დუშეთის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dushetis-municipaliteti 01.jpg
ანანურის ციხის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. XVII–XVIII სს.
მჭადიჯვრის ეკლესია. 1668.
მუცო. შუა საუკუნეები
ბაზალეთის ტბა.


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ჩრდ-ით ესაზღვრება ჩაჩნეთი, ინგუშეთი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დას-ით – ახალგორისა და კასპის, სამხრ-ით – მცხეთის, აღმ-ით – თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები. ფართ. 2981,5 [[[კმ 2]] . მოსახლ. 33,6 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. დუშეთი . დ. მ-ში არის 1 ქალაქი, 2 დაბა (ჟინვალი, ფასანაური), 288 სოფელი, 2 დაბის ტერიტ. ორგანო, 15 თემი: ანანურის, ბაზალეთის, გრემისხევის (ცენტრი – ციხისუბანი), გუდამაყრის (ცენტრი – კიტოხი), ლაფანაანთკარის, მაღაროსკარის, მჭადიჯვრის, უკანაფშავის (ცენტრი – შუაფხო), ქვეშეთის, შატილის, ჭართლის, ჭონქაძის (ცენტრი – ყვავილი), ჭოპორტის, ხევსურეთის (ცენტრი – ბარისახო), ხეობის.

ისტორიული ცნობა. დ. მ-ის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა სამიმოსვლო გზები, რ-თა მნიშვნელობა ხშირად სცილდებოდა კავკასიის ფარგლებს. ამათგან უმთავრესია დარიალის ანუ არაგვის გზა (XVIII ს. მიწურულიდან საქართველოს სამხედრო გზა ). ტერიტორია მრავალ ისტ.-გეოგრ. თუ ისტ.-ეთნოგრ. თემს მოიცავდა: მთიულეთს (ხადა, ცხავატი), გუდამაყარს, ხანდოს, ჭართალს, ბაზალეთს, ხორხს, ფხოვს (გვიანდ. ფშავსა და ხევსურეთს), წობენს. დ. მ-ის ტერიტორიაზე, კერძოდ არაგვის ხეობაში ადამიანთა ნამოსახლარზე საუბარი შეიძლება ნეოლითის ხანიდან. აღმოჩენილია პალეოლითის ხანის იერის მქონე ცალკეული იარაღები. ამ პერიოდ- ში საცხოვრებლად ათვისებული იყო, როგორც ბაზალეთის პლატო და ჟინვალის მიდამოები, ისე მთაც (დიდველი). ძვ. წ. III ს-ში, მას შემდეგ, რაც ფარნავაზმა ქართლის სამეფო საერისთავოებად დაყო, ახლანდ. დ. მ-ის ტერიტ. შევიდა შიდა ქართლის ანუ სასპასპეტოს და კახეთ-კუხეთის საერისთავოებში, დ. მ-ის ტერიტორიაზე, კერძოდ ჟინვალში, აღმოჩენილი არქეოლ. მასალა მოწმობს, რომ არაგვის ხეობის შუა წელზე ახ. წ. პირველ საუკუნეებში აღმოცენებული იყო ქალაქური ტიპის ძლიერი დასახლება. IV ს. 30-იან წლებში მთიელთა გასაქრისტიანებლად წმ. ნინო მოვიდა წობენს , ჟინვალის მისადგომებთან. დ. მ-ის ტერიტ. შედიოდა როგორც ქარქართლის, ისე კახეთის შემადგენლობაში. IX–XI სს-ში კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) გაძლიერებასთან დაკავშირებით, იგი პოლიტიკურად მთლიანად კახეთის შემადგენლობაში მოექცა, მონღოლთა შემოსევების შემდეგ მის ტერიტორიას გამოეყო არაგვის საერისთავო, მისი ბირთვი იყო ბაზალეთი ანუ "დაბალი საერისთავო". დ. მ-ის ტერიტ., ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით, განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, წილკნისა და ხარჭაშოს საეპისკოპოსოებზე. 1930-მდე ახლანდ. დ. მ-ის ტერიტ. შედიოდა დუშეთის მაზრაში , 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 2005-იდან მუნიციპალიტეტია.

