დუშეთის სახალხო თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1880 წ. 20 იანვარს. გაზ. "დროება" იუწყებოდა, რომ დუშეთში დასაბამი მიეცა თეატრის დაფუძნებას, ამავე წელს "დროება" მკითხველს ახ. ცნობას აწვდიდა, რომ დუშეთის სცენისმოყვარეებს გაუმართავთ სპექტაკლი "ბიძიასთან გამოხუმრება", რ-შიც მონაწილეობა მიუღია სახელგანთქმულ მსახიობ ნ. მ. გაბუნიას ; შემდგომ მასვე უთამაშია გ. ერისთავის "გაყრაში". თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქართ. სცენის დიდოსტატები: ვ. აბაშიძე , ე. ჩერქეზიშვილი , ვ. გუნია . პირველი სპექტაკლების დადგმის ინიციატორი თ. კვალიშვილი იყო. მრავალფეროვანია თეატრის რეპერტუარი. მისი დაარსებიდან დაიდგა გ. ერისთავის "გაყრა", ა. ცაგარლის "ხანუმა", ა. ყაზბეგის "არსენა", ვ. გუნიას "და-ძმა", ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", დ. ჭონქაძის "სურამის ციხე", ა. წერეთლის "პატარა კახი", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი", კ. კალაძის "როგორ?", "ხატიჯე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", ა. ყაზბეგის "მოძღვარი", ს. შანშიაშვილის პიესა "ხევისბერი გოჩა" (ა. ყაზბეგის მიხედვით), ს. მთვარაძის "სახსოვარი", გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა" და სხვ. 1956 თვითმოქმედ დრამ. თეატრს მიენიჭა სახ. თეატრის წოდება; რეჟისორად მიიწვიეს შ. ჩერქეზიშვილი, მხატვარი იყო ტ. ოთარაშვილი. თეატრმა დადგა ა. ყაზბეგის "ციცია", "ელგუჯა", ლ. მილორავას "სად იყო ჭკუა?", ა. ჩხაიძის "შთამომავლობა", გ. ხუხაშვილის "მოსამართლე" და სხვ. 1988 დ. ს. თ. მუშაობს რაიონული კულტ. სახლის ბაზაზე (თეატრის რეჟისორი – ზ. კახიანი). თეატრის მიმდინარე რეპერტუარში იყო ნ. არეშიძის "მე, ცოლი და სიდედრი", ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ", ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე". 2008-იდან დ. ს. თ-ის რეჟისორია ლ. ლიქოკელი, მხატვარი – ა. ჭინჭარაული. 2011 წ. 1 იანვ. თეატრის რეპერტუარში იყო გ. მარგველაშვილის "მოწმენი სარკეში" (2009), რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (2010), "ტყის ამბები" (ვაჟა-ფშაველას მიხ., 2011), გ. ჩოხელის "შემინახე დედაო მიწავ!" (გ. ჩოხელის ნაწარმოების პირველი სასცენო დადგმა, 2011). თ. მოზდოკელი. კ. სეფიაშვილი.