ებრალიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. ე ბ რ ა ლ ი ძ ე სცენაზე.

ამირან სევერიანის ძე (დ. 8. IV. 1941, თბილისი), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1972). 1963 დაამთავრა I სამუს. სასწავლებელი, 1969 – ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. კონსერვატორია (საყვირის განხრით). 1957-იდან მუშაობდა საქართველოს სახელმწ. ფილარმონიაში, მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივებთან ერთად. 1961–81 იყო ვოკალურსაკრავიერ ანსამბლ "დიელოს " სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი, 1979–82 – საესტრადო ორკესტრ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი. 1983–91 მუშაობდა კულტ.-საგანმან. სექტორში (ხელმძღვანელ თანამდებობებზე), 1993-იდან კვლავ განახლებული ანსამბლის "დიელოს" ხელმძღვანელია. ე. არის არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი, რამდენიმე საკავშირო კონკურსის ლაურეატი. გასტროლებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, გადაღებულია კინოფილმებში "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).





სარჩევი

ებრალიძე არჩილ ევგენის ძე

(12. X. 1916, ქუთაისი, – 15. XII. 1991, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988). 1940 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1940– 41 საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1952–60 მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ, 1958-იდან – ამავე ინ-ტის პრორექტორად. 1960-იდან თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის დოცენტი იყო, 1973–88 – კათედრის გამგე. მუშაობდა ეროვნულ ურთიერთობათა საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.



ებრალიძე არჩილ სილოვანის ძე

ა. ს. ებრალიძე.

(21. III. 1908, ფოთი, – 15. VIII. 1960, თბილისი), მოჭადრაკე. ვ. გოგლიძესთან ერთად ქართული საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1941). სწავლობდა თბილისის (1924–26) და მოსკოვის (1926–28) სამხატვრო აკადემიებში ქანდაკების ფაკ-ტზე. 1935 დაამთავრა თბილ. ინდუსტრიული ინ-ტის ჰიდროტექნიკური ფაკ-ტი. იყო საქართვ. (1938, 1939, 1941, 1946) და თბილ. (1934, 1935, 1937) ჩემპიონი. ამიერკავკ. პირველობაში (1935) მე-2 ადგილი დაიკავა, ამიერკავკ. ტურნირში (1948) – მე-3 ადგილი. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთხელ – ფინალში (1937). იყო ტ.პეტროსიანის პირველი მწვრთნელი. ქართ. ენაზე თარგმნა ე.ლასკერის, ხ.კაპაბლანკას, მ.ეივეს და ი.ავერბახის შრომები.







ებრალიძე მირიან სილოვანის ძე

მ. ებრალიძე.

[14 (27). IX. 1905, ლანჩხუთი, – 22. XII. 1987, თბილისი], ი ნ ჟ ი ნ ე რ - ჰ ი დ რ ო ტ ე ქ ნ ი კ ო ს ი . საქართვ. დამს. ინჟინერი (1960), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1951). დაამთავრა საქართვ. საინჟინრო- სამშენებლო ინ-ტი (1932). 1933–73 მუშაობდა ხრამჰესის, სამგორჰესის, გუმათჰესის, ბჟუჟჰესის, ენგურჰესის მშენებლობებზე, „საქჰიდროენერგომშენისა" და „თბილმშენის" ტრესტებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1973-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამეცნ.-კვლ. სამუშაოების განყბის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.








ებრალიძე რევაზ სიმონის ძე

მ. ებრალიძე.

