ეგვტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე კ ვ დ ე რ ი (ბერძნ. euktērion – სამლოცველო), 1. მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო. 2. ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მის მახლობლად ცალკე აგებული მცირე ეკლესია – სამწირველო. შუა საუკ. საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ე-ები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო- ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმ-ის ქრისტ. ქვეყნებში საეკლ. კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ე-ში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო იმ ეკონ. კონკურენციის თავიდან აცილება, რ-საც ამ შემთხვევაში ე-ები უწევდნენ საერთოკათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლ. კრების (680– 681) გადაწყვეტილებით ე-ში წირვის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ მას ადგილ. ეპისკოპოსი ეკლესიად აკურთხებდა. საქართველოში ეს აკრძალვა IX–X სს-შიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო, რომ სენაკებთან აეგოთ ე-ები მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად). XI ს-იდან საქართველოში ფართოდ ვრცელდება ე-ები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, რასაც უკავშირდება ქართ. ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვტერო-საწინამძღვრო ფეოდ. მიწისმფლობელობის თავისებური ფორმის წარმოშობა. XV ს-იდან დიდ საეკლ. სამონასტრო ცენტრებში (მცხეთა, ალავერდი, შიომღვიმე, გელათი, ბიჭვინთა და სხვ.) შეიქმნა რამდენიმე საეკვტერო ფეოდ. ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ე-ს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი წინამძღვარი და სხვა მსახური. ე-ში პატრონის, დიდი ფეოდალის – შემწირველის სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვ.). მას დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება (გლეხებისა და მამულების სახით), რ-საც მხოლოდ მისი საჭიროების მიხედვით იხმარდა. XV ს-იდან ე-ს „საწინამძღვროსაც" უწოდებენ.

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., სამწირველო XIII საუკუნეში, «მიმომხილველი», 1949, [ტ.] 1; მ ი ს ი ვ ე, ფეოდალური მიწისმფლობელობის ისტორიიდან. „საწინამძღვრო", «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31. ბ. ლომინაძე.