზის საერთაშ. წელი (1964–65). სსრკ ტერიტ. გენერალური მაგნიტური აგეგმვა (1930– 32). დ. გ. ო-ის ფუნქციონირების პერიოდში დაგროვილია 120 წელზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი ინფორმაცია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების შესახებ, რაც უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს, როგორც ჩვენი პლანეტის შესწავლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამავე დროს ეს ინფორმაცია არის უნიკალური და ერთადერთი კავკასიის ტერიტორიაზე. ის არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიო მეცნ. საკუთრება. მის საფუძველზე შედგენილია მონაცემთა 2 კომპიუტერული ბაზა. დ. გ. ო. არის პირველი სამეცნ. დაწესებულება საქართველოში, სადაც რაოდენობრივი ფიზ. გაზომვები ჩატარდა. მის ბაზაზე წარმოიშვა გეოფიზ. პროფილის მრავალი დაწესებულება. მან დიდი როლი ითამაშა გეოფიზ. მეცნ. განვითარებაში არა მარტო საქართველოში არამედ კავკასიაშიც. დღეისათვის დ. გ. ო. აღჭურვილია თანამედროვე მაგნიტური და სეისმური ციფრული აპარატურით. ინფორმაცია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების შესახებ რეგულარულად გადაეცემა მონაცემთა მსოფლიო ცენტრს ქ. კიოტოში (იაპონია). ამ ეროვნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. თ. ჭელიძეს . იხ. აგრეთვე სტ. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია. რ. გოგუა.