ებრაელები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ებრაული წარწერა. მცხეთა. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.
ებრაული წარწერა. სამთავროს სამაროვანი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.
ბ. გაპონოვის მიერ ივრითზე თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" გარეკანი.

(თვითდასახელება – „ივრიმ"), ენობრივად სემიტური ჩამომავლობის ხალხი. უძველესი დროიდან ცხოვრობენ თანამედროვე ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე. დაახლ. 13,5 (2010) მლნ. ებრაელი გაფანტულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე. ისრაელში ცხოვრობს 7 მლნ-მდე ე. გადმოცემით, თანამედროვე ე-ის საერთო წინაპრად ითვლება იაკობი. ეგვიპტიდან გამოსვლისა და სინას უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ ე. გადავიდნენ მდ. იორდანეზე და დასახლდნენ ქანაანში. მოსემ ე-ის სარწმუნოება სისტემაში მოიყვანა და საზ-ბას ცხოვრების მკაცრი წესები დაუკანონა. ე. ერთი ღმერთის აღმსარებელ „რჩეულ" ერად ჩამოყალიბდნენ. ებრაული წარწერა. მცხეთა. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი. თეოკრატიული მმართველობის ხანის (მსაჯულთა ხანა) შემდეგ ე. ქმნიან სამეფოს, რ-ის დედაქალაქია იერუსალიმი. მეფე დავითმა აქ დაასვენა ე-ის უმთავრესი სიწმინდე – უფლის კიდობანი. მისი მემკვიდრის, სოლომონის დროს ე-ის სამეფო ორ ნაწილად გაიყო: ჩრდ-ში მცხოვრებმა ათმა ტომმა შექმნა სახელმწიფო ისრაელი, რ-ის გარეთ დარჩნენ იეჰუდასა და შიმონის ტომები. ე-ის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ისინი გაიფანტნენ თავდაპირველად მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოში. პირველი დიდი გადასახლება მოჰყვა ასურეთის მეფის სარგონ II- ის ლაშქრობას (ძვ. წ. 722); მან დაიპყრო ჩრდ-ის სამეფო და ე-ის 10 ტომი ასურეთში გადაასახლა. ძვ. წ. 586 ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, დაანგრია იერუსალიმი, ხოლო ხალხი და მეფე ტყვედ წაიყვანა. ბაბილონის დაცემის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ. ე-ის მესამე დიდი გაფანტვა მოხდა ვესპასიანეს მიერ (ახ. წ. 70 წ.) იერუსალიმის აღების შემდეგ. ე. რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გაიბნენ, თუმცა ეთნ. თვითმყოფადობა და სარწმუნოება არ დაუკარგავთ.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი რეპატრიაციამდე ცხოვრობდა დაახლოებით 50–60 ათასი ებრაელი. დიდი ალიის შემდეგ (1972-იდან) ე-ის რაოდ. საქართველოში შემცირდა (2002 წ. აღწერით – 3772 კაცი). მათი შემოსვლის დრო ზუსტად არ არის დადგენილი. სავარაუდოა, რომ ისინი პირველად ძვ. წ. VIII ს. მიწურულს მოვიდნენ (ვახუშტი ბატონიშვილი), მეორედ – ძვ. წ. VI ს. 80-იანი წწ. დასასრულს (ლეონტი მროველი). ე-ის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა შემოსულიყო ახ. წ. 70-იან წლებში, იუდეველთა ომის შემდგომ. მათი შემოსვლა შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა (VIII ს-ში ბიზანტიიდან შემოვიდნენ). ვარაუდობენ, რომ X ს-ში, ხაზართა სამეფოს დაცემის შემდეგ, სლავი ტომებისაგან