(3. VIII. 1921, თბილისი, – 11. VIII. 1980, იქვე), დრამატურგი, კინოსცენარისტი. საქართვ. და აფხაზეთის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977). სწავლობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (1940–42). 1945 დაამთავრა თსუის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა უცხოეთთან კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის კულტ. განყბის მთ. რედაქტორად (1946–48), ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად (1950–57), კინოსტუდია „ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში (1971-იდან გარდაცვალებამდე). 1959-იდან იყო სსრკ-ისა და საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობების წევრი. ე-მ ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო როგორც თეატრ. დრამატურგმა. მისი პირველი კომედია „მეგობრები" დაიდგა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრში (1950, თანაავტორი და რეჟ. – ლ. ჭუბაბრია). მისი პიესები დაიდგა თბილ. კ მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში („ნანა", 1955, რეჟ. – თ. წეროძე), თელავის სახელმწ. თეატრში („ჩამოდით ჩვენთან", 1947, რეჟ. – ა. მაღლაკელიძე), თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკად. თეატრში (ლიტ.-დრამ. კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი", 1966, რეჟ. – ა. ჩხარტიშვილი), თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში („მე გაზაფხულზე მომკლეს", რეჟ. – ვ. ანდრონიკაშვილი) და სხვ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად პიესას „თანამედროვე ტრაგედია", რ-იც 1960 დადგა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრმა (რეჟ. – ა. ჩხარტიშვილი). 1961 ეს პიესა დაიდგა მოსკოვის სტანისლავსკის სახ. სახელმწიფო თეატრში (რეჟ. – მ. იანშინი), ხოლო 1974 სათაურით „გზა მზისკენ" – გერმანიაში, ქ. ზაარბრიუკენში (რეჟ. – ჰ. ვედეკინდი). ე. აქტიურად მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნ. და მულტიპლიკაციური ფილმები. მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია: „ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1959, რეჟ. მ. ჭიაურელი), „უდიპლომო სასიძო" (1961, რეჟ. ლ. ხოტივარი), „ქალაქი ადრე იღვიძებს" (1968, რეჟ. ს. დოლიძე); დოკუმენტური ფილმებიდან: „კოტე მარჯანიშვილი" (1962, რეჟ. ს. ჭელიძე), „ზაქარია ფალიაშვილი" (1971, რეჟ. ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმებიდან: „მტრობა" (1956, რეჟ. ა. ხინთიბიძე), „წუნა და წრუწუნა" (1958, რეჟ. ა. ხინთიბიძე). ე-ის პიესები თარგმნილია რუს. ენაზე.

თხზ.: მოგზაურობა ზღაპარში, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, #6; Куда плывут облака, М., 1961; Современная трагедия, М, 1961.



ებრალიძე სოსო სევერიანის ძე

ს. ე ბ რ ა ლ ი ძ ე სცენაზე.

(დ. 7. XI. 1936, თბილისი), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1972). 1960 დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი, 1966 – ხარკოვის ხელოვნ. ინ-ტის დაუსწრებელი განყ-ბა საგუნდო დირიჟორის სპეციალობით. 1955- იდან მუშაობს საქართველოს სახელმწ. ფილარმონიაში. სხვადასხვა მუს. კოლექტივებთან ერთად (ვოკალური ტრიო, სახელმწ. საესტრადო ორკესტრი "რერო") მონაწილეობდა საგასტროლო კონცერტებში სსრკ-ის რესპუბლიკებსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ერთხანს მღეროდა (1960–61) მოსკოვში ო. ლუნდსტრემის ჯაზორკესტრშიც. 1961 ძმასთან, ა.ებრალიძესთან ერთად დააარსავაჟთა ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი "დიელო ", 1967 (ისევ ა. ებრალიძესთან ერთად) – ანსამბლი "ციცინათელა". ორივე ანსამბლი გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, ეროვნული რეპერტუარით, რის გამოც დიდი პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ე. 50-მდე სიმღერის ავტორი და შემსრულებელია ("რა დაგიშავე ქალო", "ოციოდე წლის წინ", "რა ყოფილა გურია" – ვ. გოგოლაშვილის ლექსებზე და სხვ.). ე. არაერთი საკავშირო კონკურსის გამარჯვებულია. მის სიმღერებს ასრულებდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივი ("რერო", "ფლეში" და სხვ.). გადაღებულია კინოფილმებში "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).