ბუნება. დ. მ-ის ტერიტ. დიდი ნაწილი უჭირავს კავკასიონის მთავარ ქედს (საკოხის მთიდან დიდი ბორბალოს მთამდე), მის სამხრ. შტოქედებს – ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის (დას. კალთა) ქედებს და მათ შორის მდებარე ხეობებს. მუნიციპალიტეტის სამხრ. ნაწილი უკავია გორაკ-ბორცვიან მთისწინეთს (სადაც ვაკე რელიეფით გამოირჩევა ბაზალეთის პლატო და დუშეთის ქვაბული) და შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. პერიფერიას. მუნიციპალიტეტის ჩრდ.-აღმ. ნაწილი აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელები- თა და კირქვებით. უფრო სამხრით გავრცელებულია ცარცული კირქვები, მერგელები და ქვიშაქვები. ბაზალეთის პლატო აგებულია მეოთხეული კონგლომერატებითა და თიხებით. მდ. არაგვის ხეობის ძირზე გვხვდება თანამედროვე კენჭნარი. ახალგაზრდა პლიოცენმეოთხეული ანდეზიტები და ბაზალტები არის დ. მ-ის უკიდურეს ჩრდ.-დას. ნაწილში. დ. მ-ის მთავარი წიაღისეულია მინერ. წყლები, მ. შ. აღსანიშნავია "ვაჟას წყარო" და "ხადა". მინერ. წყლების გამოსასვლელებია ფასანაურის, კიტოხის, ღულის, ხახმატის, ხახაბოს და ლიქოკის მიდამოებში. მოიპოვება საშენი მასალა. დაბალ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 110C, იანვ. საშ. ტემპ-რა 00Cზე რამდენადმე დაბალია, ივლ. 22,50C; აბსოლ. მინ. –300C, აბსოლ. მაქს. 390C. მთაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხოლო 3300–3400 მ ზემოთ – მაღალმთის ჰავა მარადი თოვლითა და მყინვარებით. იანვ. საშ. ტემპ-რა მაღალმთიან ნაწილში –150C-ზე დაბლა ეცემა, ივლ. 40C არ აღემატება; აბსოლ. მინ. –300C, აბსოლ. მაქს. 170C. ნალექები დაბალ ზონაში 700 მმ წელიწადში, მთაში – 1500–1700 მმ . ნალექების მაქს. გაზაფხულზეა (მაისი). ზამთრობით თოვლის საბურვლის სიმაღლე დაბალ ზონაში უმნიშვნელოა, მაღალმთიან ნაწილში კი ცალკეულ წლებში 3,5 მ აღწევს. კავკასიონის სამხრ. კალთის მდინარეები – არაგვის სისტემა – მტკვრის აუზს მიეკუთვნება, ჩრდ. კალთისა – არხოტისწყალი და არღუნი – თერგის აუზს. არაგვის სისტემას ქმნის მთიულეთის, გუდამაყრის, ხევსურეთისა და ფშავის არაგვი. მდინარეები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, წყალმცირობა – ზამთარში. დ. მ-ში 30- მდე ტბაა, მ. შ. სიდიდით აღსანიშნავია ბაზალეთის ტბა . მუნიციპალიტეტის ფარგლებშია ჟინვალის წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილში გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგი. ბაზალეთის პლატოზე მცირე ფართობი უკავია შავმიწისებრ ნიადაგს, უფრო მაღლა ტყის ყომრალი ნიადაგია, რ-საც ზემოთ მოსდევს ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ამ ზონაში ალაგ-ალაგ გვხვდება კორდიან- კარბონატული ხირხატიანი ნიადაგიც. ტყის ზონის ნიადაგებს ზემოთ ცვლის თავდაპირველად კორდიანი და კორდიან-ტორფიანი, ხოლო შემდეგ – ალპ. ზონის მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მდ. არაგვის ხეობაში შემორჩენილია ჭალის ტყის კორომები. ბორცვიანი მთისწინეთი უკავია ჯაგეკლიან სტეპებს, რ-შიც შერეულია ტყის ელემენტები. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში მუხისა და რცხილის ტყეებია, ზემოთ – წიფლნარი. გვხვდება წიწვოვნებიც. მდინარეების არხოტისწყლისა და არ- ღუნის ხეობებში გავრცელებულია ფიჭვნარი. მთის ტყის ზონის ზემოთ სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ქედების ჩრდ. კალთაზე – დეკიანები. მაღალმთიან ზონაში გვხვდება დაღესტნური ჯიხვი და არჩვი. ნიამორი მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში შემორჩენილია ირემი, შველი, მტაცებლებიდან - მურა დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, იშვიათად – ფოცხვერი, მთისწინეთის ტყეში ბინადრობს ტურა, კურდ- ღელი, ციყვი, სტეპში ბევრია მემინდვრია. ფრინველებიდან ალპ. მდელოებზე ბინადრობს კავკასიური შურთხი, ტყის ზედა ნაწილში – კავკასიური როჭო, მაღალმთიან ზონაში გვხვდება ბატკანძერი, მთის არწივი, მაღრანი; ტყეში – ძერა, ქორი, ჩხიკვი და სხვ. არაგვის ქვემო დინებაში გავრცელებულია ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა; კალმახი გვხვდება არაგვის შუა და ზემო დინებაში, აგრეთვე მის შენაკადებსა და მდინარეებში არხოტისწყალსა და არღუნში. ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები (უმეტესად ტუგაის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგი); 2. მთისწინეთი (ჯაგრცხილნარმუხნარი და ტყის ყავისფერი ნიადაგი); 3. პლატოსებრი მაღლობი (ჯაგეკლიანები და ჯაგრცხილნარმუხნარი, ტყის ყავისფერი და შავმიწისებრი ნიადაგები); 4. დაბალი და საშუალო მთა-ტყის (მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი; ტყის ყავისფერი, ყომრალი და კორდიან- კარბონატული ნიადაგები); 5. საშუალო მთები (ფიჭვნარი და არყნარი, ტყის ღია ყომრალი ნიადაგი); 6. მთა-მდელოს (სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტი, მთის მდელოს ნიადაგი); 7. სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტების ფრაგმენტები.