დევნილი ხაზარი ე. კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მოვიდნენ. XIX ს. დასაწყისში არამეელი ე. (ლახლუხები) შემოვიდნენ თურქეთიდან, შემდგომ კი (ამავე საუკუნეში) – ირანიდან, ერაყიდან, ქურთისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან; ევროპელი ე. (აშკენაზები) საქართველოში პირველად 1804-იდან გამოჩნდნენ. ქართველ ებრაელთა გვარები ქართველთა გვარების მსგავსად არის წარმოებული. ანტ. და ადრეფეოდალურ საქართველოში ე. უმთავრესად ქართლში ცხოვრობდნენ. ებრაულ და არამეულ ენებზე შედგენილი მათი ეპიგრაფიკული ძეგლები (III– Vსს.) აღმოჩენილია ურბნისსა და მცხეთაში. ებრაული ეპიტაფიები, არქეოლ. მასალა და წერილობითი წყაროები ელინისტური ხანის მცხეთაში ე-ის დიდი კოლონიის არსებობაზე მიუთითებს. გვიანფეოდ. ხანაში კი ისინი აღარ ჩანან ანტ. და ადრეფეოდალური ხანის განსახლების ადგილებში. შემორჩენილია მხოლოდ ტოპონიმები („უბანი ურიათა", „ურიათუბანი", „ნაურიები", „ურია"). ქართ. საისტ. ტრადიცია ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდის – ქრისტეს კვართის – მცხეთაში მოტანას ქართლის ე-ს მიაწერს. მათ დიდი აქტიურობა გამოუჩენიათ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების დროს, გარკვეული წვლილი შეუტანიათ ქრისტ. ლიტრის გავრცელებაში. გადმოცემის თანახმად, ისინი დაესწრნენ ქრისტეს გასამართლებას, მაგრამ ჯვარცმაში მონაწილეობა არ მიუღიათ, დაეხმარნენ წმ. ნინოს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადებაში. დროთა განმავლობაში ე. აღმ. და დას. საქართველოს სხვადასხვა რაიონში, უმთავრესად სავაჭროსახელოსნო ადგილებში დასახლდნენ (სამაჩაბლო, ცხინვალი, რაჭა, ონი, სურამი, მძოვრეთი, ახალდაბა, ატენი, წილკანი, გრემი, ენისელი, ხოვლე, საჩხერე, ჩიხორი, ჭალატყე, ქუთაისი, სენაკი და სხვ. მრავლად იყნენ ე. სამცხესაათაბაგოშიც). ფეოდალიზმის ხანაში ე. სარგებლობდნენ ყველა იმ იურიდ. უფლებით, რითაც სარგებლობდა ქრისტ. მოსახლეობა. ქართ. სახელმწიფოებრივი სამართლის გვერდით მოქმედებდა ებრ. „სამართალი მოსესი"; ქართ. ფეოდ. სამართალი ისევე იცავდა ე-ის საკუთრებას, როგორც ქართვ. მემამულეებისას, მათ სრული უფლება ჰქონდათ შეეძინათ და გაესხვისებინათ უძრავი ქონება. ე-თა დიდი უმრავლესობა უძველესი დროიდან სოფლის მეურნეობას მისდევდა და ყმის გადასახადს სოფლის მეურნეობის პროდუქტითა და ბეგარით იხდიდა. XVIII ს. და XIX ს. I ნახ- ში სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარებისას ე. ვაჭრობაში ჩაებნენ. უნდა აღინიშნოს ის თვისებები, რითაც განსხვავდებოდნენ ქართვ. ებრაელები დანარჩენი მსოფლიოს ებრაელებისგან: 1. ფეოდალიზმის ეპოქაში ქართვ. ე. ძირითადად სოფლის მოსახლეობას წარმოადგენდნენ და გადასახადსაც სოფლის პროდუქტებით იხდიდნენ; 2. