ეგზეგეტიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. exēgētika), 1. მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ. 2. ქრისტიანული მწერლობის დარგი, ბიბლიურ ტექსტთა ახსნა, თარგმანება; ალექსანდრიულმა სკოლამ დანერგა თარგმანების ალეგორიული მეთოდი, ანტიოქიური სკოლა კი ბიბლიის ტექსტთა სიტყვასიტყვით განმარტებას ისახავდა მიზნად. ზოგ ეგზეგეტიკოსთა შრომებში ამ ორი მეთოდის შერწყმა ხდებოდა. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ერის ქრისტ. მწერლობაში ე. შესაბამის სპეციფ. ნიშნებს იძენდა. ბერძნ.- ბიზანტ. ე-მ განვითარების სამი პერიოდი განვლო: დასაწყისი (I–III სს.), კლასიკური (IV–V სს.) და დაქვეითების ხანა (VI–XV სს.). ე. ქართ. სას. მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. მისი განვითარება განაპირობებდა ქრისტ. რელიგიის არსისა და ქრისტ. ზნეობის საფუძვლიან ათვისებას. ქართ. ე-ის უძველეს ნიმუშად მიჩნეულია „ ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში" ჩართული სამოელ არქიდიაკვნის თარგმანება საღვთო წერილისა. ეგზეგეტიკური მწერლობის ძეგლთა ადრეული თარგმანები დაცულია შატბერდის კრებულში (ხელნაწერი S – 1141). ძვ. ქართ. მწერლობის I პერიოდში ბერძნ. და სომხ. ენებიდან ითარგმნებოდა იპოლიტე რომაელის, ეპიფანე კვიპრელის, ათანასე ალექსანდრიელის, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და სხვათა ეგზეგეტიკური თხზულებები. ეგზეგეტიკური მწერლობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ექვთიმე (ეფთUმე) და გიორგი მთაწმიდელებს. მათ თარგმნეს ანდრია კრეტელის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა ეგზეგეტიკური თხზულებები. ეფრემ მცირემ იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით შეადგინა პავლეს ეპისტოლეთა განმარტება, მანვე შექმნა დავითნის კატენების ორიგინ. რედაქცია, რისთვისაც გამოიყენა ცნობილ ეგზეგეტიკოსთა მიერ შესრულებული „ფსალმუნთა" განმარტებანი. XII ს-იდან საქართველოში ე-ის შემდგომი განვითარება შეფერხდა. XVIII ს-ში ანტონ I-მა დაწერა 50-ე ფსალმუნის თარგმანება. XIX ს. I მეოთხედში იონა ხელაშვილს უთარგმნია (საფიქრებელია, რუსულიდან) ძველი აღთქმის განმარტება, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია. ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960. მ.გიგინეიშვილი.