მოსახლეობა. მოსახლ. 94,6% ქართველია. ცხოვრობენ აგრეთვე სხვა ეროვნების წარმომადგენლები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 500–1500 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 11,3 კაცი 1 კმ 2 -ზე. მოსახლ. 67,6% ცხოვრობს სოფლად.

მეურნეობა. სოფ. მეურნ. მთავარი დარგია მეცხოველეობა. მისდევენ აგრეთვე მებაღეობას, მევენახეობას, მებოსტნეობას. ნათესი ფართობის 80%-ზე მეტი უჭირავს მარცვლოვან და პარკოსან კულტურებს. მეცხოველეობაში წამყვანია მესაქონლეობა, განვითარებულია მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა. დ. მ-ის ენერგეტ. ბაზაა ჟინვალჰესი, მუნიციპალიტეტში არის: საკონსერვო, რძის, კერამ., ქართ. ხალიჩების საქსოვი, სამკერვალო, მინერ. წყლის ჩამომსხმელი, კულტ.-საყოფაცხოვრებო დანიშნულების (მ. შ. სუვენირების) საწარმოები. სატრანსპ. სისტემაში მთავარ როლს თამაშობს საავტ. ტრანსპორტი. დ. მ-ის ტერიტორიაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, რ-ის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 47 კმ -მდეა.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, სკოლა-ინტერნატი, სამუსიკო (ჟინვალი, ფასანაური) და სპორტ. (დუშეთი) სკოლები, ბიბლიოთეკები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, არქიტ. ნაკრძალი "შატილი", ვაჟა-ფშაველას (ჩარგალი), გიორგი და დავით ერისთავების (ოძისი), დ. ჭონქაძის (ყვავილი) სახლ-მუზეუმები, კულტსახლები (დუშეთი, ჟინვალი), სახალხო თეატრი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სამედ. დაწესებულებები, მათ შორის ფუნქციონირებს შპს "ჯეო ჰოსპიტალი". ადგილ. მნიშვნელობის კურორტია ფასანაური, ჩარგალში და ბაზალეთის ტბის ნაპირზე არის ტურისტული ბაზები, გუდაურში – სამთო-სათხილამურო კომპლექსი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ქოროღოს ეკლესია (X– XI სს.) და კოშკი (X ს.), ცეცხლისჯვრის ეკლესია (IX–X სს.), კოშკი (X–XI სს.) და სასახლე (გვიანდ. შუა საუკ.); მჭადიჯვრის ეკლესია (1668) და ციხე (1746), ჟინვალის კომპლექსი, ბოდორნის (განვითარებული შუა საუკ.) გუმბათოვანი ეკლესია, ახატნის ნათლისმცემლის ეკლესია (შუა საუკ.), ანანურის ციხის ხუროთმოძღვრული ანსამბლი (XVII–XVIII სს.), მუცოს , შატილის, დუშეთის (ყველა შუა საუკ.) ხუროთმოძღვრული ძეგლები, ლებაისკარისა (შუა საუკ.) და ახიელის (გვიანდ. შუა საუკ.) და სხვ. კოშკები და ძვ. ციხე- სახლები.

ლიტ .: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., არქეოლოგიური კვლევა- ძიება არაგვის ხეობაში, «მნათობი», 1986, #8. ი. აფხაზავა. მ. ბალიაური. ჯ. გვასალია. რ. კვერენჩხილაძე.


მერეს ციხე. განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია. XIII ს. I ნახევარი.
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია. გვიანდელი შუა საუკუნეები.