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საეკლესიო ყმა და ყოველთვის მიილტვოდნენ ამ სტატუსის მოპოვებისაკენ; 3. ქრისტ. ეკლესია მფარველობდა და იცავდა მათ უფლებებს; 4. ე. იყვნენ ყმამამულის მფლობელნი; 5. მათ ჰყავდათ არაებრაელი ყმები; 6. იყო როგორც იუდეველის გაქრისტიანების, ისე ქრისტიანის იუდაიზმზე გადასვლის შემთხვევები, რასაც არასოდეს ახლდა ძალადობა არც ერთი და არც მეორე მხრიდან; 7. საქართველოში არასოდეს ყოფილა ანტისემიტიზმის გამოვლინებები. ცარიზმმა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, დაეპირისპირებინა ე. და ქართვ. მოსახლეობა (სურამის პროცესი – 1850, ქუთაისის პროცესი – 1879), საქართველოში ანტისემიტიზმი ვერ დანერგა. XIX ს. 90-იან წლებში პირველი სიონისტური ჯგუფები გაჩნდა თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. 1905 რევ. დროს შეიქმნა ე-ის ეროვნ. კომიტეტი. მან 1919 ივნისში თავი გამოაცხადა საქართვ. სიონისტურ კომიტეტად, რ-მაც აგვისტოში მოიწვია პირველი სიონისტური კონფერენცია. 1920 აგვ. კი შედგა საქართვ. მეორე სიონისტური კონფერენცია. 1918 წ. 20 იანვარს დაარსდა ნაციონალური საქმეების ებრ. კომისარიატი. 1918 ქუთაისში გამოვიდა გაზ. „ხმა ებრაელისა" (18 ნომერი), თბილისში გაიხსნა 5-კლასიანი ებრ. დაწყებითი სკოლა. ებრ. დაწყებითი სკოლები გაიხსნა ქუთაისში, ონში, ცხინვალში და სხვ. დამოუკიდებელი საქართვ. პარლამენტში შედიოდა სამი ებრ. დეპუტატი (ი.ელიგულაშვილი , მ. დავარაშვილი და ი. გოლდმანი), რ-თაგან პირველმა ორმა 1918 წ. 26 მაისს ხელი მოაწერა საქართვ. დამოუკიდებლობის აქტს. ე. წარმოდგენილი იყვნენ სახელმწ. სისტემაშიც. საქართვ. გასაბჭოების პირველ წლებში ხელისუფლება არ კრძალავდა სიონისტებისა და სინაგოგების საქმიანობას, ხელს უწყობდა ე-ის კულტ. თვითგამორკვევას. გაიხსნა ე-ის შრომითი სკოლები, სადაც ისწავლებოდა ებრ. ენა, გამოვიდა გაზ. „მაკავეელი", მოქმედებდა ნახევრად ლეგალური ორგანიზაცია „ავოდა", ახალგაზრდული დრამ. დასი „კადიმა". 1924 აჯანყების შემდეგ ხელისუფლების დამოკიდებულება ე-ის თვითმყოფადობის შენარჩუნებისადმი მკვეთრად შეიცვალა, რის გამოც დ. ბააზოვმა და ნ. ელიაშვილმა ხელისუფლებას სთხოვეს, პალესტინაში გაეშვათ 200-მდე კაცი. ნება დართეს მხოლოდ 18-ს. ქართვ. ე-ის ისტ. და კულტ. შესწავლას დიდად შეეწყო ხელი 1933 დაარსებულმა საქართვ. ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (იხ. ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ). XX ს. 50-იან წწ. სსრ კავშირში შექმნილმა პოლიტ. ვითარებამ, რ-იც გარკვეულწილად ანტიებრაული მიმართულებისაც იყო, გამოიწვია თავდაპირველად მუზეუმის შრომების გამოცემის შეწყვეტა, შემდეგ კი – თვით მუზეუმის გაუქმება. ქართვ. ე-ის კულტ. ცხოვრების განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება ბ. გაპონოვის მიერ "ვეფხისტყაოსნის" ძვ. ებრ. ენაზე – ივრითზე თარგმნა (1969); 1977 ჯ. აჯიაშვილის მიერ თარგმნილი „შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის" გამოცემა და 1979 ქუთაისის დრამ. თეატრის სცენაზე გ. ბათიაშვილის პიესის „ვალის" დადგმა. 1985-იდან გააქტიურდა საქართვ. ე-ის კულტ.-საგანმან. საქმიანობა: თავისუფლად ისწავლება ებრ. ენა, დაფუძნდა საქართვ. ებრაელთა კულტურის ცენტრი (1987, პრეზიდენტი – გ. პაატაშვილი); საქართვ. „მაქაბის" საზ-ბა (1990, პრეზიდენტი – გ. პაატაშვილი); შეიქმნა ებრ. ქალთა ორგანიზაცია „მირიამი" (1990, პრეზიდენტი – რ. კრუპნიკი), ებრაელთა ასოციაცია „დერეხ იეჰუდი" (1991, თავ-რე – ვ. ფიჩხაძე), ებრაელ ქალთა ფონდი (1997, პრეზიდენტი – მ. სოლომონიშვილი). ფუნქციონირებს საქართველო – ისრაელის მეგობრობის საზოგადოება (თავ-რე – რ. მეტრეველი). 