ეგზისტენციალიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე ქ ს ი ს ტ ე ნ ც ი ა ლ ი ზ მ ი (<ლათ. existentia – არსებობა), არსებობის ფილოსოფია, ირაციონალისტური მიმდინარეობა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოძღვრება თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში. წარმოიშვა XX ს. 20-იან წლებში გერმანიაში და ფართოდ გავრცელდა ევროპის, ამერიკისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. ე. ფართოდ აისახა აგრეთვე ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ე-ის წარმომადგენლები არიან მ. ჰაიდეგერი, კ. იასპერსი, მ. ბუბერი (გერმანია), ჟ. პ. სარტრი და გ. მარსელი (საფრანგეთი); რუსი მოაზროვნეები – ნ. ბერდიაევი და ლ. შესტოვი; იტალიელი ნ. აბანიანო; ფრანგი მწერლები და ესეისტები – ა. კამიუ და ს. დე ბოვუარი. XX ს. ქართვ. ფილოსოფოსები (შ.ნუცუბიძე , დ.უზნაძე , ს.დანელია, კ.ბაქრაძე , კ.კაპანელი და სხვ.) დიდ ყურადღებას უთმობდნენ ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის სხვადასხვა ასპექტს. შ. ნუცუბიძე მიუთითებდა თავისსავე ჩამოყალიბებულ "ალეთოლოგიური რეალიზმის" ორგ. მსგავსებაზე მ. ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიასთან და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტების ეგზისტენციალურ გაგებასა და ალეთოლოგიას შორის არსებობს ორგ. კავშირი. ს. დანელია და დ. უზნაძე ყურადღებას ამახვილებდნენ სიკვდილის, შიშის, ადამიანის ცხოვრების საზრისის ზოგიერთ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. კ. ბაქრაძეს ეკუთვნის ამ მიმდინარეობის პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა საქართველოში ("ექსისტენციალიზმი", 1962), სადაც იგი ე-ის ძირითადი პრინციპების ანალიზთან ერთად იძლევა მისი, როგორც "ალოგიკური" და "ანტისციენტისტური" მოძღვრების კრიტიკას. ეგზისტენციალისტური ფილოსოფია შემდგომი შესწავლისა და კრიტიკის საგნად აქცია მრავალმა ქართვ. მკვლევარმა (ა.ბოჭორიშვილი, თ.ბუაჩიძე, ვ.გოგობერიშვილი, ზ.კაკაბაძე, ე.კოდუა, ა.ბეგიაშვილი, გ.თევზაძე, მ.ჭელიძე, გ.ცინცაძე, ა. ბრეგაძე, რ.ბალანჩივაძე, გ. მარგველაშვილი, ა. ბაქრაძე, ა. პოპიაშვილი, რ.ჩანტლაძე, ხ. გოგოჭური, რ. შ. გორდეზიანი, ნ. კვარაცხელია, ვ. ნიბლაძე, ზ. ხასაია და სხვ.). ა. ბოჭორიშვილი იკვლევდა ე-ის ანთროპოლოგიურ და ონტოლოგიურ ასპექტებს. ეგზისტენციალური ანთროპოლოგიის კვლევის საქმეში განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ზ. კაკაბაძეს, რ-იც აანალიზებდა მის კავშირს სხვა თანამედროვე დასავლურ ფილოს. მიმდინარეობებთან, მას განიხილავდა აგრეთვე ესთეტიკისა და ხელოვნ. ისტ. ფონზე. მნიშვნელოვანია ის ანთროპოლოგიური და აქსიოლოგიური ძიებანი, რებიც ე-ის კრიტიკის ფონზე ადამიანის ყოფის სპეციფ. შესასწავლად ტარდებოდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში. ქართ. ფილოს. ლიტერატურაში ე-ის დადებით მხარეებთან ერთად მითითებულია მისი ნაკლოვანი მხარეებიც – ნიჰილიზმი, ინდივიდუალიზმი, ანტისციენტიზმი, ირაციონალიზმი და სხვ.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე, ექსისტენციალიზმი, თბ., 1962; ბ უ ა ჩ ი ძ ე თ., ფილოსოფიური ანთროპოლოგია, თბ., 2003; გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი რ., ფილოსოფიურ- ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში (ძენ-ბუდიზმი), თბ., 2009; თ ე ვ ზ ა ძ ე გ., XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია, თბ., 2002; კ ო დ უ ა ე., ექსისტენციალიზმი ფილოსოფიის არსების შესახებ, თბ., 1984; XX ს. ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბ., 1970; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1993; ნ ი ბ ლ ა ძ ე ვ., ა. კამიუ ფილოსოფიის როლის შესახებ აბსურდის ადამიანის ცხოვრებაში, «მაცნე», 1998,#2; Б е г и а ш в и л и А., Неопозити- визм и экзистенциализм, Тб., 1975; К а - к а б а д з е З., Проблема «экзистенциаль- ного кризиса» и трансцендентальная фено- менология Эдмунда Гуссерля, Тб., 1966. რ. შ. გორდეზიანი.