1992 აღადგინეს საქართვ. ებრაელთა ისტ.-ეთნ. მუზეუმი. ებრ. ენა (ივრითი) ისწავლება ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში (1944-იდან), ილიას სახელმწ. უნივერსიტეტში, „სოხნუთის" ულფანში (დირექტორი – ლ. ნამთალაშვილი), თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში. მოქმედებს ებრ. სკოლა „თიფერეთ ცვი" (დირექტორი – ავ. როზენბლატი) და ებრ. ენის, ისტ. და ტრადიციების შემსწავლელი საკვირაო სკოლა (დირექტორი – რ. კრუპნიკი). აღსანიშნავია, ებრ. სააგენტოსა („სოხნუთი") და ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის („ჯოინთი") მრავალმხრივი მოღვაწეობა. საქართვ. მთავარი რაბინი 1994 წლიდან არის ა. ლევინი. ფუნქციონირებს სინაგოგები და საქართვ. მორწმუნე ებრაელთა საზ-ბა (თავ-რე შ. ქოსაშვილი). თბილისში ქართ. და რუს. ენებზე გამოდის ებრ. გაზეთები: „შალომი" (რედ. – ლ. სამოვსკი), „მენორა" (რედ. – გ. ბათიაშვილი) და „26 საუკუნე" (რედ. – გ. ნამთალაშვილი). სისტემატურად იმართება ებრ. დღესასწაულების აღსანიშნავი შეხვედრები და ებრ. პოეზიისა და ქართვ.- ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საღამოები (1998 წლიდან კლუბი „26 საუკუნე", ხელმძღვ. – ზ. დავარაშვილი). 1998 დაარსდა "ებრაული მემკვიდრეობის საერთაშორისო ბააზოვ- ფონდი (თავმჯდომარე – ნ. ბააზოვი). 2002 შეიქმნა ქართვ. და ებრ. ქალთა მეგობრობის ასოციაცია (პრეზიდენტი – ე. ბაბალაშვილხუხაშვილი). 2003 წ. 1 აგვისტოს თბილისში დაარსდა ებრ. სათემო სახლი, რ-შიც „ჯოინთის" ეგიდით ფუნქციონირებს რამდენიმე ორგანიზაცია: საქართვ. ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი „ხესედ ელიაჰუ" (დირექტორი – რ. შათაშვილი), ებრ. კულტ.-საგანმან. ფონდი (დირექტორი – ელ. ბერკოვიჩი), ცოდნისა და ინფორმაციის ცენტრი (დირექტორი – ნ. იოსებაშვილი), ახალგაზრდული ებრ. ორგანიზაცია „ჰილელი თბილისი" (დირექტორი – მ. კრიხელი). ხაბად ლიუბავიჩის ორგანიზაციის ეგიდით ფუნქციონირებს ებრ. სკოლა (დირექტორი – მ. ოზლოვსკი) და საბავშვო ბაღი „ორ ავნერი". ებრ. ორგანიზაციები ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც: ქუთაისი, გორი, ბათუმი, რუსთავი და სხვა. წყარო: ბიბლია (ძველი აღთქმა); მოქცევაΩ ქართლისაΩ (შატბერდის კრებული), თბ., 1979. ლიტ .: ბ ა თ ო შ ვ ი ლ ი ა., ებრაელი ხალხის ისტორიიდან, თბ., 1991; კ ი კ ნ ა ძ ე ზ., მ ი რ ზ ა შ ვ ი ლ ი თ., კარსა ზედა ბაგინისასა, თბ., 1989; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველ ებრაელთა ისტორია (ანტიკური და ფეოდალური ხანა), თბ., 1995; მ ი ს ი ვ ე, ქრისტეს კვართის ისტორია, გორი, 2003; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., ებრაელები საქართველოში, მის წგ.: საისტორიო ნარკვევები, თბ., 2009; საქართველოს ებრაელთა ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, ტ. 1–3, თბ., 1940–45; ტ. 4–6, თბ., 2006–10. ზ. დავარაშვილი. ზ. კიკნაძე. ე. მამისთვალიშვილი. შ. წიწუაშვილი.